რა იციან ახალგაზრდებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თაობაზე, იცვლება თუ არა დროთა განმავლობაში და თაობათა ცვლის გამო დამოკიდებულება კონფლიქტის მოგვარების გზებისადმი და არის თუ არა ახალგაზრდებში მზაობა გახდნენ სამშვიდობო დიალოგის აგენტები; რა როლს თამაშობს სოციალური ქსელი ახალგაზრდების დაახლოების საქმეში და სხვაგან სად ეძლევათ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს ურთიერთობის პლატფორმა? - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: თამთა სიხარულიძე - კულტურის კვლევების მაგისტრი, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე, და შაკო სარდალიშვილი - პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრი, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე. გადაცემაში ორ ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ: აფხაზეთის ომში მონაწილე რესპონდენტი თავის პოსტკონფლიქტურ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ჰყვება; სოხუმის დაბომბვისა და შემდეგ დევნილობის გზის თაობაზე გვიამბობს კიდევ ერთი რესპონდენტი.
„ომის შემდეგ, სიმართლე რომ გითხრათ, ფსიქიკური პრობლემები მქონდა. ერთ რამეს გეტყვით, ტყვეობაში ყოფნისას, როცა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, როცა სროლის მოლოდინში ვიყავი, ჩემს ვაჟიშვილზე ფიქრს ვცდილობდი. ერთი ბიჭი მყავდა მაშინ და ასე ვწყნარდებოდი. და როცა „კუკურუზნიკში“ გვსვამდნენ, რომ გუდაუთის გავლით გამოვეყვანეთ, მაშინ უკვე ჩემი ბიჭის მადლობელი ვიყავი, რომ ასე დამეხმარა და ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად მეორე შვილიც გამეჩინა. რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა. ფსიქოლოგიურად მიჭირდა, კოშმარები მქონდა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი, ე. წ. „ფლეშბეკები“ მქონდა - თუ იცით, ეს რაც არის, „ვიეტნამის დაავადება“. მეტიც, სერიოზული კონფლიქტის შემდეგ ცოლს გავშორდი, ყოველდღე ვჩხუბობდით, საშინელება იყო. ერთი პერიოდი სმის სურვილი მქონდა, რომ ასე დავწყნარებულიყავი, მაგრამ რამდენჯერაც დავლიე, იმდენჯერ ვიღაც ვცემე, ვიღაცას ფეხი მოვტეხე. მოკლედ, მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მერე სირბილი დავიწყე, ნელ-ნელა, ერთ ჯერზე 15 კილომეტრს დავრბოდი და ეს დამეხმარა. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სირბილის შემდეგ აზრზე მოვედი. მერე მუშაობა დავიწყე ჩემი პროფესიით - ფსიქიატრი ვარ. ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, გლდანში. შემდგომ ვიყავი მამაკაცთა განყოფილების გამგე ამავე საავადმყოფოში. როგორც ჩანს, განცდილი პროფესიულადაც დამეხმარა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროფესიაა. მთელი ჩემი ამ „ფლეშბეკების“ შემდეგ, ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, ცხადი გახდა, რომ ნორმასა და ავადმყოფობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს, ეს ყველაფერი გამონაგონია, აბსოლუტურად პირობითია საზღვრები. ასე განვითარდა ჩემი ბედი, ასე ვმუშაობ ჩემი პროფესიით. გამიჩნდა მეორე შვილი, უკვე დიდი გოგოა. ორი შვილი მყავს. ვაჟი უნივერსიტეტს ამთავრებს, ქალიშვილი მეორეკურსელია. ჩემი სპორტული ვარჯიშების შემდეგ ცოლს შევურიგდი.
ამ მერკულელი ბიჭების მიმართ, სიმპათიის გარდა, მადლიერებას ვგრძნობ, - ცოცხლები რომ ვართ, დიდწილად მათი დამსახურებაა და მადლიერების მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. საშუალება რომ მქონდეს და ყველაფერი ნორმალურად იყოს, ახლავე დავჯდებოდი მანქანაში, წავიდოდი მერკულაში და მათთან თითო ჭიქას დავლევდი. აბსოლუტურად არავითარი სიძულვილი არ მაქვს. თუმცა ამას თავიდანვე ვხვდებოდი: ეს რუსეთთან ომი იყო და არა აფხაზებთან. აფხაზები გამოიყენეს“.
„23 თუ 24 სექტემბერს ომი თავიდან დაიწყო . 24-ში სახლიდან ბებიასთან მივდიოდი, დღის 2 ან 3 საათი იქნებოდა, როცა სოხუმზე იერიში განხორციელდა და დაიწყო ომი. ეს კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ეს ხმა ფილმებში მოსმენილს არ ჰგავს. კინოში რომ მოგისმენიათ ბრახუნის ხმა, ეს სულ სხვა შეგრძნებებია. პატარა ვიყავი და ფილმივით, კინოსავით ვუყურებდი ამ ამბავს. იმ დღეებში, როცა სოხუმიდან გამოფრენას ვცდილობდით და აეროპორტში მივედით, დაბომბვა დაიწყო და რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეს ძალიან ცნობილი ამბებია. და სწორედ ის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავმსხდარიყავით და ადგილი აღარ გვეყო. ამ დროს დაბომბვა დაიწყო და ცხადად მახსოვს, თვითმფრინავები ფეთქდებოდა. მეორე დღეს, 25-ში, იერიში დაიწყო. ბებიასთან ვიყავი. მახსოვს, ბიძაჩემმა დარეკა და გვითხრა, რომ ჩვენი სახლის მხრიდან, ნაგორნიის ქუჩიდან, ჯარები შემოდიანო. ჩვენ შინ დარეკვა ვერ შევძელით, ტელეფონები დაბლოკილი იყო. მე წავედი. ბებიაჩემის სახლიდან ჩვენ სახლამდე მაქსიმუმ 3-4 კილომეტრი იყო. ამ დროს დაბომბვა დაიწყო, გზაში ვიყავი და ვხედავდი, როგორ ფეთქდებოდა სახლები, მაინც მივაღწიე სახლამდე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენებმა უკვე იცოდნენ, რომ ჯარი შემოვიდა და მანქანაში სხდებოდნენ და ჩვენ პირდაპირ მერხეულში წავედით. მერხეულიდან უკვე სვანეთში წავედით. ჩვენ პირველ ნაკადში ვიყავით, ვინც სვანეთის გზით გავიდა. ჩვენ რომ გამოვედით, არც წვიმა იყო, არც თოვლი. ჩვენ ნორმალურად გადმოვედით. ფეხით სიარული კი მოგვიხდა, მაგრამ არც გავყინულვართ და არც არაფერი. სამი დღე მოვდიოდით. ამის მერე დაიწყო ყინვები, ძალიან გაუარესდა ამინდი და ბევრი ხალხი დაიხოცა. მთებიდან მანქანები ცვიოდა და, სხვებთან შედარებით, ჩვენ ნორმალურად გადმოვედით. ერთი დღე ფეხით ვიარეთ. შემდეგ სამეგრელოდან მანქანა გამოგზავნეს, ამ მანქანით წამოვედით მერე. ღამით გავჩერდით, ტყეში გვეძინა და მეორე დღეს ზუგდიდში ჩავედით, მერე გალში და აბაშაში, სადაც ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ. იქ მივედით“.
გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში