Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კოალიციაში არსებული ცვლილებების ექო ლაგოდეხში არ ისმის


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

„კოალიცია ‘ქართული ოცნება’“ ოფიციალურად დაშლილად არ გამოცხადებულა, თუმცა მასში შემავალი პარტიების უმრავლესობამ თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

კოალიციიდან გასვლის შესახებ ღიად განაცხადა მხოლოდ პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“. რა ხდება თვითმმართველობებში, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ადგილზე კოალიციურად შექმნილი უმრავლესობები დაიშალოს?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, „ეროვნულ ფორუმს“ წარმოადგენს. რადგან „ფორუმი“ კოალიციიდან გავიდა, მას ვკითხეთ, რას აპირებს და როგორ იმუშავებს მომავალში საკრებულო მისივე ხელმძღვანელობით. ბარბაქაძე ამბობს, რომ სამომავლო გეგმებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ირწმუნება, რომ საკრებულოს მუშაობას ადგილზე პრობლემა არ შეექმნება:

„ჩვენ თვითმმართველობა ვართ, რომელიც არჩეულია 2017 წლის არჩევნებამდე. ყველაფერი იქნება ქვეყნის უკეთესობისა და კეთილდღეობისაკენ. ისევე როგორც პარლამენტში, საკრებულოებშიც ყველა გადაწყვეტილება მორგებული იქნება ქვეყნის ინტერესებს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია ექვსი ფრაქცია. მათ შორისაა ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“. მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება კოალიციისგან დამოუკიდებლად ჩაერთონ საარჩევნო მარათონში, ფრაქციის თავმჯდომარე ლაგოდეხში, ნოდარ დარეჯანაშვილი, გვეუბნება, რომ ისინი ადგილზე კვლავ უმრავლესობაში რჩებიან და საერთოდ ცენტრში მიმდინარე ცვლილებები საკრებულოების მუშაობაზე არ აისახება:

„ზევიდან რასაც გვეტყვიან, იმას გავაკეთებთ, ალბათ. ბევრი რამ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ერთობა და გუნდური მუშაობა ისევ ისე გრძელდება, როგორც აქამდე იყო. ახლახან საკრებულოს სხდომა გვქონდა და არანაირი პრობლემა და აგრესია არ არის. მგონია, რომ ასეც დარჩება“.

„კოალიცია ‘ქართულ ოცნებაში’“ მიმდინარე ცვლილებები საკრებულოების მუშაობაზე ნაკლებად აისახებაო, გვეუბნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „კოალიცია ‘ქართული ოცნება’ - კონსერვატორების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ტალახაძე:

„ჩემი მოლოდინია, რომ ადგილზე უმრავლესობა შენარჩუნებული იქნება. დაწყებული პროექტები რაც არის, ბოლომდე მივიყვანთ! თანამშრომლობა კი შესაძლებელია ყველა პარტიასთან, ვინც კი ლაგოდეხისთვის სასიკეთოს გააკეთებს“.

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებებზე მოსახლეობას საკუთარი აზრი აქვს:

„მე მგონია, რომ ამ ცვლილებებით „ოცნებას“ რეიტინგი მოემატება და უფრო მეტ ხმებს მიიღებენ არჩევნებში, ვიდრე ამ პარტიებთან ერთად მიიღებდნენ“.

„საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობა უნდა იყოს ერთიანი. სხვანაირად არ იქნება ნორმალური პროცესი“.

„ჩემი აზრით, დაშლილი კოალიცია ძალიან ცუდია“.

მიუხედავად იმისა, რომ „კოალიცია ‘ქართულ ოცნებაში’“ შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატებისთვის ბრძოლას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აპირებენ და ზოგი მათგანი კოალიციის დატოვებასაც აპირებს, ლაგოდეხში ირწმუნებიან, რომ ადგილზე კოალიცია, სავარაუდოდ, ერთიანი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG