ბოლო დროს გორში სტალინიზმისა და ტოტალიტარიზმის თემების განხილვა სულ უფრო აქტუალური ხდება. საბჭოთა ბელადის მშობლიურ ქალაქში ამ დისკუსიების გამართვას ბიძგი რამდენიმე მოვლენამ მისცა. 2010 წლის შემდეგ ცენტრალური მოედნიდან იოსებ სტალინის ძეგლის დემონტაჟმა ჯერ სტალინისტები გაააქტიურა, რომლებიც საპროტესტო აქციებით მონუმენტის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნებას მოითხოვდნენ, პარალელურად კი, მათი მოწინააღმდეგეებიც გააქტიურდნენ და კონკრეტული აქტივობების განხორციელება დაიწყეს. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ცენტრალური მოედნისთვის ევროპის მოედნის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. გორელების ნაწილი ამ უსახელო მოედანს ისევ სატალინის მოედნად მოიხსენიებს. გარდა ამისა, გორის დემოკრატიის სკოლაში ჯერ მსმენელებისა და კურსდამთავრებულებისთვის „დესტალინიზაციის“ სალექციო კურსი ჩატარდა, რომელსაც ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე უძღვებოდა. მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ ეს ლექცია გორში უფრო ფართო აუდიტორიას მოესმინა.
გორის უნივერსიტეტში სტალინიზმისა და ტოტალიტარიზმის დანაშაულების საჯარო ლექციას სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. აქვე იყვნენ კომუნისტური პარტიისა და სტალინის საზოგადოების წარმომადგენლებიც. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს ლექცია ხმაურის გარეშე არ ჩაივლიდა და ასეც მოხდა. ისტორიკოსმა პრეზენტაციებით უშიშროების უკვე გახსნილი არქივებიდან ის დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც ტოტალიტარიზმის დანაშაულებს ნათელს ჰფენს. მილიონობით გადასახლებული და დახვრეტილი, კოლექტივიზაცია და გაკულაკება, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია, „გოლოდომორი“ უკრაინაში - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ისტორიკოსმა ბონდო კუპატაძემ ყურადღება გაამახვილა, მაგრამ მას ლექცია კომუნისტებმა და სტალინისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს. ტყუილი, პროვოკაცია და ზღაპრები - ასე აფასებდნენ ისინი გამომსვლელის მიერ მოტანილ თითოეულ ფაქტს.
მიკროფონი კომუნისტური პარტიის ლიდერ ალეკო ლურსმანაშვილთან მივიდა. მისი აზრით, მომხსენებელმა ბევრი ტყუილი თქვა და ახალგაზრდებს სტალინის მოღვაწეობის საკუთარი შეფასება შესთავაზა. თურმე „გულაგებს“ ის დადებითი მხარე ჰქონია, რომ იქ გაგზავნილი მწერლები მაღალმხატვრულ ლიტერატურას ქმნიდნენ. ლურსმანაშვილის მსჯელობამ დარბაზში სიცილი გამოიწვია.
ლექცია მალე ხმაურიან დისკუსიაში გადაიზარდა და კომუნისტების ლიდერს რეჟისორმა ნონა ვიკანმა უპასუხა. მისი აზრით, მიხეილ ჯავახიშვილისა და სანდრო ახმეტელის მკვლელების გამართლება შეუძლებელია.
კომუნისტებმა საჯარო ლექცია ხმაურით დატოვეს. ერთმა ქალბატონმა გასვლის წინ აუდიტორიას მიაძახა: ჯავახიშვილი უფრო ადრე იყო დასახვრეტი, რადგან მწერალმა „ჯაყოს ხიზნებში“ სტალინი ჯაყოდ წარმოგვიდგინაო. ამ რეპლიკამ დარბაზში დაბნეულობა გამოიწვია. სტალინისტებმა კარი გაიჯახუნეს.
ლექციის ბოლოს ლევან ცუცქირიძემ, ხელმძღვანელმა კავკასიაში ორგანიზაციისა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“, განმარტება გააკეთა სტუდენტებისათვის. მისი აზრით, კომუნიზმი, ტოტალიტარიზმი და ფაშიზმი მსგავსი მოვლენებია, ჩვენს ქვეყანაში კი ტოტალიტარული აზროვნების სტილი ყველაზე უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს.
სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დისკუსიები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალგაზრდებმა იმ ეპოქის შესახებ არა მხოლოდ ოჯახებიდან, არამედ აუდიტორიებიდან მიიღონ მეტი და სწორი ინფორმაცია.
ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ სალექციო კურსის მიზანი საზოგადოების ინფორმირება და იმ სტერეოტიპების დამსხვრევაა, რომელიც ამ ტოტალიტარულ აზროვნებაში უხვად მოიპოვება. მისი თქმით, სტალინიზმი ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად იჩენს ხოლმე თავს.
ნიმდის ხელმძღვანელები მსგავსი ლექციების მოწყობას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ. გორში კი აქტიური ახალგაზრდები პეტიციისთვის უკვე ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი მალე საკრებულოს მიმართავენ და ცენტრალური მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭებას მოითხოვენ. მათი აზრით, დემოკრატიული, ევროპის გზაზე მიმავალი ქვეყანა და ტოტალიტარიზმის სიმბოლოები ერთად წარმოუდგენელია.