საზოგადოების ნაწილისა და მესამე სექტორის დაკვირვებით, საარჩევნო სიები, გასული წლების სიებთან შედარებით, გაცილებით მოწესრიგებულია, თუმცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებულ სიებში ისევ შეხვდებით გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ამას არ უარყოფენ ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუმცა მიზეზებს განმარტავენ.
ლაგოდეხი-ყვარლის გაერთიანებული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარიკა გიორგაძე ამბობს, რომ წელს ამომრჩევლისგან სიებში შესწორებების შეტანის თხოვნით ბევრი განცხადება მიიღეს, თუმცა ყველა ვერ დააკმაყოფილეს. გიორგაძის თქმით, იყო ისეთი შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ წასული ამომრჩევლებისგან განცხადებები მიიღეს საარჩევნო სიიდან მათი ამოღების თაობაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის საზღვარი არალეგალურად ჰქონდათ დატოვებული, სიაში შესწორების შეტანა ვერ შეძლეს. სიიდან ვერ ამოიღეს ვერც იმ გარდაცვლილი ამომრჩევლების სახელები და გვარები, რომელთა ახლობლებმაც გარდაცვალების ცნობები ვერ წარადგინეს.
წელს საარჩევნო სიებში ამომრჩევლისგან ცვლილებების მოთხოვნის შემცირებაზე ლაპარაკობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი. ის ამბობს, რომ თითო უბანზე ასეთი განცხადებების რაოდენობა ორი ან სამია.
ჩვენ გვაინტერესებდა, არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმ ადამიანებზე, რომლებიც კახეთის მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე არიან რეგისტრირებული და ახლა სხვაგან ცხოვრობენ, უფრო კონკრეტულად კი, ბრუნდებიან თუ არა ეს პირები არჩევნების დღეს რეგისტრაციის ადგილზე ხმის მისაცემად. აღმოჩნდა, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში გვითხრეს, რომ ფაქტობრივი საცხოვრებლიდან რეგისტრაციის ადგილზე არჩევნებში მონაწილეობისთვის ძირითადად სტუდენტები ბრუნდებიან და მათი რიცხვი არცთუ ისე მცირეა.