Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში, სადაც ხანძარმა 64 ადამიანი იმსხვერპლა, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევები აღმოაჩინეს


კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის სახურავი
კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის სახურავი

ციმბირის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრისას ადამიანთა ესოდენ დიდი რაოდენობის დაღუპვის მიზეზი ჩაკეტილი სახანძრო გასასვლელები, გამორთული განგაშის სისტემა და ბევრი სხვა დარღვევა გახდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 26 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, რომ არა ეს დარღვევები, წინა დღით გაჩენილი ხანძრის შედეგები ბევრად მსუბუქი იქნებოდა. გამოძიების თანახმად, სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2013 წელს გაიხსნა, დარღვევებით აშენდა და შემდეგ დარღვევებით განაგრძობდა საქმიანობას.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში, სადაც ხანძარმა 64 ადამიანი იმსხვერპლა, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევები აღმოაჩინეს

  • ხანძარი 25 მარტს მოსკოვიდან 3 ათას კილომეტრში მდებარე ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩნდა.
  • რუსული მედია ავრცელებდა თვითმხილველთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ არ ჩართულა სახანძრო განგაში და რომ ადამიანები ვერ ახერხებდნენ გარეთ გამოღწევას.
  • გამოძიებამ დააკავა ოთხი ადამიანი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მთავარი მენეჯერი
  • რუსეთში 2014 წელს ხანძრის შედეგად 10,068 ადამიანი დაიღუპა, აშშ-ში კი - 3,275.

გამოძიებამ დააკავა ოთხი ადამიანი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მთავარი მენეჯერი და მენეჯერი კომპანიისა, რომლის მიერ ნაქირავებ ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, გაჩნდა ცეცხლი. გამომძიებლების თქმით, ისინი განიხილავენ დაცვის თანამშრომლის დაპატიმრებას, რომელმაც, სავარაუდოდ, გამორთო განგაშის სისტემა.

ხანძარი 25 მარტს მოსკოვიდან 3 ათას კილომეტრში მდებარე ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები ათამდე დაღუპულის შესახებ, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა შენობაში შეღწევა მოახერხეს. საგამოძიებო კომისია ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ რამდენი ბავშვია დაღუპულებს შორის, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 41 დაკარგული ბავშვის შესახებ.

რუსული მედია ავრცელებდა თვითმხილველთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ არ ჩართულა სახანძრო განგაში და რომ ადამიანები ვერ ახერხებდნენ გარეთ გამოღწევას, რადგან სახანძრო გასასვლელები ჩარაზული იყო. ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრის მაყურებლებმა არ იცოდნენ, რომ შენობა იწვოდა, ვიდრე არ გაიგონეს ყვირილი„ხანძარია!“. ამის შემდეგ ისინი მიაწყდნენ ერთადერთ გასასვლელს, რომელიც იღებოდა. სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ ცდილობენ ხანძარში მოქცეული ადამიანები კარებების გამტვრევას და როგორ ხტებიან ფანჯრებიდან.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრი მანამდე ქარხანა იყო, სადაც ნამცხვრებს აცხობდნენ. რემონტისას შენობისთვის საჭირო რაოდენობის ფანჯრები და კარებები არ დაუმატებიათ.

მშენებლობის დროს დაშვებულ დარღვევებს კორუფციასა და უყურადღებობას მიაწერენ. რუსეთში, ზოგადად, ხანძრის დროს დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. მეხანძრეთა და მაშველთა საერთაშორისო ასოციაციის ცნობით, რუსეთში 2014 წელს ხანძრის შედეგად 10,068 ადამიანი დაიღუპა, აშშ-ში კი - 3,275. არადა, აშშ-ის მოსახლეობა რუსეთისას ორჯერ აღემატება.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG