Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზეწოლა ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეზე


ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სრული შემადგენლობით შეკრებილმა საკრებულომ თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი უპრობლემოდ აირჩია. ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც არდემანაშვილმა თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ჯუმბერ შუბითიძის კანდიდატურა დაასახელა და კენჭისყრის მოსამზადებლად შესვენება გამოაცხადა. სწორედ ამ დროს არდემანაშვილს ტელეფონზე დაურეკეს. გამომდინარე საუბრის შინაარსიდან, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტებიც აფიქსირებდნენ, სატელეფონო ზარის ავტორი არდემანაშვილისგან მოადგილის კანდიდატურის შეცვლას ითხოვდა. როგორც ჩანს, ახალი თავმჯდომარის მიმართ მუქარაც გაისმა, რადგან არდემანაშვილის პასუხი იყო, რომ ეს თანამდებობა არაფრად უღირს, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამ ყველაფერს შეეწირება თუ არა, ეს დროის საკითხია. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა არდემანაშვილის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს.

ამ საუბარს საკრებულოს წევრებიც ისმენდნენ და პროტესტი იქვე გამოთქვეს. გაისმა ხმამაღალი შეძახილები, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე ზეწოლა ხორციელდება.

პარალელურად დერეფანში საკრებულოს წევრი ნათია გოჩაშვილი დასახელებულ კანდიდატს, თანაპარტიელ ჯუმბერ შუბითიძეს, ისევ ვიღაცასთან ტელეფონზე ასაუბრებდა. მოგვინებით ცხადი გახდა, რომ შუბითიძე კანდიდატურის მოხსნაზე ვერ დაითანხმეს და, საბოლოოდ, არდემანაშვილმაც გადაწყვეტილება არ შეცვალა. ჯუმბერ შუბითიძემ საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისიც ახსნა, რატომ არ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარემ ზარის ავტორის ვინაობა არ დაასახელა. სხდომის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ მოადგილის თანამდებობაზე ასევე კოალიციის წევრის, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, ნათია გოჩაშვილის კანდიდატურა უნდა დასახელებულიყო. ამას წინასწარ თვითონაც ადასტურებდა, თუმცა შედეგი სხვანაირი დადგა და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ კოალიციის შიგნით შემავალ პარტიებს შორის დაპირისპირება გრძელდება. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამოიძახეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, რომელმაც მისი მხრიდან საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა კატეგორიულად გამორიცხა.

ამის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ სატელეფონო ზარი სწორედ გუბერნატორის აპარატიდან მოდიოდა. რეგიონში საარჩევნო შტაბების კოორდინატორი სწორედ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და მისი მოადგილეები იყვნენ. პროპორციული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებაც მათთან ხდებოდა. მაღალი თანამდებობის პირებისგან საკრებულოს საქმიანობაში ჩარევას და თავმჯდომარეზე ზეწოლას საკრებულოს უმრავლესობა სხდომაზევე აპროტესტებდა. ამ შემთხვევაში თავმჯდომარის პრინციპულ პოზიციას ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მხარს უჭერდნენ. არდემანაშვილი და მისი მოადგილე აშკარად ვიღაცის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ. როგორ განვითარდება ქარელის საკრებულოში მოვლენები, შეეწირება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ გადაწყვეტილებას და შეინარჩუნებს თუ არა ახალი საკრებულო დამოუკიდებლობას, ამას დრო გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG