Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მერობის კანდიდატების შერჩევა და დასახელება მიმდინარეობს


გორი
გორი

გორში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. პოლიტიკური პარტიები განიხილავენ და წარადგენენ მერობის კანდიდატებს, არჩევენ საკრებულოს წევრობის მსურველებს. ქალაქში პირველი ოფიციალური წარდგენა ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო. მერობის კანდიდატად პარტიამ რევაზ კახნიაშვილი წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტად მინდია გოდერძიშვილი. რევაზ კახნიაშვილი დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობის წევრია. იგი პარტიაში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის მიყვანილია და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. კახნიაშვილი ლიახვის ხეობიდან დევნილია, თუმცა მას გორში უკვე ბევრი იცნობს. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მინდია გოდერძიშვილი ამჟამად ნაციონალური მოძრაობიდან გორის საკრებულოს წევრია. იგი მუდმივად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა ბევრ სასიკეთო ცვლილებას განახორციელებს.

პარტიის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გორში პარტიის განახლება მიმდინარეობს და როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ისე ერთიან სიაში არაერთი ახალგაზრდა მოხვდება. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობა გენდერული ბალანსის დაცვასაც აპირებს. პარტიის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი სახეები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ.

მერობის კანდიდატებს განიხილავენ სხვა პარტიებშიც. პატრიოტთა ალიანსში თითქმის გადაწყვეტილია, რომ კენჭს თამარ კოდოშვილი იყრის, რომელიც წინა არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო, მაგრამ მოგვიანებით პატრიოტთა ალიანსს შეუერთდა.

მმართველ პარტიაშიც კონსულტაციები მიმდინარეობს. ქართული ოცნებიდან გორის მუნიციპალიტეტის მერობა ერთბაშად რამდენიმე კანდიდატს სურს. სახელდება ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის, კონსტანტინე თავზარაშვილის, ასევე პარტიის წევრების – თამარ მურალოვასა და დავით კეჩხუაშვილის კანდიდატურებიც. პარტიაში ჯერ არ ჩქარობენ პოზიციის დაფიქსირებას. გორის გამგებლის მოადგილე, ქართული ოცნების წევრი გელა კაპანაძე აცხადებს, რომ ამჟამად მუშაობა პარტიის შიგნით მიმდინარეობს და მალე საზოგადოება მმართველი პარტიის კანდიდატების შესახებ შეიტყობს.

რესპუბლიკურ პარტიაშიც გრძელდება კონსულტაციები გორის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. პარტიის აქტიური წევრი ლექსო ვალიაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ თითქმის გადაწყვეტილია მისი კანდიდატურის დასახელება. ვალიაური არ გამორიცხავს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ გორში სხვა ოპოზიციურ პარტიებს ერთ კანდიდატზე შეთანხმებისკენ მოუწოდოს და საერთო პრაიმერის ჩატარება შესთავაზოს.

XS
SM
MD
LG