Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების რიცხვი შემცირდა


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მერობის 10 კანდიდატიდან 2-მა კენჭისყრაზე უარი თქვა. კანდიდატურები მოხსნეს „ახალი ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის “ წარმომადგენლებმა - გიორგი გოგელაშვილმა და აკაკი ლოლომაძემ. როგორც თავად ამბობენ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. აკაკი ლოლომაძემ თავის ამომრჩეველს მოუწოდა მხარი „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს, გრიგოლ ბახტაძეს, დაუჭირონ:

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა გრიგოლ ბახტაძის სასარგებლოდ და მიმაჩნია, რომ ქუთაისს ღირსეული მერი ეყოლება“, – აცხადებს აკაკი ლოლომაძე.

მე განაცხადი გავაკეთე და ქალაქის მერობის კანდიდატურიდან მოვხსენი ჩემი კანდიდატურა, მაგრამ ხელისუფლებას და მის სატელიტ პარტიებს არ მივცემ იმის ფუფუნებას, რომ პოლიტიკური ველიდან გავიდე...
გიორგი გოგელაშვილი

ქუთაისის მერად კენჭისყრაზე უარი სხვა პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ თქვა „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა, გიორგი გოგელაშვილმაც, რომლის განცხადებით, მან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვეტილება ცენტრალურ ოფისთან შეუთანხმებლად მიიღეს და საარჩევნო ბლოკს „ერთობა – ახალ საქართველოს“ შეუერთდნენ. გიორგი გოგელაშვილი მხარდამჭერებს ქუთაისის მერად ზვიად ბაღდავაძის არჩევისკენ მოუწოდებს:

„მე განაცხადი გავაკეთე და ქალაქის მერობის კანდიდატურიდან მოვხსენი ჩემი კანდიდატურა, მაგრამ ხელისუფლებას და მის სატელიტ პარტიებს არ მივცემ იმის ფუფუნებას, რომ პოლიტიკური ველიდან გავიდე. მე მოწოდება მქონდა, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გავერთიანებულიყავით, რათა ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობა ნორმალურ დონეზე მიგვეყვანა, რადგან არ უნდა იყოს თვითმმართველობა მხოლოდ და მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციით, არამედ ქმედუნარიანი უნდა იყოს. ეს იყო ჩვენი დევიზი და მიმაჩნია, რომ ზვიად ბაღდავაძე ღირსეული კანდიდატია“.

მერად არჩევის განზრახვაზე უარის შემდეგ გიორგი გოგელაშვილი საარჩევნო ბლოკის „ერთობა – ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის, საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. ზვიად ბაღდავაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბების დღიდან მოუწოდებდა ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებულიყვნენ და კანდიდატები პრაიმერით შეერჩიათ:

„ჩვენ, მას შემდეგ, რაც პარტია დავაფუძნეთ, 2016 წლის 5 ივნისს, ყველა დასავლური ღირებულებების მომხრეს და ვისაც უნდა საქართველოს სიკეთე და განვითარება, მოვუწოდეთ, რომ გავერთიანდეთ, პრაიმერის წესი დავნერგოთ და ვისაც მაღალი რეიტინგი ექნება და ხალხს ვინც უფრო აინტერესებს, მის გვერდით დავდგეთ, გავერთიანდეთ იდეებისთვის“.

შეუძლიათ, ყურადღება მიაქციონ ძაღლებს, ქუჩებს, განათება თუ არის და ასეთი რაღაცები და შეეცადონ, რომ პრემიები და დანამატებისგან ცოტა თავი შეიზღუდონ...

ქუთაისის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ქალაქის მცხოვრებთ. რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება, ნაწილი კი, გონივრული არჩევანის შემთხვევაში, დადებით ცვლილებებს მოელის:

„იქნება, ალბათ, რაღაც სასიკეთო. ყოველთვის იმედით უნდა ვიყოთ და კარგის მოლოდინი გვქონდეს“;

„იგივე უმუშევრობა იქნება, იგივე გაჭირვება იქნება და არაფერი არ შეიცვლება“;

„არჩევნებისგან ყოველთვის დადებითს და პოზიტიურს ველოდებით საზოგადოება. ბუნებრივიცაა. იმედი გვაქვს, რომ უკეთესად წავა საქმე და ქალაქი განვითარდება ეკონომიკურად და ყველა მიმართულებით. დადგა დრო, რომ ხალხმა იგრძნოს სასიკეთო ცვლილებები“;

„გააჩნია ვის ავირჩევთ, თუ გვეყოფა ჭკუა და გონება, მაგრამ არა გვაქვს ჭკუა და გონება ჩვენ“;

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ფულის საშოვნელად მოდიან“;

„მერი ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა“;

„მოლოდინი ძირითადად შეიძლება გვქონდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან და რაიონებში განსაკუთრებულს მე არაფერს ველოდები. შეუძლიათ, ყურადღება მიაქციონ ძაღლებს, ქუჩებს, განათება თუ არის და ასეთი რაღაცები და შეეცადონ, რომ პრემიები და დანამატებისგან ცოტა თავი შეიზღუდონ“, – ამბობენ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ქუთაისელი რესპონდენტები.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღით ადრე ქუთაისში კენჭისყრაზე უარი თქვა მაჟორიტარი დეპუტატობის 5-მა კანდიდატმაც. მათგან 4 „ახალი ქრისტიან-დემოკრატების", ერთი კი „თავისუფალი საქართველოს“ წევრია. მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველებს კანდიდატურის მოხსნის უფლება 10 ოქტომბრამდე ჰქონდათ. შესაბამისად, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ქუთაისელები არჩევანს გააკეთებენ მერობის 10-ის ნაცვლად 8 და მაჟორიტარი დეპუტატობის 86-ის ნაცვლად 81 კანდიდატს შორის.

XS
SM
MD
LG