Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ვინ იცავს უსაფრთხოებას კახეთში ტბებზე, მდინარეებზე და ნაკრძალში


ილიას ტბა
ილიას ტბა

ზაფხულის ცხელ დღეებში გრილად გატარების შესაძლებლობა კახეთში ბევრია, მათ შორის: ტყე, მთა, ტბები, მდინარეები, კერძო დასასვენებელი კომპლექსები და ასე შემდეგ. რამდენად არის დაცული დამსვენებელთა უსაფრთხოება და ვინ უნდა გააფრთხილოს ადამიანები მოსალოდნელ შედეგებზე?

გახშირებული წვიმების გამო, კახეთში მდინარეებსა და ტბებზე დამსვენებლთა აქტივობა ჯერ დაბალია, თუმცა უკვე შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც თავისუფალ დროს მდინარეებსა და ტბებზე ატარებენ. სეზონი გაიხსნა ყვარელში მდებარე ილიას ტბაზე. კომპლექსი დამსვენებელს, ტბაში ბანაობის გარდა, წყლის ნავებს, ველოსიპედებსა და სხვა მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის დაცული ტბაზე მისულის უსაფრთხოება, თუკი ის ტბაში ჩასვლას გადაწყვეტს. კომპლექსის ხელმძღვანელი მალხაზ ხაბარაშვილი გვეუბნება, რომ დამსვენებელთა უსაფრთხოებას სპეციალური სამაშველო ჯგუფი იცავს, თუმცა იქვე აზუსტებს, მაშველებს ზოგჯერ არ ემორჩილებიანო. ხაბარაშვილი ილიას ტბაზე მომხდარ უბედურ შემთხვევებსაც ისხენებს:

„სამი წლის წინ აქ ბიჭი დაიხრჩო. წყალში უადგილო ადგილზე გადახტა და იქ, როგორც ჩანს, რაღაცას დაეცა, კისრის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. უფრო ადრე აფენელი ბიჭი დაიხრჩო. არ ვიცით მიზეზი, ვერ გავიგეთ... ტბაზე უსაფრთხოებას ჩვენი ადგილობრივი მაშველები იცავენ. არის, ასევე, გამაფრთხილებელი ტრაფარეტები, რაც მიანიშნებს, რომ საშიში, სახიფათო სანაპიროა. ტბას ცოტა დამრეცი სანაპირო აქვს. სამ-ოთხ მეტრში ღრმა წყალია“.

კახეთში ზაფხულის თვეებში პოპულარულია მდინარე ალაზანი, რომლის ნაპირსაც დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი სტუმრობს, თუმცა მდინარის იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობა მიდის, უსაფრთხოების არანაირი ნორმა არ არსებობს. თელავის თემის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი გვეუნება, რომ ალაზანზე უსაფრთხოების დაცვა წარმოუდგენელია. მისივე თქმით, ადგილზე მაშველები მხოლოდ მაშინ მიდიან, თუ გამოძახება დაფიქსირდა.

„არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის ალაზანზე. არც მაშველები არიან. სამაშველო ჩადის მაშინ, როცა გამოიძახებენ. ისე, რომ იქ იყოს მუდმივად, ასე არ არის. წარმოუდგენელია... ალაზანი ხომ ლაგოდეხშიც გაქვთ. ახლა როგორ შეიძლება მთლიან ალაზანზე ვიღაცა იყოს... ეგეთი რამე ყოფილა ოდესმე?!“

ზაფხულობით ყველაზე მეტი დამსვენებელი ჰყავს ლაგოდეხის ნაკრძალს, სადაც ტყეც არის, მთაც და მდინარეც. ზაფხულობით - მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა 35-40 გრადუსს აღწევს - მდინარეებზე წყალი ცოტა მოდის, ამიტომ უბედური შემთხვევბი ნაკლებად ხდება, თუმცა მთაში გადაადგილება უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სილამანიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ შეკითხვებზე მან წერილობით გვიპასუხა. ის ამბობს, რომ ნაკძალში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.

„ჩვენთან ტურისტული ბილიკები მონიშნულია. ყოველი ბილიკის დასაწყისში ქცევის წესებია განთავსებული. ადგილზე იმყოფებიან რეინჯერები და სასაზღვრო პოლიცია. ასევე მზადყოფნაშია 112. ამ ნომერზე დარეკვა მაშინაც კი შესაძლებელია, თუ ტელეფონს მიღება არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ ვიზიტორი წესებს დაიცავს, ის მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნება“, - გვწერს გიორგი სილამანიძე.

კახეთში ტურისტული სეზონი ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში საზაფხულო კომპლექსები ჯერ არ მუშაობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG