Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სახლები ძეგლის სტატუსით და ბიუროკრატიული პროცედურები


თელავი
თელავი

კახეთში 250-მდე საცხოვრებელი სახლია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს სახლები სიღნაღსა და თელავში მდებარეობს. რას ნიშნავს ცხოვრობდე ძეგლის სტატუსის მქონე სახლში, რა ბიუროკრატიულ პროცესებზე საუბრობენ მეპატრონეები და რას პასუხობს მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

არჩილ მჭედლიშვილი თელავში, თამარ მეფის ქუჩაზე, ძეგლის სტატუსის მქონე სახლში ცხოვრობს. ეს სახლი თითქმის 150-წლიან ისტორიას ითვლის. ამ სახლის მესაკუთრე გვეუბნება, რომ პრივილეგიაა, როდესაც ასეთი სტატუსის მქონე სახლში ცხოვრობ, თუმცა არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო შეუძლებელია. ძეგლის სტატუსის მქონე სახლში ნებისმიერი სახის ცვლილება, რაც შენობის იერსახეს შეცვლის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. არჩილ მჭედლიშვილის თქმით, პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება. მისი თქმით, არ არსებობს განსაზღვრული ვადა, რომელშიც სააგენტოდან გაგზავნილ წერილზე ან პროექტზე შეიძლება პასუხი მიიღო:

„ჩემთვის პრობლემის მომტანი უფროა ეს სტატუსი, ვიდრე დივიდენდების. მაგალითად, ფანჯრის გამოცვლაც კი შეუძლებელია. ვიზუალს საერთოდ ვერ ვეხებით - ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის. თუ ჩემს სახლზე ვისაუბრებთ, კომუნისტების დროიდანარის ქვიტკირით შემოფარგლული, რაც დღეს საერთოდ არ მჭირდება. ჩემი, როგორც მოქალაქის, პოზიციაა, რომმსგავსი პრობლემები ადგილზე უნდა წყდებოდეს და არა სადღაც“.

როგორც თელავის მერიაში გვითხრეს, ამ ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სულ 150-მდე სახლს აქვს მინიჭებული. მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ისიც მოხარული იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ მხრივ უფლებები გაეზრდება და თუნდაც ელემენტარული გადაწყვეტილებები ადგილზე იქნება მიღებული:

„რეალურად, ჩვენ მზად ვართ, რომ ადგილზე ასეთმცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, მაგრამ საქმი ისაა , რომ ერთი მერია და, თუნდაც, მუნიციპალიტეტი ამ საკითხს ვერ დაძრავს და ვერც პასუხისმგებლობას აიღებს. შესაძლებელია, რომ კანონმდებლობა იყოს უფრო ელასტიური და მობილური, რათა მინიმალურ დროში მაქსიმალური სამუშაოები შესრულდეს“.

ძეგლის სტატუსის მქონე სახლის მესაკუთრეებსა და სააგენტოს შორის რომ ურთიეროთობა დროში გაწელილი პროცესია, ამას ჩვენთან საუბარში სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თეა ონიანიც არ უარყოფს. მისი თქმით, ამჯერად მუშაობენ ელექტრონული პროექტის დანერგვაზე, რაც ბიუროკრატიულ საფეხურებს შეამცირებს, შემდეგ კი, არც იმას გამორიცხავს, გარკვეული უფლებები ადგილობრივ თვითმმართველობებსაც მიანიჭონ:

„მოცემულ მომენტში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიმდინარეობს ახალი კოდექსის შემუშავება და ვგეგმავთ, რომადგილობრივ მუნიციპალიტეტებს -ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება თუ ძეგლის რეაბილიტაცია - მიეცეთ გარკვეული უფლებამოსილებები.ეს მოქალაქეებსაც გაუადვილებს ცხოვრებას“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებით სახლის მეპატრონეებს სახელმწიფოსგან არავითარი სახის პრივილეგია არ ეძლევათ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სახლების მოვლა- პატრონობასა და, საჭიროების მიხედვით, მის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. მაგრამ, რაკი ასეთი სახლი ძალიან ბევრია, პირველ რიგში, იმ სახლების შეკეთებას ამჯობინებენ, რომლებსაც დანგრევის საფრთხე ემუქრება. სარეაბილიტაციოდ კონკრეტულ სახლს პრიორიტეტს თავად სააგენტოს სპეციალისტები ანიჭებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG