Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტები უკვე მზად არის


თელავი
თელავი

კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მომზადებულია. თვითმმართველობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრიორიტეტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრეს, თუმცა საპირისპიროს ამბობენ რიგითი ადამიანები. როგორ ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა კახეთის რეგიონში?

პროექტის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2015 წელს 10 მილიონამდე იქნება. აქედან დაახლოებით 3 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, მილიონ 200 ათასი - სოციალურ პროექტებს. დანარჩენი თანხა სხვადასხვა სფეროებზეა გადანაწილებული. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გონგაძე ამბობს, ხალხის აზრი გაითვალისწინეს. მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გურჯაანში წელს 400 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება:

„დავდივართ უბან-უბან და სად რომელ გზასაც სჭირდება რეაბილიტაცია, ვითვლით. შემდეგ მისი ასახვა ხდება პროექტებში. დაახლოებით ასე ხდება სოციალურ მიმართულებებშიც - სადაც საჭიროა დაფინანასების გაზრდა, თანხას იქ ვამატებთ. წელს საკმაოდ დიდი თანხები გავითვალისწინეთ ერთჯერად დახმარებებზე და სამედიცინიო მომსახურებაზე“.

ბიუჯეტის პროექტი უკვე მოამზადეს ლაგოდეხშიც. წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტი ციფრებში 7 მილიონ ლარზე მეტი იქნება. დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს გადაეცა. პროცედურები ასეთია: გამგეობის მიერ მომზადებულ პროექტს საკრებულო საჯაროდ განიხილავს, რომელსაც მოსახლეობა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები დაესწრებიან. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ბიუჯეტის პროექტში ხარვეზებს აღმოაჩენს, ის გამგეობას უკან დაუბრუნდება გასასწორებლად. ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია გვეუბნება, რომ 2015 წელს ისინი პრიორიტეტად ისახავენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„წელს ძალიან დიდ ყურადღებას მოვაქცევთ საბავშვო ბაღებს და კვების რაციონს. ადგილობრივი ბიუჯეტის გარდა, ჩვენ სხვა შემოსავლებიც გვექნება. მაგალითად, პროექტებს დავწერთ და დაფინანსებას მივიღებთ სხვადასხვა სამინისტროდან“.

რაში იხარჯება წლიდან წლამდე თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და გვარდება თუ არა სწორედ ის პრობლემები, რომლებიც ხალხს აწუხებს? მოსახლეობას აზრი გურჯაანსა და ლაგოდეხში ვკითხეთ.

ხალხის აზრი:

„მე არ ვიცი, ადგილობრივი ბიუჯეტი რაში იხარჯება“.

„მოვიდნენ, გვკითხეს, მაგრამ არაფერი არ გაითვალისწინეს -არც შეშას გვაძლევენ და არც გვეხმარებიან“.

„არსებობს კი ადგილობრივი ბიუჯეტი? მე არ ვიცი!“

„ადგილობრივი ბიუჯეტი არ ხმარდება მოსახლეობას“.

„ყველა კმაყოფილი ვერ იქნება“...

2015 წლის ბიუჯეტს გურჯაანსა და ლაგოდეხში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაამტკიცებენ. რამდენად სწორად დაიხარჯება ხალხის მიერ გადასახადების სახით გადახდილი ფულით შედგენილი ბიუჯეტი, ამის მოტინორინგს უკვე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მომავალ წელს განახორციელებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG