Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აფხაზეთიდან დევნილი: 50 წელიც რომ გავიდეს, ჩვენ იქ მაინც დავრუნდებით


21 წელი სოხუმის დაცემიდან და გზა ოჩამჩირიდან კახეთამდე. ლაგოდეხში აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ცხოვრობს, გურჯაანში - 36. ისინი ამბობენ, რომ მძიმე ეკონომიურ პირობებში არიან და ვერ მუშაობენ. საყვედურობენ ადგილობრივ თვითმმართველობასაც, რომ "დევნილები მხოლოდ არჩევნებისთვის ახსენდებათ".

ფატმან მიქავა საკუთარ ქვეყანაში დევნილი, 17 წლის ასაკში, 21 წლის წინ გახდა. ახლა 38 წლისაა. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ დიდხანს თბილისში ცხოვრობდა. 5 წელია, საკუთარ ოჯახთან ერთად, ლაგოდეხის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ გზა ოჩამჩირიდან თბილისამდე და თბილისიდან ლაგოდეხის დევნილთა დასახლებამდე რთული და გაუსაძლისი იყო. დღეს სახელმწიფოსგან გადაცემულ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და მისი საარსებო მინიმუმი 45 ლარია. სოციალური დახმარება 2 წლის წინ აბაზანაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გამო მოუხსნეს.

„მთავრობისგან არანაირი ყურადღება არ გვაქვს - მით უმეტეს, ახალა, როცა ამ ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა. ჩვენთან არავინ მოსულა და სანუგეშო სიტყვა არავის უთქვამს. როცა ომი იყო, მე 17 წლის ვიყავი. რაც მოხდა, საშინელება იყო, მამაც იბრძოდა სამი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ფატმან მიქავამ.

ლაგოდეხში, ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები, რომლებმაც საცხოვრებელი აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგეს, ამბობენ, რომ ომიდან 21 წლის თავზე ისინი არავის გახსენებია. მათი თქმით, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებთ - უმუშევრობა და საცხოვრებელი პირობები, რასაც ეკონომიური სიდუხჭირეც ემატება. გვითხრეს, რომ საკვების მოპოვებაც უჭირთ, რადგან ვერ მუშაობენ.

„ჩვენ სწორედ დღევანდელ დღეს დავტოვეთ ოჩამჩირე. მეტირება, რა გითხრათ?.. აფხაზეთიდან დევნილები საერთოდ აღარავის ახსოვს, არც კითხულობენ, როგორ ვართ. ამ წლების განმავლობაში დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. არც ახლა ვართ კარგ დღეში. არანაირი დახმარებები აღარ არის. ლაგოდეხში აფხაზეთიდან დევნილს არავინ არ ახსენებს“, - განაცხადა ლაგოდეხში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა.

დევნილთა საცხოვრებელი
დევნილთა საცხოვრებელი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ დევნილთა პრობლემებს იცნობს. მისი თქმით, დასაქმება არა მარტო მათი, არამედ ქვეყნის პრობლემაა. მისივე თქმით, დევნილებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა საჯარო მოსამსახურეთა კონკურსებში და დასაქმდნენ:

„დასაქმება გლობალური პრობლემაა. ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ. იგეგმება სხვადასხვა ქარხნების აშენება და მე დევნილებს ვეტყოდი, რომ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, რომელსაც ლაგოდეხის გამგეობა გამოაცხადებს. თუკი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ისინი ჩვენთან უპრობლემოდ დასაქმდებიან“.

აფხაზეთიდან დევნილი 36 ოჯახი ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დევნილთა დასახლებაში. ლეილა სანაია გვიყვება, თუ როგორ ცხოვრობდა სოხუმში და როგორ ცხოვრობს ბაკურციხეში:

„სოხუმში ძალიან დიდებულად ვცხოვრობდით. აქ ფიზიკურად ვშრომობთ და არაფერი გვაქვს. მე იქ ქარხანაში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე რესტორანში და შემოსავალი კარგად გვქონდა... 50 წელიც რომ გავიდეს, ჩვენ იქ მაინც დავრუნდებით და ცხოვრებას ხელახლა დავიწყებთ“.

კახეთში აფხაზეთიდან დევნილები თითქმის ყველა რაიონში ცხოვრობენ. მართალია, მათ უმეტესობას სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცა, მაგრამ ამბობენ, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები არა აქვთ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG