Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოშლილი ინფრასტრუქტურა კახეთის საბავშვო ბაღებში


კახეთში საბავშვო ბაღების უმრავლესობამ სასწავლო პროცესი განაახლა, თუმცა შენობების დიდი ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. იმის გამო, რომ სოფელ ბოდბისხევის ბაღის შენობა ნგრევის პირასაა, წელს ადმინისტრაციას სხვა ფართის დაქირავება მოუხდა. არის შემთხვევები, როცა სარემონტო სამუშაოების გამო სწავლის გადადებაც გახდა საჭირო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ნომერ მეცხრე საბავშვო ბაღის შენობა ისეა დაზიანებული, რომ, პედაგოგებისა და მშობლების გადაწყვეტილებით, წელს იქ სასწავლო პროცესი არ განახლებულა. შენობას საბავშვო ბაღი პირობითად ჰქვია, თორემ მას არც ფანჯრები აქვს, არც იატაკი და არც სახურავი, არც წყალი მოდის სამზარეულოში. ბაღის გამგე ელიზავეტა შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება არაერთხელ შეაწუხა, თუმცა უშედეგოდ:

„ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა. ამ დროს სამზარეულოში წყალი არ გვქონდა და ჭურჭელს თასებში რეცხავდნენ. ერთ-ერთ არჩევნებზე ჩვენი რაიონის დეპუტატს, აბულაშვილს, ვუთხარი, რომ წყალი ჩამოდის და რამე გვიშველე-მეთქი. მან ასე მიპასუხა: არჩევნების დღეს „პალატკას“ მოვიტან და თუ ჩამოვიდა, ის დავაფაროთო...“.

ბოდბისხევის ნომერ მეცხრე საბავშვო ბაღში არსებულ მდგომარეობას აღწერს მშობელი თამარ ბახტურიძეც:

„ბავშვების იქ ყოფნა არანაირად არ იყო გამართლებული და დასაშვები. ამ პირობებით ყველა მშობელი უკმაყოფილო იყო. მთლიანად ავარიული შენობა იყო. ბავშვებს იატაკში ფეხე უვარდებოდათ“.

სიღნაღში ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მარიკა ხუციშვილის განცხადებით, წელს ბოდბისხევის მეცხრე საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება ნაქირავებ შენობაში განაახლა. ამავდროულად, ცენტრალურ მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ სკოლამდელ დაწესებულებას საკუთარი ნაგებობა ჰქონდეს:

„დაგეგმილია პროექტი, რომ ბაღი უნდა აშენდეს, თუმცა ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს. შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში ვართ. პარალელურად, ჩვენ ფართი ვიქირავეთ და სასწავლო პროცესი იქ უნდა განახლდეს“.

8 სექტემბერს სასწავლო პროცესი ვერ განახლდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში. მიზეზი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებია. როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირმა სიყმაშვილმა განაცხადა, სოფლებში ბაისუბანში, გვიმრიანში, გიორგეთსა და ლელიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება:

„ბაისუბნის, გიორგეთისა და გვიმრიანის საბავშვო ბაღებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ვფიქრობთ, ეს პროცესი ერთ-ორ კვირაში დასრულდება და შემდეგ განახლდება სასწავლო პროცესი“.

15 სექტემბერს დაიწყებს ახალ სასწავლო წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საბავშვო ბაღი. ბაღის გამგის ეთერ მოდებაძის თქმით, "ბაღს რამდენიმე წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი და პრობლემა ახლღა გვარდება“:

„იმის გამო, რომ რეზერვუარი იყო დაზიანებული, წყლით ვერ ვსარგებლობდით. ბევრჯერ მოვითხოვე, რომ წყლის პრობლემა მოეგვარებინათ, თუმცა თანხების უქონლობის გამო საქმე არ კეთდებოდა. ახლა უკვე დაიწყეს ამ პრობლემაზე მუშაობა და 15 სექტემბრიდან სწავლას დავიწყებთ“.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბავშვო ბაღებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. ომბუდსმენი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართოს და კონკრეტულად მიუთითოს სად არის ავარიული და საფრთხის შემცველი შენობები.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG