Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაძვირებული საზამთრო, ნესვი და ატამი


ფერმერები ხილზე ფასების ზრდით კმაყოფილნი არიან. გლეხები ფასების გაზრდას გვალვას უკავშირებენ, ხილის ექსპორტიორები კი რუსული ბაზრის გახსნას. რეგიონში ამ დრომდე პრობლემად რჩება მიწების გასარწყავიანება.

წელს კახეთში გვალვამ ერთწლიანი კულტურები მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც პროდუქტის დეფიციტი და, შესაბამისად, ფასების გაზრდა გამოიწვია. რეგიონში მთელი სეზონის განმავლობაში საზამთრო არ გაიაფებულა. ამ ეტაპზე 1 კგ საზამთროს გასაყიდი ფასი 70-80 თეთრია, ბითუმად კი მისი შეძენა 50-60 თეთრადაა შესაძლებელი. ტატიანა ბარნაბიშვილს წელს საზამთროს ბაღი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ძლიერმა სიცხემ გააფუჭა, ის, რაც გვალვას გადაურჩა, კარგ ფასად გაყიდა:

„სხვა წლებში საზამთროს ფასი 15-20 თეთრი იყო, ახალი გაორმაგებული და ცოტა მეტია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გვალვამ მოსავალი გაანახევრა. ეს არის პრობლემა, თორემ ფასით ძალიან კმაყოფილები ვართ“.

შარშანდელთან შედარებით, არა უშავს, ფასი ნორმალურია. რამდენიმე წელია მსგავს ფასად ატამი არ გაგვიყიდია. წელს კმაყოფილები ვართ...
ბექარ ჭიკაძე

საზამთროს გარდა, გასულ წელთან შედარებით, წელს გაძვირებულია ატამიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბექარ ჭიკაძემ ექსპორტიორ კომპანიას 2 ტონამდე ვაშლატამა ჩააბარა - ერთი კილოგრამი 80 თეთრად. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია ატამს ასეთი მაღალი ფასი არ ჰქონია.

„შარშანდელთან შედარებით, არა უშავს, ფასი ნორმალურია. რამდენიმე წელია მსგავს ფასად ატამი არ გაგვიყიდია. წელს კმაყოფილები ვართ და, იმედია, ეს ფასები მომავალშიც შენარჩუნდება“, - განაცხადეს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა გლეხებმა.

საზამთროსა და ატამზე ფასის გაზრდას ექსპორტიორი კომპანიები რუსული ბაზრის გახსნას უკავშირებენ. კომპანია „ფრუ იტილიას“ წარმომადგენელი ბესიკ მღებრიშვილი ამბობს, რომ, რუსეთის გარდა, ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა:

„ექსპორტზე მოთხოვნა გაზრდილია რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გვიკავშირდებიან და რაც შეიძლება დიდ პარტიებს ითხოვენ. მათ კარგი ხარისხის ხილი უნდათ. მე ასე მგონია, რომ ჩვენი მოსახლეობა წელს კმაყოფილია“.

მომავალ წელს მოსავალს აუცილებლად დავაზღვევ, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს სადაზღვევო კომპანიების შესახებ. ნეტა ვინმემ მომაწოდოს მონაცემები ან რჩევა მომცეს როგორ მოვიქცე...
ტატიანა ბარნაბიშვილი

გლეხები ატამსა და საზამთროზე ფასის გაზრდით თუ კმაყოფილები არიან, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მომხმარებლები. ისინი ამ ფაქტს გვალვებს უკავშირებენ:

„წელს ხილს ოქროს ფასი დაედო... ძალიან ძვირია“.

„ატამი 80 თეთრი ღირს, სხვა ხილიც ძვირია. ეს ფასები გვალვებმა გამოიწვია“.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საზამთროსა და ატმის ფასი,სხვა წლებთან შედარებით, გაორმაგებულია, პრობლემად რჩება ტერიტორიების გასარწყავიანება. ფერმერი ტატიანა ბარნაბიშვილი ამბობს, რომ ის გამოსავალს მოსავლის დაზღვევაში ხედავს, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიების შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ აქვს.

„მომავალ წელს მოსავალს აუცილებლად დავაზღვევ, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს სადაზღვევო კომპანიების შესახებ. ნეტა ვინმემ მომაწოდოს მონაცემები ან რჩევა მომცეს როგორ მოვიქცე. წელს მორწყვა ფასიანია და, ამავდროულად, წყალი არ არის“.

საზამთროსა და ატმის გარდა, გაძვირებულია ნესვიც, რაც ასევე დეფიციტურია. ნესვის საბითუმო ფასი დაახლოებით 70-80 თეთრია, სხვა შემთხვევაში კი 1 ლარი ღირს. კახელი ფერმერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ფასები მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG