Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ნაგავსაყრელი და კვამლში გახვეული სოფელი გულგულა


თელავის ცენტრალური ნაგავსაყრელით შეწუხებული სოფელ გულგულას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ნაგავსაყრელს, რომელსაც ტერიტორიის 2 ჰექტარი უკავია, სპეციალისტების შეფასებით, გადავსებულია და არ შეესაბამება გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ნაგავსაყრელი, რომელიც მოცულობით ერთი სოფლის ფართობს აღემატება, ყოველდღიურად იწვის. ადგილობრივი ზაზა კიკნაძე ამბობს, რომ დილაობით სოფელი ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრისგან წარმოქმნილ კვამლშია გახვეული. ამ დროს სახლის ყველა კარი და ფანჯარა იკეტება.

„სითბური წვის შედეგად გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც სოფელს ეფინება. ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი. ამას თან ერთვის სისტემატური ხანძრები, კვამლი კი სოფელს ეფინება. გაუსაძლისი მდგომარეობაა!“

სოფელ გულგულას მკვიდრი თინა იაკაშვილი ამბობს, რომ ხშირად ნაგავსაყრელზე პირუტყვი შედის და ნარჩენებით იკვებება.მისივე თქმით, პირუტყვის ხორცის მიღება ლაბორატორიული ცნობის გარეშე საშიშია. იაკაშვილი სოფელში გავრცელებულ დაავადებებს ნაგავსაყრელს უკავშირებს:

მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ შეძლებს საკუთარი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების და ყველას საზრუნავი, ვინც კი ცხოვრობს საქართველოში...
ვანო გალახვარიძე
„ძალიან ცუდი სუნი მოდის და ჰაერი იწამლება. ეს ჯამრთელობისთვის ძალიან მავნებელია. იქნებ გადაიტანონ ეს ნაგავსაყრელი, რომ ხალხს პრობლემა არ შეექმნას. ხალხი ისედაც დაავადებულია და მისი სუნი უარეს დღეში აყენებს. ყველა ცუდად ვართ და არ გამოვრიცხავთ, რომ აქედან მოდიოდეს ეს დაავადებები. ყველას 200-მდე წნევები გვაქვს.“

ვანო გალახვარიძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ამბობს, რომ ადგილობრივი ძალებით ნაგავსაყრელის მოწესრიგება შეუძლებელია:

„მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ შეძლებს საკუთარი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების და ყველას საზრუნავი, ვინც კი ცხოვრობს საქართველოში. ასევე ეს არის ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის საზრუნავი, ვინც ფიქრობს ბუნების სისუფთავესა და გადარჩენაზე. ეს ყველაფერი მიდის ეკოლოგიურ კატასტროფამდე, რაც ყველას ერთნაირად აზარალებს - როგორც თელაველს, ასევე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს“.
თელავის ცენტრალური ნაგავსაყრელის პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს და იქ კონკრეტული სამუშაოებიც ტარდება, - გვეუბნება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი. გიორგი შუხოშვილის თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიის შეღობვა და ნარჩენების მოსწორება ხდება. მოგვიანებით ნარჩენები მიწის სქელი ფენით უნდა დაიფაროს.


„ნაგავსაყრელი მოეწყობა შემდეგნაირად: გამოიყოფა უჯრედები 10 მეტრი განის და 10 მეტრი სიგრძის. შემოსული ნარჩენები განთავსდება და დაიტკეპნება ტექნიკით. როდესაც ეს უჯრედები შეივსება, შემდეგ ახალი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს“.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას სამომავლოდ კახეთის რეგიონში ნარჩენების გადამამუშევებელი საწარმოს შექმნა აქვს დაგეგმილი, თუმცა ეს პროცესი, უწყების ცნობითვე, უახლოეს სამ წელიწადში ვერ განხორციელდება. გულგულას ნაგავსაყრელზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ამჟამად არსებული პრობლემები მოიხსნება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG