Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთის განვითარების 2013-2017 წლის სტრატეგია


სიღნაღი
სიღნაღი
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, ერთ-ერთ გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად, კახეთის რეგიონის 5 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოამზადა. დოკუმენტში, რომელიც თაბახის 74 გვერდზეა განთავსებული, დეტალურადაა აღწერილი პრობლემები, რეგიონის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აგრომრეწველობა, ტურიზმი, წარმოება, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები, განათლება, ჯანდაცვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რაზეც ვრცელ დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი.

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მომზადებული პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე წარადგინეს:

„დოკუმენტი ჯერ უნდა დამტკიცდეს და, ბუნებრივია, შემდეგ მოხდება ამ სტრატეგიის სისრულეში მოყვანა. განხორციელდება დოკუმენტის დაგეგმილი ღონისძიებები“.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა ოთხი მიმართულების გამოყოფა. ესენია: სოფლის მეურნეობა, ეკონიმიკა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. დოკუმენტის მომზადების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნები...
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის სუსტ მხარეებად ითვლება: მოსახლეობის დაბერება, ახალგაზრდების მიგრაცია, სახელმწიფოს დიდი დანახარჯები პენსიებსა და დახმარებებზე, თვითდასაქმების მაღალი დონე, სამელიორაციო სისტემის არასათანადო მდგომარეობა, მოსახლეობის 90%-ისთვის კანალიზაციის სისტემის ხელმიუწვდომლობა, შიდა გზების გაუმართაობა, ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე, მოსახლეობაში კიბოს, ფარისებრი ჯირკვლისა და ანემიის გავრცელების მაღალი დონე.

პროექტის კოორდინატორი რუსუდან აბულაშვილი ამბობს, რომ მათ მაქსიმალურად ასახეს კახეთის მხარეში დღეს არსებული რეალობა. მისივე თქმით, პრობლემათა სიმრავლის მიუხედავად, დოკუმენტში პრიორიტეტული საკითხებიც არის გამოკვეთილი:

„დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა ოთხი მიმართულების გამოყოფა. ესენია: სოფლის მეურნეობა, ეკონიმიკა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. დოკუმენტის მომზადების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნები. დოკუმენტზე საზოგადოებასთან ერთად მუშაობდნენ თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

დოკუმენტზე მომუშავე ორგანიზაციები და სამსახურები ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში კახეთი ძლიერი მხარე გახდება და დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი წიქაძე გვეუბნება, რომ თუ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, მიმდინარე ათწლეულში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება:

„სტრატეგია მოიცავს უახლოესი წლების განვითარების გეგმას. შესაბამისად, მისი იმპლემენტაცა მოხდება იმ მომენტიდან, როდესაც მას დაამტკიცებენ. ღონისძიებები გათვლილია მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში“.

სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ახალგაზრდების უმეტესობა უსაქმურია. შემდეგ ხან თავს ვერ იკავებენ და ათასგვარ დანაშაულს სჩადიან...
კახეთის რეგიონის 5 წლიან სტრატეგიულ გეგმაში რეგიონის ძლიერი მხარეებიც არის წარმოჩენილი. ასეთებად ითვლება: სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ფართობი; ღვინო და სპირტიანი სასმელები; აგროგადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პოტენციალი; რეკრეაციული, ეკო, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისა და ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების პოტენციალი;

კარგი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა - თბილისთან სიახლოვე და აზერბაიჯანთან საზღვარი; თელავის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის კარგი მდგომარეობა.

რა მოლოდინი არსებობს და რომელი პრობლემის მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას სამოქალაქო საზოგადოება? მცირე გამოკითხვისას ასეთი პასუხები მივიღეთ:

„მე ვფიქრობ, რომ კახეთის სოფლის მეურნეობას უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება“.

„სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ახალგაზრდების უმეტესობა უსაქმურია. შემდეგ ხან თავს ვერ იკავებენ და ათასგვარ დანაშაულს სჩადიან“.

„ჩემი ახალგაზრდობის დროს ადათი სამუშაო ადგილი იყო. მაგალითად, მეაბრეშუმეობა იყო განვითარებული. მაშინ ცხოვრებას აზრი ჰქონდა, ახლა? არც ახალგაზრდებს უხარიათ არაფერი და არც ხანში შესულებს“.

„რა უნდა განვითარდეს, წყლის პრობლემა ვერ მოუგვარებიათ!“

კახეთის განვითარების 2013-2017 წლის გეგმა უკვე მომზადებულია. დოკუმენტში ლაპარაკი არ არის სავარაუდო თანხაზე, რომელიც პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დაიხარჯება. დაიწყება თუ არა კახეთის მასშტაბური განვითარება, ეს ახალი მთავრობოს გადაწყვეტილებაზეა დამოკდებული.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG