Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მდინარე კაბალი - საფრთხე აზერბაიჯანული სოფლისთვის


აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალში მდინარის გაწმენდას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მდინარის ადიდების საფრთხე მატულობს. პრობლემის მოგვარება სოფლის დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზეც ითხოვა. ეს ის მდინარეა, რომელიც სოფელს ყოველწლიურად მილიონობით ლარის ზარალს აყენებს.

კაბალის დეპუტატის, მირზა ალიევის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში მდინარე კაბალი არ გაიწმინდა, სოფელს საფრთხე ემუქრება. როგორც ალიევმა განაცხადა, გასულ წელს დაჰპირდნენ, რომ მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებისთვის მილიონ 600 ათასი ლარი გამოიყოფოდა, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, თანხა რეალურად გამოიყო თუ არა. დეპუტატის თქმით, სამუშაოები არ ჩატარებულა და მდინარე სოფელს სერიოზულ საფრთხეს უქმნის:

„შარშან მილიონ 600 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ სამუშაოები დღემდე არ არის შესრულებული. დღეს, როდესაც მდინარის გაწმენდას ვითხოვთ, გვეუბნებიან, რომ დიდი თანხებია საჭირო. მე ახლა საკრებულოს სხდომაზე დავაყენე საკითხი, რომ თუ მართლა დიდი თანხებია საჭირო, ნაწილ-ნაწილ მაინც მოვაგვაროთ პრობლემები! ჯერ არ ვიცი მათი პასუხი, პრობლემა კი ძალიან აქტუალურია. გაზაფხულია და გახშირებული წვიმების დროს მდინარე შესაძლოა ნებისმიერ დროს ადიდდეს“.
სათავიდან უნდა დაიწყოს მდინარის გაწმენდა, თორემ შედეგი არ იქნება. ყველაზე მეტად იქ არის მდინარე გასაწმენდი...
ზაურ მამედოვი

პრობლემაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. საფრთხე განსაკუთრებით აშინებთ იმ ოჯახებს, რომლებიც მდინარის პირას ცხოვრობენ. ქარიმოვების ოჯახის უხუცესი წევრი, გულანდა ქარიმოვა, 2012 წელს იხსენებს, როდესაც მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა ისინი პროდუქტისა და მოსავლის გარეშე დატოვა.

„საღამო იყო. როდესაც დავიძინეთ. უცბად დიდი ხმაური გავიგონე. გარეთ რომ გავიხედეთ, დიდი წყალი მოდიოდა. ჩვენი ნაკვეთი სულ გაფუჭდა. სახლში მარტო ვიყავი და ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი“.

კაბალში ადგილობრივები გვიყვებიან, რომ სამი წლის წინ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და მოსახლეობის პრობლემაც მას შემდეგ გამწვავდა. ადიდებული მდინარე ყველაზე მეტად უზუნთალის მოსახლეობას აზარალებს. სტიქიამ რამდენიმე ხიდი უკვე დაანგრია, რომელიც სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ასევე დაზიანდა სკოლამდე მოსასვლელი გზა. მოსახლეობა ჩივის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სათანადო ყურადღებას და დაინტერესებას არ იჩენს.
პრობლემის შესახებ პირადად მე ვაცნობე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს. იქიდან მომწერეს, როგორც კი ამინდები გამოვა, სამუშაოებს დავიწყებთო...
დავით ბაკაშვილი

„სათავიდან უნდა დაიწყოს მდინარის გაწმენდა, თორემ შედეგი არ იქნება. ყველაზე მეტად იქ არის მდინარე გასაწმენდი“, ამბობს ზაურ მამედოვი:

მდინარე კაბალი სოფელს ორ ნაწილად ყოფს. მას ღვარცოფულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული პრობლემის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. ბაკაშვილის თქმით, აღნიშნული სამინისტრო პრობლემის მონიტორინგს ამინდების გამოსვლასთან ერთად განახორციელებს. საკრებულოს თავმჯდომარე კაბალის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ საფრთხე, რომელიც რეალურია, მალე მოიხსნება.

„პრობლემის შესახებ პირადად მე ვაცნობე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს. იქიდან მომწერეს, როგორც კი ამინდები გამოვა, სამუშაოებს დავიწყებთო. ასევე მომწერეს, პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთო“.

მდინარე კაბალის ხევი ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის ყოველ წელს აზარალებს. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა ოჯახები საცხოვრებელი სახლებისა და მოსავლის გარეშე დატოვა. კაბალის დეპუტატი ამბობს, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყო, შედეგები მძიმე იქნება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG