Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ალექსი ჭანკოტაძე: „ეს არის სოციალური ბიუჯეტი და არა მოსახლეობაზე მორგებული დოკუმენტი“


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს ბიუჯეტის პროექტი დაგვიანებით მომზადდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილების უფროსი გიორგი მანგოშვილი შემაფერხებელ მიზეზად არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ასახელებს, რა დროსაც საკადრო ცვლილებები მიმდინარეობდა. გიორგი მანგოშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ბიუჯეტი დაგვიანებით დამტკიცდა, ვადები მაინც დაცული იყო.

„შეიძლება ვთქვათ, რომ იმ პერიოდში გამგებელი არ იყო დანიშნული და ბიუჯეტის დაგვიანების მიზეზი ნაწილობრივ ესეც გახდა. ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო საქმის კურსში ბიუჯეტის მიღებისას - ეს არის მიზეზი, თუმცა ბიუჯეტი მაინც კანონით განსაზღვრულ ვადაში დავამტკიცეთ“.

ლაგოდეხის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ოდენობა ციფრებში 5 673 600 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გურამ ტურაშვილი ამბობს, რომ ისინი შეეცადნენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები მომატებოდათ, თუნდაც მინიმალურად:

“მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბაღებში იყო არასწორი მიდგომა. გარკვეულ ბაღში კონკრეტულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს ჰქონდათ მეტი ხელფასი და იმავე პოზიციაზე მყოფ სხვა პედაგოგებს სხვა ბაღში ჰქონდათ დაბალი ხელფასი. ეს დაბალანსდა და, შედეგად, ზოგს მოემატა, ზოგს კი დააკლდა”.
მიმაჩნია, რომ უფრო მეტი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს წარმოდგენილი ბიუჯეტში, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის, მხოლოდ ხელფასებია ...
ევა ლომთაძე

დოკუმენტის არესებული ფორმით მიღებას საკრებულოს 2-მა წევრმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ევა ლომთაძემ და ინგა ნოზაძემ, - მხარი არ დაუჭირა. მათ მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაც უნდა გამოყოფილიყო. საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინგა ნოზაძის განცხადებით, "ლაგოდეხის 2013 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ხელფასებია გათვალისწინებული". ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბიუჯეტს საკრებულოს წევრები აკრიტიკებენ:

“მიმაჩნია, რომ უფრო მეტი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს წარმოდგენილი ბიუჯეტში, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის, მხოლოდ ხელფასებია. ეს არ არის მოსახლეობის დაკვეთა. ამ ეტაპზე ასეთი სახის ბიუჯეტი ჩემთვის მიუღებელია და მას მხარი არ დავუჭირე“.

ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს საკრებულოს წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ასოციაციის წევრმა ალექსი ჭანკოტაძემ განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი უფრო მეტად სახელფასოა და მოსახლეობაზე მორგებული არ არის.
ათი წელია ვითხოვთ ხიდის გასუფთავებას, რომელიც სტიქიის დროს პრობლემებს გვიქმნის. კიდევ სანიაღვრე არხია გასაწმენდი ...
მამუკა ჩინჩალაძე

“ინფრასტრუქტურული პროექტების სიმწირეა - ფაქტიურად, არ არის. პრობლემების მოგვარება, ძირითადად, სოფლის დახმარების პროგრამაზეა მიყრდნობილი. რაც შეეხება ქალაქის პრობლემებს, საერთოდ ვერ გავიგე, კეთდება თუ არა რამე. ეს არის სოციალური ბიუჯეტი და არანაირად არ არის პირდაპირ მოსახლეობაზე მორგებული”.

ბიუჯეტის დამტკიცება და საჯარო განხილვა ლაგოდეხში მოხდა ერთ დღეს, 2 საათის ინტერვალით. საჯარო განხილვის პროცესს 10-მდე რიგითი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო მამუკა ჩინჩალაძე. მან ბიუჯეტიდან იმ პროექტების დაფინანსება მოითხოვა, რომლებიც მისი სოფლისთვის, კართუბნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“ათი წელია ვითხოვთ ხიდის გასუფთავებას, რომელიც სტიქიის დროს პრობლემებს გვიქმნის. კიდევ სანიაღვრე არხია გასაწმენდი. ეს პრობლემები ვერაფრით ვერ გადაწყდა. 10 წელზე მეტია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული წყლით გვევსება. სასმელი წყალიც და გაზიც მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს გამოუყვანეს. გარე განათებაც მხოლოდ საარჩევნო პიარი იყო. იმ დროს გაგვინათეს, დაგვანახვეს განათებული ლამპიონები და შემდეგ გაგვითიშეს. ეს ისეა, როგორც პატარა ბავშვს ნაძვის ხეზე მაღალზე ჩამოუკიდო კანფეტი, რომ ვერ მისწვდეს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, რომ იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა გადაჭრასაც ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მიღებული თანხით დაფინანსდება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG