Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საფერავის ჯიშის ყურძენი თითქმის 70 თეთრით გაიაფდა


კახეთში საფერავის ჯიშის ყურძენი თითქმის 70 თეთრით გაიაფდა. რამდენიმე დღის წინ თუ მისი ფასი 2 ლარი და 20 თეთრი იყო, ახლა ქარხნები 1 კილოგრამში 1,50-დან 1,60 თეთრამდე იხდიან. ფასის ვარდნას მევენახეთა უკმაყოფილება მოჰყვა. სოფელ ვაზისუბანში აქციაც გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტო კი ამბობს, რომ სახელმწიფო ფასის რეგულირების პროცესში არ ერევა.

საფერავის ჯიშის ყურძენზე ფასის უეცარ ვარდნას პროტესტი მოჰყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში. რამდენიმე დღეა ადგილობრივები ყურძნის ჩაბარებისგან თავს იკავებენ, ისინი ფიქრობენ, რომ ფასი ხელოვნურად არის დაწეული. მათ მთავრობის დახმარების იმედი აქვთ.

„მაქსიმუმი აქვთ 1, 50-დან 1, 60 თეთრამდე, როცა იხდიდნენ 2 ლარსა და 20 თეთრს. ჩვენ არ შეგვითავაზებია მათთვის ფასი, თავად შემოგვთავაზეს. ახლა ვსვამ კითხვას: თუ ჩემი ყურძენი რამდენიმე დღის წინ 2 ლარი და 20 თეთრი ღირდა, ახლა რა მოხდა? რა მოხდა და, კარტელური გარიგებაა ქარხნებს შორის და ერთმანეთს აკონტროლებენ, რომ ფასი დააგდონ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

გიორგი მღებრიშვილი სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობს, ის გამგებლის წარმომადგენელია. ამბობს, რომ წინა დღეებში ქარხნები საფერავში 50 თეთრით უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე ახლა. მღებრიშვილის თქმით, მოსახლეობა ფასის მომატებამდე ყურძნის ჩაბარებისგან თავს იკავებს:

„წინა დღეს რომ მეტად ჩააბარებ და ახლა ნაკლებს გაძლევენ , რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოიწვევს. გამოსავალი ის არის, რომ ცოტა უნდა მოვიცადოთ, იქნებ ფასი დარეგულირდეს. გლეხები ყურძნის ჩაბარებისგან თავს იკავებენ“.

რატომ დაიწია ყურძნის ფასმა? როგორც ს/ს "ველისციხის" ხელმძღვანელმა კობა მკალავიშვილმა გვითხრა, შავ ყურძენზე ფასის კლება უკრაინაში არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. მკალავიშვილის განმარტებით, ექსპორტიორები ქართულ კომპანიებს მაღალი ფასის გადახდაზე უარს ეუბნებიან:

„2 ლარი და 20 თეთრი იყო საწყისი ფასი. დღეს 1, 50-დან 1. 60 თეთრამდე არის. რამ გამოიწვია ფასის ვარდნა და, ისეთ მაღალ ფასებზე ავდიოდით, რომ შემდეგ შეუძლებელია ამ ფასად გაყიდვა. რუსეთსა და უკრაინაში იმპორტიორები ასეთ მაღალ ფასს არ იხდიან და, შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ ისეთ ფასად ავიღოთ პროდუქცია, რომ გაყიდვა შევძლოთ“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის თქმით, ყურძნის ფასს თავად კომპანიები ადგენენ და სახელმწიფო, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ საკითხში არ ერევა. დავითაშვილის თქმით, კომპანიებს მხოლოდ იმის ვალდებულება აქვთ, რომ ყურძენი ერთ ლარზე ნაკლებად არ უნდა ჩაიბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ:
„ზოგ შემთხვევაში შეიძლება რომელიმე კომპანიას უღირდეს მაღალი ფასის ან დაბალი ფასის გადახდა, მაგრამ საბოლოოდ მიწოდება და ფასი სადღაც დგება. ფასი შეიძლება რთვლის მიმდინარეობის დროს იყოს სხვადასხვა. სახელმწიფო ფასში არ ერევა და მისი ფორმირება არის თავისუფალი“.

კახელი ფერმერები ფიქრობენ, რომ უკრაინის პროცესები ყურძენზე ფასის დაწევის რეალური მიზეზი არ არის და ფასი, საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად კომპანიებმა შეამცირეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კომპანიებს მოსახლეობისგან 7 ათას ტონამდე მოსავალი აქვთ ჩაბარებული. კახეთში თეთრი ყურძნის კრეფა ჯერ არ დაწყებულა. წინასწარი ინფორმაციით, ქარხნები მას 1ლარად და 15 თეთრად ჩაიბარებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG