Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიორიტეტები, გამოწვევებით


ჯამრთელობის დაცვა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც წინა წლებში, სახელმწიფო ზრუნვის მთავარ პრიორიტეტებს შორის იყო გასულ 2015 წელსაც. თუმცა, ამ დეკლარირებული მიზნების მიუხედავად, ეს წელი გამორჩეული იყო სირთულეებითა და გამოწვევებით, რომელთაც ხელისუფლება სათანადო ეფექტურობით ვერ ართმევდა თავს. იყო წარმატებებიც, მათ შორის ისეთი, რომლის უნიკალურობა შორს გასცდა საქართველოს ფარგლებს. შემოგთავაზებთ სიუჟეტს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში 2015 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ჯანდაცვა გადაიქცა პრივილეგიიდან თითოეული ადამიანის უფლებად, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა 21 დეკემბერს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს მთავრობის საქმიანობის სამი წლის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელშიც აქცენტი ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროზე გაკეთდა. სფერო მთავრობის გასული წლის მთავარ პრიორიტეტებს შორის დასახელდა - მათ შორის, ისეთი მიმართულებების განვითარების კუთხით, რომლებიც მოსახლეობის მაქსიმალურ უმრავლესობაზეა გათვლილი. ასეთებია: დაზღვევის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და სხვა. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იყო. უპრეცედენტო პროექტი დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს, პროგრამის მიზანი კი სამი-ხუთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის სრული დამარცხებაა. პროგრამა დაიწყო 21 აპრილს, როდესაც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია „გილიარდ საიენსს“ შორის. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, მკურნალობის შესაძლებლობა C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა მოქალაქეს ექნება:

“მკურნალობის ღირებულება მოქალაქეებისთვის იქნება ნული. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, სოციალურად დაუცველებისთვის ეს იქნება უფასო, რადგან ხარჯების 70 პროცენტს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დააფინანსებს, 30 პროცენტს კი - თვითმმართველობები.

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

დიაგნოსტიკის ღირებულება, ჯამში, 480 ლარია, 30-პროცენტიანი შეღავათის ფონზე - 144. სწორედ ეს თანხა დაუჯდება ყველაზე ცუდ შემთხვევაში პაციენტს მკურნალობის კურსი, რომლის საბაზრო ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება.

C ჰეპატიტის პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამებისას კი, 21 დეკემბერს, ითქვა, რომ არასრული ერთი წლის განმავლობაში პროგრამაში 6 300 ადამიანი ჩაერთო. აქედან 1 720-მა პაციენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა, მათმა 90-მა პროცენტმა დაავადება საბოლოოდ დაამარცხა. პროგრამის მეორე ეტაპს 2016 წლის იანვარში მოეწერება ხელი, წლის განმავლობაში კი, პროგრამის ფარგლებში, 20 000 პაციენტის მკურნალობაა დაგეგმილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ამბობს:

“ვაგრძელებთ ახლა პროექტს და ვმკურნალობთ ასევე მძიმედ დაავადებულებსაც. თებერვლის თვიდან ქვეყანაში უკვე შემოვა კიდევ ერთი პრეპარატი, კიდევ ერთი განსაკუთრებული პრეპარატი, რომელსაც ჰქვია ჰარვონი და, სოფოსბუვირთან ერთად, რომელმაც უნიკალური შედეგები მოგვიტანა ჩვენ, ამ სოფოსბუვირს დაემატება ასევე ჰარვონი და უკვე თებერვლის თვიდან შეგვეძლება ვუმკურნალოთ ჰარვონითაც ც ჰეპატიტით დაავადებულებს“.

არანაირი კვლევა არ გვჭირდება ამისთვის. ყველა მეტ-ნაკლებად მოვიხმართ მედიკამენტებს სხვადასხვა სახის, სხვადასხვა სპექტრის და თვიდან თვემდე ვხედავთ, რომ ეს მატება სახეზეა. იყო რაღაცა მომენტი, პერიოდი, უფრო სწორად, როდესაც დაიწია ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა, თუმცა იგივე მედიკამენტებზე გაზრდილია...
სერგო ჩიხლაძე

საქართველოს მთავრობა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხს განსაკუთრებულ მიღწევად მიიჩნევს, მათ შორის, უმთავრესად, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის მოქმედების გამო. თუმცა გასულ 2015 წელს, ფასების მკვეთრი მატების გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე,

როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავდა, 2015 წლისთვის აღსანიშნავი იყო მედიკამენტების შეძენისას ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდის მაღალი მაჩვენებელი:

“ფასებმა მოიმატა. არანაირი კვლევა არ გვჭირდება ამისთვის. ყველა მეტ-ნაკლებად მოვიხმართ მედიკამენტებს სხვადასხვა სახის, სხვადასხვა სპექტრის და თვიდან თვემდე ვხედავთ, რომ ეს მატება სახეზეა. იყო რაღაცა მომენტი, პერიოდი, უფრო სწორად, როდესაც დაიწია ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა, თუმცა იგივე მედიკამენტებზე გაზრდილია, ის დაწეული ფასიც უკვე გაზრდილია და, თანაც, ეს შეეხო რაღაც გარკვეულ მედიკამენტებს“.

გასულ წელს მედიკამენტებზე ფასების მატების ძირითად მიზეზად ლარის გაუფასურება დასახელდა. ლარის გაუფასურების გამო, მოსახლეობამ პრაქტიკულად ვერ იგრძნო ასაკობრივი პენსიის მატება. 2015 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოში პენსია 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი შეადგინა. გაზრდილი პენსიის მომსახურებისთვის ბიუჯეტმა დამატებით 10 მილიონი ლარი გამოყო. ცვლილებიდან სამიოდე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 180 ლარს მიაღწევს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 800 000-მდე პენსიონერია. შესაბამისად, ექსპერტთა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტთა დიდი ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ განაცხადი პენსიის 20 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ეკონომიკის ექსპერტი მათე გარდავა ამბობს:

“წინასაარჩევნო პიარის ნიშნებიც არის, რასაკვირველია, რადგანაც პენსიების გაზრდის რესურსი წინა წლებშიც იყო. გააჩნია, რას დააკლდება ბიუჯეტში ეს თანხა. რაც შეეხება 20 ლარით ზრდას, უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს - სულ, 2, 8 პროცენტი. ამიტომაც მეეჭვება, რომ ლოგიკური იყოს პენსიის გაზრდა, თუნდაც, 20 ლარით“.

რიგი პენსიის მისაღებად
რიგი პენსიის მისაღებად

პენსია 20 ლარით რამდენიმე თვეში გაიზრდება, გასული 2015 წლის გაზაფხულიდან კი სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა ამოქმედდა. სისტემის სიახლე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განმარტებით, გამორიცხავს სუბიექტივიზმს და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ქულების მინიჭების დროს მხედველობაში აღარ მიიღება ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ქულების რაოდენობაზე ახდენდა გავლენას:

“პირველ რიგში, ქულების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ის ქონება, რომელმაც შეიძლება ოჯახს პოტენციურად შემოსავალი მოუტანოს. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ბავშვის ელემენტი შემოდის შეფასების სისტემაში, ანუ თითოეულ ბავშვზე დამატებით ბენეფიტს მიიღებს ოჯახი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ სისტემა გახდება დიფერენცირებული“.

ძირითადად ტარიფის კორექტირება იყო განპირობებული იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს არის სამართლიანი ტარიფი...
ირინა მილორავა

თუმცა მაისში ამუშავებულ ახალ სისტემას ზაფხულის ბოლოს განახლება დასჭირდა, რადგან, იმავე ზაზა სოფრომაძის განმარტებით, ანალიზით დადგინდა, რომ ახალი სისტემა, პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერების რაღაც ნაწილს აზარალებდა. ისედაც დაბალი შემოსავლების ფონზე კი, გასულ წელს მოსახლეობისთვის, ზოგადად, უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში, დაახლოებით, 4 თეთრით გაძვირდა. ასევე თითქმის 4 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის რეგიონებში. როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ 23 ივლისის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ტარიფი სამართლიანია:

“ძირითადად ტარიფის კორექტირება იყო განპირობებული იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას“.

კომერციულ მომხმარებლებს, გარდა პურის ქარხნებისა, გაუძვირდათ ბუნებრივი აირის საფასურიც. მთლიანობაში კი, 2015 წელს, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებას უჩიოდა, რაც ცალკეულ სოციოლოგიურ კვლევებშიც აისახა. მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის კი ერთ-ერთია მაღალმთიანი რეგიონების განვითარება. დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დსახლებათა ნუსხა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს, სადაც დაბადებულ ყველა ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად ასლარიან დახმარებას მიიღებს ერთი წლის მანძილზე, ასაკობრივი პენსია კი 216 ლარი იქნება. ხელფასი გაეზრდებათ პედაგოგებსაც. გარდა ამისა, მთიანი რეგიონებისთვის იგეგმება ელექტროენერგიისა და გათბობის შეღავათების პროგრამის ამოქმედება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მთავრობის ამ ინიციატივის მეშვეობით ბევრი ოჯახი დაუბრუნდება საკუთარ სახლებს:

„ეს შეღავათები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აქ მოსახლეობის დამაგრებას და, ვფიქრობ, ვინც წასულია, იმათ დაბრუნებასაც. ერთი ოჯახი წავიდა და ორი ბავშვი წაიყვანა, მეორე ოჯახმა - ოთხი ბავშვი. კიდევ ერთი ოჯახიც წავიდა: მშობლებს სამუშაო არ ჰქონდათ, აქ სამსახური ვერაფერი იპოვეს და იძულებულნი გახდნენ შვილებიც წაეყვანათ და ქალაქში გადასულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი რაიმე პირობები შეიქმნება უკან მოსაბრუნებლად, ისევ აქ მოვლენ“.

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის დაწესდება ასევე შეღავათები საშემოსავლო და ქონების გადასახადებში. კანონი 2016 წლის დასაწყისიდანვე შევა ძალაში, 2016 წელსვე დაზუსტდება საქართველოს მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემები. წინასწარი შედეგებით კი, რომელიც 2015 წლის აპრილში გახდა ცნობილი, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 შეადგენს, რაც, 2002 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებთან შედარებით, 14, 7 პროცენტით ნაკლებია.

XS
SM
MD
LG