Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი 26 პალესტინელს ციხიდან უშვებს და დასახლებებს აფართოებს


ოთხშაბათს უნდა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება პალესტინელებსა და ისრაელებს შორის. მას წინ უძღოდა ისრაელის კაბინეტის გადაწყვეტილება, გაათავისუფლონ 26 პალესტინელი პატიმარი, რაც ნაწილია შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, სულ 104 ტუსაღი უნდა გაუშვას ისრაელმა ციხიდან. ისრაელის საპატიმროებში დარჩენილ 78 პალესტინელს მომავალი ცხრა თვის განმავლობაში გაათავისუფლებენ, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაგრძელდება. კვირას ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმად, ათასზე მეტი სახლი აშენდება ებრაელი მოსახლეებისთვის პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც, გაეროს თანახმად, ასევე ამ რეგიონს ეკუთვნის. სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც ახლა სტარტს იღებს აშშ-ის შუამავლობით, 2010 წელს შეწყდა იმ მიზეზით, რომ ისრაელმა პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობა გააჩაღა. ისრაელის ბინათმშენებლობის სამინისტროს თანახმად, ამჟამინდელი გეგმით, 1187 ბინა უნდა აშენდეს პალესტინელთა ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელს აქვს ოკუპირებული. დაახლოებით 800 ბინა შენდება აღმოსავლეთ იერუსალიმში, 400-მდე კი ებრაელთა დიდ დასახლებებში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა ბრაზი გამოხატეს იმის გამო, რომ ისრაელი უშვებს დამატებითი ბინების მშენებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პალესტინელები წლების განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების პირობად მათ ტერიტორიაზე ამგვარი მშენებლობების შეწყვეტას ასახელებდნენ. პალესტინელთა მთავარმა წარმომადგენელმა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, საებ ერეკატმა, თქვა, რომ დასახლებების გაფართოება სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის, თუმცა პალესტინელებმა განაცხადეს, რომ მათ განზრახული აქვთ მისცენ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას ის შანსი, რომელსაც ის იმსახურებს.

პალესტინელებმა ავტონომიის სტატუსს მიაღწიეს ეგრეთ წოდებული „ოსლოს შეთანხმებით“, რომელიც 1993 წელს გაფორმდა აშშ-ის, რუსეთის და საკუთრივ ისრაელისა და პალესტინელთა თვითმმრათველობის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. ამ დოკუმენტის მთავარი მნიშვნელობა იყო ორივე მხარის ურთიერთაღიარება. ამასთან, ღაზის სექტორი და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი პალესტინელთა ავტონომიის პასუხისმგებლობაში გადავიდა. ამ შეთანხმების მიხედვით, არ გარკვეულა იერუსალიმის სტატუსი, ლტოლვილთა თემა და პალესტინელთა ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობის საკითხი. ეს და სხვა თემები სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა გადაწყვეტილიყო. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაუჭრელი საკითხებიდან უმთავრესია, თუ რომელი ტერიტორიები შევა პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს შემადგენლობაში. პალესტინელებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ღაზის სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში თავიანთი მომავალი სახელმწიფოს შექმნა სურთ. 1967 წელს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ დასახლებებში ნახევარი მილიონი ისრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი ამ დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG