კანდიდატების დისკრედიტაცია, ყალბი ფეისბუკგვერდების ამოქმედება და საჯარო მოხელეების მიერ ფეისბუკაგიტაცია სამუშაო საათებში - ეს ის ტენდენციებია, რომლებიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში მოხვდა. 20 დეკემბერს ორგანიზაციამ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა სოციალური ქსელების კუთხით შეაფასა.
„მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუკი არა მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისთვის, არამედ ორგანიზებული და მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანიებისთვის გამოიყენებოდა. სოციალურ მედიაში პოლიტიკური ჯგუფების აქტივობამ და ნეგატიურმა კამპანიამ უფრო მეტად აგრესიული სახე მიიღო“, ამბობს ISFED-ი.
შუალედურ ანგარიშში წერია, რომ კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ანონიმური ფეისბუკგვერდების რაოდენობა მეორე ტურის წინ გასამმაგდა. ისინი დასპონსორებულ კონტენტს უშვებდნენ და ორგანიზებულ ურთიერთშეტევებსაც ახორციელებდნენ.
ISFED-ის დაკვირვებით, ასეთი გვერდები მოქმედებდნენ როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ და სოციალურ ქსელში ქმნიდნენ პოლარიზებულ გარემოს.
მეორე ტურის წინ განსაკუთრებით გაიზარდა გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო გვერდების რაოდენობა და მათმა რიცხვმა 27-დან 72-მდე იმატა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კი პოსტებს პირველი ტურის წინ 26, ხოლო მეორე ტურის წინ 43 გვერდი ავრცელებდა. სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა სჭარბობდა გრიგოლ ვაშაძისას, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის მადისკრედიტირებელი პოსტებიდან უფრო მეტი იყო დასპონსორებული.
ორგანიზაციის დაკვირვებით, პირველი ტურის შემდგომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააქტიურდნენ ულტრანაციონალისტური გვერდებიც. ისინი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციითაც იყვნენ დაკავებულნი.
ორგანიზაციის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალური ფეისბუკგვერდები კანონის დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა, იყო გამონაკლისებიც: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ოფიციალური ფეისბუკგვერდის გამოყენებით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება გაიღო. მათ გვერდზე ქვეყნდებოდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც პარტია ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. დასპონსორებული პოსტებისთვის გაწეული ხარჯი უკანონო შემოწირულებაა და, შესაბამისად, „’მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევა“, აცხადებს ორგანიზაცია.
გრიგოლ ვაშაძის თანაგუნდელებმა კი - ზაალ უდუმაშვილმა და გიორგი ვაშაძემ - ოფიციალურ ფეისბუკგვერდებზე სააგიტაციო შინაარსის არაერთი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნეს, რაც, „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, აუდიტის სამსახურში დეკლარირების გარეშე, უკანონო შემოწირულებად ჩაითვლება.