Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია საპარლამენტი კომისიის შექმნას ითხოვს


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

საჰაერო თავდაცვის სისტემებზე საქართველო-საფრანგეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის შეუსრულებლობის მიზეზების შესწავლის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. კომისიის შექმნის პროცედურა უკვე დაიწყო საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომელიც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს სპეციალური განაცხადით მომავალი კვირის დასაწყისიდანვე მიმართავს. მანამდე კი ირაკლი ალასანიამ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე შეთანხმება მოქმედმა და „დე ფაქტო“ პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, ჩაშალეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ამბობს, რომ საპარლამენტო კომისიის ამოცანა იქნება შეისწავლოს, რა პირობებში, როგორ გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, საფრანგეთთან, და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა. კომისიის დასკვნა, ირაკლი ალასანიას თანახმად, იქნება ეტაპი იმისთვის, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრს სრული პოლიტიკური უნდობლობა გამოუცხადონ.

ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე...
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ შეთანხმების ჩაშლით საქართველომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სერიოზული შანსი დაკარგა. რისგან დაიცავდა ქვეყანას აღნიშნული საჰაერო სისტემების განლაგება? ამ კითხვას ირაკლი ალასანია შემდეგნაირად პასუხობს:

“ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე და, გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოს ომში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიცაა საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორიცაა „ისკანდერი“ ეგრეთ წოდებული, და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები“.

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა იქნებოდა ის ქოლგა, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენდა. მისივე განმარტებით, შეთანხმებით, ბიუჯეტს სისტემების შესასყიდად საჭირო თანხები მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა, რადგან თანხის დაფარვა გათვალისწინებული იყო ეტაპობრივად, ამ სისტემების სრულად დამონტაჟების შემდეგ. ამავე პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ განმარტა, როგორ გახდა თბილისიდან მემორანდუმზე ხელმოუწერლობის თაობაზე ტელეფონით მიღებული ინსტრუქციის შეუსრულებლობა მასზე პოლიტიკური ზეწოლის, პოლიტიკური ანგარიშსწორების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საბაბი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ამ ბრალდებებს ბოლო დღეების განმავლობაში თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ რამდენჯერმე უპასუხა. ამ განცხადებების ზოგადი პათოსის თანახმად, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პროცესი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს:

მინდია ჯანელიძე
მინდია ჯანელიძე

“ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ, მათ შორის - საჰაერო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, მათ შორის - ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მით უმეტეს, საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხებზე საუბარს“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის აზრს საიდუმლო მასალებზე საჯაროდ საუბრისგან თავშეკავების შესახებ იზიარებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დადებული მემორანდუმის შეუსრულებლობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას არ ეთანხმება. იგი ირაკლი ალასანიას ურჩევს სახელმწიფოს ინტერესი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესზე დაბლა არ დააყენოს:

“მე არა მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს პოლიტიკური მოტივაცია გაცილებით მაღლა დადგეს სახელმწიფო ინტერესზე და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისაუბროს საჯაროდ იმ თემებზე, რომელიც არ არის საჯარო საუბრის სივრცის თემა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს გაუმართლებელია. საგამოძიებო კომისია არ არის კონფიდენციალური და დახურული სივრცე“.

თუკი რამე იქნება საყიდელი, პირველ რიგში, არის საჭირო საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენა, იმიტომ რომ აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა იყო ძალიან სუსტი...
თემურ ჩაჩანიძე

იარაღის თემაზე კონფიდენციალურ და დახურულ სივრცეში საუბარს ამჯობინებს ჟურნალ „არსენალის“ მიმომხილველი თემურ ჩაჩანიძეც, რომელიც, თავის მხრივ, ფიქრობს რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

“თუკი რამე იქნება საყიდელი, პირველ რიგში, არის საჭირო საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენა, იმიტომ რომ აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა იყო ძალიან სუსტი და სათანადოდ ვერ გაუმკლავდა რუსების ავიაციას. ამიტომ ამ კუთხით საქართველოს გაძლიერება არის უმთავრესი ამოცანა“, ამბობს სამხედრო ექსპერტი თემურ ჩაჩანიძე.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ ამ დროისათვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების ვადა ამოწურულია და არ არის გამორიცხული, მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმების ჩაშლასა და ამ საკითხზე რუსეთის კრიტიკულ პოზიციას შორის მიზან-შედეგობრივი კავშირი არსებობდეს. თუმცა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას იმ დროებითი საპარლამენტო კომისიის ფორმატში ელის, რომლის შექმნასაც თანაგუნდელებთან ერთად ითხოვს.

XS
SM
MD
LG