2014 წლის 13-16 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი. წმინდა საყდარი წარმოადგენს სრულიად კათოლიკური ეკლესიის ცენტრალურ მთავრობას და დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წარმოადგენს მთლიანად კათოლიკურ ეკლესიას და არა მხოლოდ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს, სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი კი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციას ასრულებს. თბილისში ვიზიტისას დომინიკ მამბერტის ნიკო ნერგაძე შეხვდა და გაესაუბრა წმინდა საყდრის როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და საქართველოსთან მის ურთიერთობებზე.
რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, თუ შეიძლება აგვიწერეთ, როგორ ურთიერთობს წმინდა საყდარი მსოფლიოს ქვეყნებთან და რა როლს ასრულებს რომის პაპი ამ ურთიერთობებში.
დომინიკ მამბერტი: ჩვენი ტერმინოლოგიის მიხედვით, წმინდა საყდარი ნიშნავს რომის პაპს და რომის კურიას, რომელიც სხვადასხვა ორგანოსგან შედგება და ეხმარება მას. საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში განსაკუთრებული როლი აქვს სახელმწიფოებთან ურთიერთობის სამდივნოს. როგორც იცით, წმინდა საყდარი იურიდიულად გახლავთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ამ მხრივ ჩვენ იმავე ხელსაწყოებს ვიყენებთ, როგორც სხვა საერთაშორისო იურიდიული პირები - ვამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ხელს ვაწერთ საერთაშორისო კონვენციებს, მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამჟამად წმინდა საყდარს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს მსოფლიოს 180-ზე მეტ სახელმწიფოსთან და მონაწილეობას იღებს ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ცხადია, ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო თანამეგობრობაში განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ხმა. ჩვენ ვართ და გვინდა, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალის ხმა, მისი სინდისი. ჩვენ მოვუწოდებთ მთელ კაცობრიობას, რომ პატივი სცენ და დაიცვან ყველანაირი სიცოცხლე, დაიცვან ოჯახი, ებრძოლონ სიღარიბეს, განიარაღდნენ და ასე შემდეგ.
რადიო თავისუფლება: რა ურთიერთობა აქვს წმინდა საყდარს საქართველოსთან?
დომინიკ მამბერტი: საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად 22 წლის წინათ - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - დაიწყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ურთიერთობა კათოლიკურ ეკლესიას, ვატიკანსა და საქართველოს შორის საუკუნეებს ითვლის. ჩვენ ნამდვილად ისტორიული, ღრმა ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩემი ვიზიტიც საქართველოში სწორედ ამ ახლო ურთიერთობას უსვამს ხაზს.
რადიო თავისუფლება: უფრო მეტს ხომ ვერ გვეტყოდით თქვენი ახლანდელი ვიზიტის შესახებ. რასთანაა ის დაკავშირებული?
დომინიკ მამბერტი: მე საგარეო საქმეთა მინისტრმა მომიწვია და მადლიერი ვარ ამ მოწვევისათვის. ჩემი ვიზიტისას შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვედრები მქონდა ასევე ქვეყნის პირველ პირებთან - პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც რომის პაპის წარმომადგენელს, მე რელიგიური ხასიათის შეხვედრებიც მქონდა კათოლიკური ეკლესიის საქართველოს წარმომადგენლებთან, ვეწვიე ასევე საქართველოს კარიტასს, შევხვდი სტუდენტებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. ასევე, ჩემთვის დიდი პატივი იყო შეხვედრა მის უწმინდესობასთან, საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან.
რადიო თავისუფლება: ბოლოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გკითხოთ, განსაკუთრებით, რაც შეეხება იქ ქრისტიანების დევნას და რომის პაპის ინიციატივებს ამასთან დაკავშირებით...
დომინიკ მამბერტი: როგორც იცით, წმინდა საყდარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს. ამისათვის ბევრი მიზეზი არსებობს - პირველ რიგში, რელიგიური მიზეზი: ეს ის ადგილია, სადაც ქრისტე დაიბადა და ის ადგილია, სადაც მრავალი ეკლესია - კათოლიკურიც და სხვაც - განვითარდა ქრისტიანობის ჩამოყალიბების შემდეგ. ასევე იმიტომაც, რომ ახლო აღმოსავლეთის კულტურა უნიკალური კულტურაა, რომელიც განსხვავებული ხალხის, განსხვავებული ეთნოსისა და კონფესიის ხალხის ჩამოყალიბებულია და ის სრულიად უნიკალურია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება - შენარჩუნება ამ გამოცდილებისა, როდესაც განსხვავებული წარმომავლობისა და განსხვავებული წარსულის ადამიანები ერთად იკრიბებიან, ერთად ცხოვრობენ და ერთად აშენებენ თავიანთ აწმყოსა და მომავალს. ჩვენ განსაკუთრებული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ამჟამინდელ ვითარებას იმ სირთულეების გამო, რომელსაც ახლა განიცდიან ქრისტიანები. თქვენ, ალბათ, გსმენიათ, თუ როგორ აღუმაღლებია ხმა მის უწმინდესობას, რათა ყველანაირად იყოს დაცული აქ მცხოვრები ხალხი, არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ სხვა უმცირესობებიც, რომელთაც დღეს საფრთხე ემუქრებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახლო აღმოსავლეთი უმნიშვნელოვანესი ადილია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგან ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობა მიზანია, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს. ის უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოს სტაბილურობისათვის.