ინოვაციების ბანაკის და მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის შექმნის ინიციატივის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინფორმაციით, დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, ამოქმედდა ინოვაციების ხელშემწყობი ახალი საგრანტო პროგრამები. პროგრამები მიმართულია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კომერციალიზაციისკენ, მაღალტექნოლოგიური კომპანიების გაჩენისკენ. ამასთან, საგრანტო პროგრამის ფარგლებში სამრეწველო ინოვაციების 2 ლაბორატორიის ფორმირება მოხდება უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც უახლესი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღიჭურვება, უნივერსიტეტის შერჩევა კი დამოუკიდებელი საგრანტო საბჭოს პრეროგატივა იქნება.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესისა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 50.000 ლარამდე მინი გრანტები გაიცემა. მინი გრანტების პროგრამის ფარგლებში, 25-მდე პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი.
სამ საგრანტო პროგრამაზე, საერთო ჯამში, 1,816,000 ლარი გამოიყოფა. თითოეული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადი განხილული იქნება მაღალკვალიფიციური საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამარჯვებულს სააგენტოსგან დამოუკიდებელი საგრანტო საბჭო გამოავლენს.
საგრანტო პროგრამებია: 1) ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარების საგრანტო პროგრამა (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები FabLab); 2) მინი გრანტების საგრანტო პროგრამა (ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია); 3) ინოვაციების ლაბორატორიების საგრანტო პროგრამა.
საგრანტო პროგრამების საშუალებით დაგეგმილია ახალი თაობის სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა. ის უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მიღებას, უზრუნველყოფს მსოფლიო კლასის ინდივიდუალური და ტრადიციული პროდუქტის წარმოების განვითარებას, ხელს შეუწყობს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ტექნოლოგიური იდეის განვითარებასა და მის შემდგომ კომერციალიზაციას და დააჩქარებს ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესსა და მის მდგრად განვითარებას.
წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყანაში ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას. სასურველია სამინისტრო მუდმივად აწვდიდეს საზოგადოებას ინფორმაციას წამოწყებული ინიციატივების შესახებ. თავისთავად ერთი წლის შემდეგ ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიშის შედეგებით შესაძლებელი იქნება ახალი ინიციატივების ეფექტის შეფასება. შეგახსენებთ, რომ ინოვაციების მხრივ საქართველოს პოზიცია უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია და, წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყნიდან 121-ე ადგილზეა.