Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  პროკურატურის წინააღმდეგ


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგებზე ინფორმაციის მიღების მიზნით, პროკურატურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ამ განზრახვის მიზეზი კი გახდა მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემაზე მიღებული უარი, რაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და აჩვენებს, რომ პროკურატურას საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულების განცდა არ აქვს. როგორ პასუხობენ კრიტიკას ადრესატები და რომელი საქმეები მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ყურადღების ცენტრში? ნონა მჭედლიშვილი განაგრძობს თემას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ ყურადღების ცენტრში ისეთი საქმეები მოხვდა, რომლებმაც, 2012 წლის შემდეგ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი დაიმსახურა, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ გამოძიებასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ არსებობს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, ოლიკო შერმადინის თანახმად, თავმოყრილია სულ 34 საქმე:

„ჩვენ ეს საქმეები დავაჯგუფეთ რამდენიმე კატეგორიად. მათ შორის არის ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, არის წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დანაშაულები, სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები, ასევე არის სხვა გახმაურებული საქმეები, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სხვადასხვა პერიოდში“.

ოთხ კატეგორიად დაჯგუფებულ საქმეთა ჩამონათვალშია, მაგალითად, ბარბარე რაფალიანცის საქმე,ჰაკიმ ფაშას სახელით ვიდეომასალის გავრცელების საქმე, აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზების საქმე, ეგრეთწოდებული „საბურავების საქმე“, ბრალდებები თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძის წინააღმდეგ, თავდასხმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე, თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე და სხვ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, რომ ითხოვენ არა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, არამედ ზოგად ინფორმაციას გამოძიების შესახებ, რომელიც არ შეიძლება დამაზიანებელი გამოდგეს არც გამოძიების და არც კერძო პირებისთვის. ორგანიზაციის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება და გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება პროკურატურის ვალდებულებაა, რომელსაც იგი არასათანადოდ ასრულებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თანახმად, ორგანიზაცია, ერთი მხრივ, მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გასაჯაროვდეს ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საქმეზე დამდგარი შედეგის შესახებ, მეორე მხრივ კი, მიმართავს პარლამენტს, დაინტერესდეს აღნიშნული საქმეების გამოძიებით:

„პროკურატურამ, თავის დროზე, აიღო ვალდებულება რომ გამოეძიებინა ეს საქმეები და მაშინ, როდესაც საუბარია პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ზუსტად ეს არის ის საქმე და ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტმა ეფექტურად უნდა განახორციელოს ეს უფლება და ფუნქცია, დაიბაროს მთავარი პროკურორი და დასვას კითხვები ამ საქმეებთან დაკავშირებით“.

პროკურატურიდან უკანასკნელი წლების გახმაურებულ საქმეებზე დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაციას კი, თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ , ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ითხოვდა. პროკურატურის მხრიდან უარის საფუძველიც, როგორც აღმოჩნდა, ასევე ეს კოდექსია. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამბობს, რომ პროკურატურა, კანონის ფარგლებში, ყოველთვის გასცემს ინფორმაციას, რომელიც გამოძიების ინტერესებს არ აზიანებს:

„გამოძიების პროცესის ზოგიერთი ნაწილი არის საგამოძიებო საიდუმლოებით დაცული, მანამ, სანამ საქმე არ წარიმართება სასამართლოში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ყველა პროკურატურისგან ღებულობს იმ ინფორმაციას, რაც არ ვნებს გამოძიების ინტერესს და რაც დაშვებულია კანონით. თუკი, მიუხედავად ამისა, არსებობს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ქართული მართლმსაჯულების კარი ყველასთვის ღიაა და შეიძლება მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინონ არგუმენტები უკვე სასამართლო დარბაზში“ – აღნიშნავს თეა წულუკიანი, პრეტენზიებზე პროკურატურის მიმართ, გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციის დახურვის პრობლემურობასთან დაკავშირებით. სასამართლო ინსტანციაში დავის გაგრძელების არაეფექტურობის თაობაზე ასევე პრეტენზიები აქვს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსაც“. ორგანიზაციის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის განცხადებით:

„ჩვენ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, ვთხოვეთ ინფორმაცია პროკურატურას, მან ეს ინფორმაცია არ გასცა და შემდეგ მოგვიწია სამართლებრივი დავის დაწყება სასამართლოში და, სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკაც ისეა განვითარებული, რომ მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ამ ტიპის საქმეებზე გამოძიების დაწყების, გამოძიების მიმდინარეობის ან გამოძიების შედეგების ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისწავდომი არ ხდება და სასამართლომ, ამ შემთხვევაში, არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ“.

სოფო ვერძეულს მიაჩნია, რომ პროკურატურამ უარი უნდა თქვას არსებულ არასწორ პრაქტიკაზე და საჯარო ინფორმაციის ტესტის გათვალისწინებით იმოქმედოს. საერთაშორისო „გამჭვირვალობა –საქართველოში“ კი გამოთქვამენ იმედს, რომ სამართლებრივი დავის დასრულებამდე საგამოძიებო უწყებები გააკეთებენ საჯარო განცხადებებს იმის შესახებ, რა ეტაპზეა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, გახმაურებული საქმეების გამოძიება.

XS
SM
MD
LG