საქართველოს გაუჩნდა შანსი შეისყიდოს ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ქვეყანას ჯავშნოსანი სამხედრო ტექნიკის ეფექტიანად მოგერიების საშუალებას მისცემს. როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში მიიჩნევენ, რომ, თუკი აშშ-ის კონგრესი მხარს დაუჭერს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, მესამე თაობის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
"ჯაველინის სისტემა" საქართველოსთვის
- აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტო: ჯაველინის სისტემა გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს უპასუხოს ეროვნული თავდაცვის მოთხოვნებს.
- ლელა ჩიქოვანი: ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.
- ირაკლი ალადაშვილი: ეს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, ჯაველინის მსგავსი, რუსეთის არმიის შეიარაღებაში არ არის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვასთან დაკავშირებით, - იტყობინება აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტო. სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე 20 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლაპარაკია 75 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებაზე, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად. ჩამონათვალშია მათ შორის - ჯაველინის სისტემის 410 რაკეტა, მართვისთვის საჭირო 72 დანადგარი, ასევე ვარჯიშისთვის საჭირო აღჭურვილობა და ტექნიკური დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან. საქართველოსთან მოსალოდნელი გარიგების შესახებ სააგენტომ 17 ნოემბერს აცნობა აშშ-ის კონგრესს.
აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებული გარიგება სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის:
„შეთავაზებული სავაჭრო გარიგება, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების გზით, ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ჯაველინის სისტემა გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს უპასუხოს ეროვნული თავდაცვის მოთხოვნებს. საქართველოს არ გაუჭირდება ამ სისტემის ინტეგრირება თავის შეიარაღებულ ძალებში. ამ აღჭურვილობის შეთავაზებული გარიგება და ხელშეწყობა არ შეცვლის ძირითად სამხედრო ბალანსს რეგიონში“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან თბილისში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლელა ჩიქოვანის თქმით, მომხდარს მტკიცე საფუძველი აქვს და ეს საქართველოსა და შეერთებული შტატების განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მიუთითებს:
„ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად, ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულებების სისწორისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ: ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ“.
ჯაველინის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას „რევოლუციურს“ უწოდებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენა ჯავშანსატანკო საშუალებები, ჯაველინის სისტემას საქართველოსთვის ძალიან დიდი სამსახურის გაწევა შეეძლო:
რაც მთავარია, რაკეტის მართვა ისე შეიძლება, რომ მოწინააღმდეგის ტანკს მოხვდეს ზემოდან, სახურავის მხრიდან. მსოფლიოში ყველა ტანკს სახურავი ბევრად უფრო სუსტად აქვს დაჯავშნილი, ვიდრე ცხვირი და ამიტომ სახურავის მხრიდან მოხვედრისას მისი აფეთქების უფრო მეტი შანსი არსებობს...ირაკლი ალადაშვილი
„ეს არის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, რომელიც მოქმედებს პრინციპით: გაისროლე, დაივიწყე, მოარტყი. ანუ, მაგალითად, როდესაც მიზანში ამოიღებს მოწინააღმდეგის ტანკს, ოპერატორს შეუძლია დატოვოს სტარტის ადგილი, რათა არ მოხვდეს მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლის ქვეშ. რაკეტა თვითდამიზნების სისტემით ხვდება სამიზნეს... და მეორე, რაც მთავარია, რაკეტის მართვა ისე შეიძლება, რომ მოწინააღმდეგის ტანკს მოხვდეს ზემოდან, სახურავის მხრიდან. მსოფლიოში ყველა ტანკს სახურავი ბევრად უფრო სუსტად აქვს დაჯავშნილი, ვიდრე ცხვირი და ამიტომ სახურავის მხრიდან მოხვედრისას მისი აფეთქების უფრო მეტი შანსი არსებობს. სხვათა შორის, ეს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, ჯაველინის მსგავსი, რუსეთის არმიის შეიარაღებაში არ არის“.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვას საქართველო 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, მაგრამ ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციები ასეთ გარიგებას ერიდებოდნენ, დიდი ალბათობით, რუსეთის გაღიზიანების მოსალოდნელობის გამო. სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ირაკლი ალადაშვილიც დარწმუნებულია, რომ ჯაველინის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების საქართველოს მიერ შესყიდვის ფაქტი არც ახლა იქნება მოსაწონი რუსეთისთვის, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.