Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს


ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებმა ხუთმა დევნილმა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, შიმშილობის აქცია დაიწყო. მათ კარავი კოლეჯის ეზოში გაშალეს და, როგორც აცხადებენ, შიმშილობას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

დევნილები რეაგირებას ითხოვენ როგორც მთავრობისგან, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ზუგდიდის ოფისისგან:

„შიმშილობა უკიდურესმა მდგომარეობამ დაგვაწყებინა. ღორი და ძროხა არ იცხოვრებს ასეთ პირობებში. სინათლე ჩვენ არ გვაქვს, წყალი ჩვენ არ გვაქვს“.

„არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია - გვითხრა, საბუთები გაამზადეთო, გავამზადეთ და მერე მაინც გვითხრეს, რომ თქვენ არაფერი გეკუთვნითო. გაერომ გვაწვალა ასე“, - ამბობენ მოშიმშილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეარჩია გაერომ დევნილები, რომელთაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებსაც რეალურად ეს არ სჭირდებათ.

ოკუპირებული გაგრის მკვიდრის რევაზ ღადუას თქმით, დევნილებს გაეროს ოფისში განუცხადეს, ბაღებსა და ტექნიკუმში ჩასახლებული დევნილები შენობებში უკანონოდ იმყოფებიან და ამიტომ მათზე დახმარება არ გაიცემაო.

გაეროს ზუგდიდის ოფისში ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადეს, ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა კი ამბობს, რომ დევნილები, მათივე თხოვნით, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებამდე პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში რჩებიან.

„აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს განსახლების შემთხვევაში პრივილეგია მიენიჭებათ. მანამდე იგეგმება მათთვის დახმარების გაწევა, მაგრამ სამინისტროს რესურსები მწირია და ის ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან თანამშრომლობით გარკვეული დახმარება გაუწიოს ამ დევნილებს“, - განაცხადა ირაკლი ქოჩუამ.

კოლეჯის შენობაში მცხოვრებთ გაეროს ზუგდიდის ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გასულ კვირაშიც გამართეს. მათ ამჯერადაც ორგანიზაციის ოფისთან სურდათ კარავი გაეშალათ, მაგრამ პოლიციის თხოვნა გაითვალისწინეს და შიმშილობის აქცია კოლეჯის ეზოში დაიწყეს.
XS
SM
MD
LG