Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ღვინის ქარხნებს ყიდის


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ღვინის ქარხნები „აკურა“ და „გრუზვინპრომი“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა.

დღემდე საქართველოში ღვინოს, რამდენიმე ათეული კერძო საწარმოს პარალელურად, სახელმწიფოც ამზადებდა კახეთის ორ ქარხანაში: გურჯაანში - „გრუნზვინპრომი“ და თელავში - „აკურა“. ღვინის ქარხნები იმ საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდნენ, რომელიც მთავრობამ ლარის კრიზისიდან გამოსაყვანად შეადგინა.

შპს „გრუზვინპრომისა“ და შპს „აკურას“ საქმიანობა თითქმის იდენტურია. ორივე კომპანია ფლობს ღვინის საწარმოებს კახეთის რეგიონში და რეგიონის ყურძნის მოსავლის ნაწილს იბარებს. 2012 წელს ამ 2 კომპანიის მიერ მიღებულმა ყურძნის რაოდენობამ მთელი მოსავლის 65% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2013 წელს 17%-მდე შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ქართული ღვინისთვის ბაზრის გახსნამ და ყურძენზე კერძო საწარმოების მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია.

„აკურას“ არა აქვს ღვინის ბოთლებში ჩამოსასხმელი ხაზები. ამიტომ ეს კომპანია მხოლოდ ე.წ. „ჩამოსასხმელ ღვინოს“ ამზადებს. კომპანია ამზადებს ასევე სპირტს.

„გრუზვინპრომი“ კი იმ კომპანიებს უწევს მომსახურებას, რომლებსაც ღვინის ჩამოსხმის საშუალება არა აქვთ. ისიც ამზადებს სპირტს და ადგილობრივ კომპანიებზე ახდენს მის რეალიზებას. კომპანიას აქვს, აგრეთვე, ექსპორტის ლიცენზია.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საწარმოები, ზოგადად, განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტიანობით არ გამოირჩევიან. 2014 წელს ორგანიზაციების IDFI-სა და „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კომპანია ფასების დაწესებასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის მისი დამფუძნებლის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან, ანუ მისი საქმიანობა არ არის წმინდა კომერციული. საინტერესოა, რომ კერძო ქარხნის მფლობელები, მართალია, არ მიესალმებიან სახელმწიფოს მიერ ღვინის ქარხნის ფლობასა და მართვას, მაგრამ, მათგან მიღებული ინტერვიუების თანახმად, სახელმწიფოს მიერ მართული ღვინის ქარხნები სერიოზულ კონკურენტებად არ მიაჩნიათ, რადგან მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ხარისხითა და ასორტიმენტით ძალიან განსხვავდება კერძო კომპანიების პროდუქციისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ღვინის საწარმოები ხელისუფლებას„ჭარბი“ და უხარისხო ყურძნის მოსავლის რეალიზაციისთვის სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ, ფაქტობრივად, არსებული სისტემის ფარგლებში, რთვლის სუბსიდირება ორი გზით ხდებოდა:პირდაპირ, რაც ვაუჩერის სახით ფერმერისთვის ფულად დახმარებას გულისხმობს, დაარაპირდაპირ: სახელმწიფო ჭარბ ყურძენს იბარებდა, გადაამუშავებდა მას და ძირითადად სპირტის სახით - ხშირად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად - გაჰქონდა აუქციონზე.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორივე მეთოდის გამოყენებითპირდაპირ ახდენს გავლენას ყურძნის ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესზე და, ფაქტობრივად, აწესებს ხელოვნურ ფასს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დიდი ალბათობით, იგივე არ იქნებოდა. ეს ორი ქარხანა ყურძენს იძენდა, ძირითადად, იმ ზონებში, სადაც მოწეული ნედლეული, ადგილწარმოშობის პრინციპებიდან გამომდინარე, ნაკლებად შედის კერძო სექტორის ინტერესთა სფეროში.

ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა მოთხოვნა აღნიშნულ საწარმოებზე. ამ ორი ქარხნის გარდა, ხელისუფლება სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გასხვისებასაც გეგმავს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს საკუთარ ბალანსზე არსებული 7 საწარმოდან 4 უკვე გადასცა, დანარჩენი სამი საწარმოს გადაცემის სამუშაოები კი ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს გადაცემული აქვს: „საქართველოს სასათბურე კომპანია“, „მარცვლეულის შესანახი კომპანია“, ღვინის ქარხნები „აკურა“ და „გრუზვინპრომი“.

ღვინის ქარხნების გარდა, „საქართველოს სასათბურე კომპანია“ და „მარცვლეულის შესანახი ცენტრები“საპრივატიზაციოდ ასევე გამზადებულია, თუმცა როდის გაიტანენ მათ აუქციონზე, ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG