გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, სამი მოადგილე, სამი თანაშემწე, სამი მრჩეველი, სამი კონსულტანტი და ორი მძღოლი ეყოლება. საშტატო ნუსხა გორის საკრებულომ დაამტკიცა. ეს თემა სოციალურ ქსელ ფეისბუკში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. მერს გაბერილი შტატების გამო აკრიტიკებდნენ. იყო იუმორნარევი კომენტარებიც: ერთი სამი მარკშეიდერიც საჭიროა მერიაშიო. კომენტატორების ნაწილი კი ცდილობდა გაერკვია, რა განსხვავებაა კონსულტანტებსა და მრჩევლებს შორის. განსხვავება ხელფასშია.
თვით მრჩევლებს შორისაც კი ერთგვარი დიფერენცირება მოხდა: მაგალითად, პირველი მრჩეველი 1 400 ლარს, მეორე 1 200-ს, მესამე კი 1 100 ლარს მიიღებს. კონსულტანტების ხელფასი კი 900 -900 ლარით განისაზღვრა. განსხვავებულია მძღოლების ანაზღაურებაც: პირველი მძღოლი 1000 ლარს მიიღებს, მეორე კი 850 -ს. ოპოზიციის წარმომადგენლები მერს ამ გადაწყვეტილების გამო მკაცრად აკრიტიკებენ, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდება.
ამასობაში გორის საკრებულომ აიპების რეორგანიზაციის შესახებ იმსჯელა. უკვე ცნობილია, რომ ათეულობით საჯარო მოხელე სამსახურს დაკარგავს. საკრებულომ განსაზღვრა, რომ გორის მერიას 10 არასამეწარმეო იურიდიული პირი ეყოლება, თუმცა მერიის მიერ საკრებულოზე შეტანილ პროექტში გაურკვეველია, რამდენი ადამიანი დაკარგავს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს და რა თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ ბუნდოვან განკარგულებას მხარს ვერ დაუჭერდნენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, თამარ კოდოშვილმა, პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა. იგი ამბობს, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო და სხდომაზე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა.
გორის მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე აცხადებს, რომ გათვლები და სტატისტიკა ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი - მას შემდეგ, რაც რეორგანიზაციის შედეგად ახალი აიპები ჩამოყალიბდება.
გორის თემისა და ქალაქის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მსგავსი აიპების შერწყმისა და რეორგანიზაციის საკითხი დადგა. საკრებულომ პროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ პროცესი მტკივნეული იქნება, მაგრამ ქალაქის განვითარებისთვის ასეა საჭირო. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები სახელმწფოსგან კომპენსაციას მიიღებენ.
მერიაში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აიპების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. უკვე ცნობილია, რომ სამსახურს ათეულობით ადამიანი დაკარგავს, ადგილობრივი ხელისუფლება კი ზოგან კადრების მასშტაბურ შემცირებაზე მიდის, ზოგან კი ადამიანების დასასაქმებლად ახალ შტატებს იგონებს. მერის მიერ მრჩევლების, თანაშემწეების, კონსულტანტებისა და მძღოლების დანიშვნის საკითხი ისევ საზოგადოებრივი განსჯის საგნად რჩება და, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება.