2 აგვისტოს, როგორც მოსალოდნელი იყო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარედ კოტე თავზარაშვილი აირჩია, მის მოადგილედ კი თემურ გიგუაშვილი. პირველივე სხდომაზე დამტკიცდა რეგლამენტი, რასაც ოპოზიციური „ქართული პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან ხმაური მოჰყვა: მათ რეგლამენტის ტექსტი სხდომაზე დაურიგდათ, გაცნობილები არ იყვნენ და საკითხის გადადებას ითხოვდნენ, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა. ყველაზე მეტად „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი თემურ აფხაზაშვილი აქტიურობდა. პირველივე სხდომაზე დარგობრივი კომისიები შეიქმნა. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ყველა კომისიის თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენელი დაამტკიცა.
რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს, აქ ვითარება უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც, კოალიციის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმაც დააყენეს. საბოლოოდ, კოალიციის კანდიდატმა პაპუნა კობერიძემ 9, ხოლო „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა რამაზ იოსელიანმა 4 ხმა მიიღო. კობერიძემ მოადგილედ ნინო ზურაბიშვილი დაასახელა, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ მისთვის, საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად, მთავარი პრიორიტეტი ქალაქში არსებული პრობლემების დაძლევა იქნება.
საკრებულოს წევრი „ქართული პარტიიდან“ რამაზ იოსელიანი უკმაყოფილო იყო: „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ და ოპოზიციის შენიშვნებს არ ითვალისწინებსო.
შეხვედრას ესწრებოდა გორის ახლად არჩეული მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, რომლის უფლებამოსილებაც საკრებულოს შეკრებისთანავე დაიწყო. ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ახალ საკრებულოსთან, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობას შეძლებს.
ამავე სხდომაზე გაფორმდა ფრაქციები. რაც შეეხება კომისიებს, 5 კომისიიდან 3-ის თავმჯდომარე კოალიციის, 1-ის ლეიბორისტების და კიდევ 1-ის „ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელი გახდა.
მართალია, ქალაქის საკრებულოს პირველმა სხდომამ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, მაგრამ წინა დღემდე კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის კანდიდატურებზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, საპროტესტო აქციისთვის პარტია „ ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი აქტივისტების მობილიზებაც კი დაიწყო „ეროვნული ფორუმისა“ და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, მაგრამ გორში კოალიცია დაშლას გადაურჩა, რადგან საქმეში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან ჩაერივნენ. დღეს ამ თემაზე კოალიციის ლიდერები არ ლაპარაკობენ. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ „ფორუმის“ წარმომადგენელი თავმჯდომარე, მოადგილე კი „ოცნების“ დეპუტატი გახდებოდა. რესპუბლიკელების ლიდერი კი, წინა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, რომლის კანდიდატურაც ასევე სახელდებოდა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი ქალაქისთვის ცნობილია, რომ ახლა კოალიციაში მყიფე ერთობაა და ის სადამდე შენარჩუნდება, დროის საკითხია. დღეიდან მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გორის მერიაში კადრების დანიშვნა დაიწყება.