Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მერობის კანდიდატები საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე წარდგნენ


გორის მერობის კანდიდატები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
გორის მერობის კანდიდატები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები საზოგადოების წინაშე საკუთარი პროგრამებით წარდგნენ. ცხრა კანდიდატიდან ამ შეხვედრაზე ხუთი მივიდა. სხვა კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები მოიმიზეზეს. მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, რევაზ კახნიაშვილიც. ფორმატის მიხედვით, მერობის კანდიდატებს ერთმანეთში არ უნდა ედებატათ და მხოლოდ წინასწარ მომზადებულ კითხვებზე უნდა ეპასუხათ. „კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა, ალეკო ლურსმანაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა: მისი თქმით, პრიორიტეტად სტალინის ძეგლის დადგმა მიაჩნია და თუ ქალაქის მერი გახდება და ამას მიაღწევს, მაშინვე გადადგება. საზოგადოება მის გამონათქვამებს ღიმილით პასუხობდა და კანდიდატმა, იმის მიუხედავად, რომ ფორმატი ამას არ ითვალისწინებდა, მათთან პოლემიკაში შესვლა გადაწყვიტა.

გორის მერობის კანდიდატები და მთავარი კონკურენტები მმართველი პარტიიდან -კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეა, და „შენების მოძრაობის“ კანდიდატი, მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი -ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ქალაქის განვითარებაზე, ტურიზმის ხელშეწყობაზე საუბრობდნენ. კონსტანტინე თავზარაშვილის აზრით, დღეს ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბავშვო ბაღებში არსებული ვითარებაა. შენობები უკვე აღარ არის საკმარისი კონტინგენტისთვის.

დავით ონიშვილი კი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკობდა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან ამ მიმართულებით ქალაქის მომავალ ხელმძღვანელობას დაეხმარონ. მისი გამოსვლის დროს დარბაზში პოლონელი დეპუტატები შემოვიდნენ, რომლებიც ონიაშვილთან თანამშრომლობენ.

სხვა კანდიდატებს განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ. ამ საჯარო გამოსვლებმა ადგილობრივი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ გორის მერობისთვის მთავარი კონკურენტები კონსტანტინე თავზარაშვილი და დავით ონიაშვილი იქნებიან. საზოგადოების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ გორში მეორე ტური გარდაუვალი იქნება.

XS
SM
MD
LG