Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადაც თქვენ, იქაც მე


„სადაც თქვენ, იქაც მე“ - ასე ჰქვია აქციას, რომელიც გორელი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში დაგეგმა. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მე მინდა ქალაქი სააგიტაციო მასალით აჭრელებული კედლების გარეშე. მე არ მაქვს არჩევნებიდან არჩევნებამდე კედლებზე შერჩენილი გახუნებული სახეების ყურების ვალდებულება, თუმცა გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც ერთნაირად მაიძულებენ ამას - თან, უკვე წლებია.

ასე რომ, დროა, ახლა მათ უყურონ ჩვენს სახეებს. ამისთვის კი საჭიროა შევიკრიბოთ დიდების მუზეუმთან, რა თქმა უნდა, საკუთარი ფოტოსურათებით ხელში, რომლებსაც გადავაკრავთ სააგიტაციო მასალით გაძეძგილ ერთ-ერთ კედელს“.

დანიშნულ დროს ახალგაზრდები ქალაქში ყველაზე მეტად აჭრელებულ კედელთან შეიკრიბნენ და პოლიტიკოსების პლაკატებზე საკუთარი ფოტოების გადაკვრა დაიწყეს. აქციის ორგანიზატორი გვანცა დოლუაშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია პოლიტიკოსების იმ მავნე ჩვევისა და უპასუხისმგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის შედეგადაც ქალაქის იერსახე მახინჯდება.

ახალგაზრდა აქტივისტი ლიკა თომაშვილი აცხადებს, რომ კედლების გასუფთავება იმ პოლიტიკოსებისა და პარტიების ვალია, რომლებიც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე მათ ეს დაივიწყეს.

ახალგაზრდებმა ამ აქციით მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ყურადღების მიქცევა შეძლეს. ახალი საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი აქციაზე თვითონვე მივიდა და ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ ქალაქის იერსახეზე ზრუნვას პარტიის ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად მალე დაიწყებს.

ახალგაზრდების აქციამ ყველაზე მეტად გამვლელების ყურადღება მიიპყრო. გორელებს კედლებზე შემორჩენილ პოლიტიკოსთა სახეების ყურება მოსწყინდათ და მათ ჩამოხსნას მოითხოვენ.

კანონით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირაში პოლიტიკურმა სუბიექტებმა კედლებზე გაკრული სააგიტაციო მასალა თვითონვე უნდა ჩამოხსნან. ეს დრო უკვე გასულია, მაგრამ პარტიები ამის გაკეთებას არ ჩქარობენ. სანქციაც მკაცრი არ არის და მხოლოდ 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც ხარვეზებია და ნათლად არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის საკითხი.

პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ 50-ლარიან ჯარიმას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური აკისრებს, თუმცა ამ დრომდე დაჯარიმების პრეცედენტი არ ყოფილა. გამგეობის იურისტი რევაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებენ.

ახალგაზრდები სოციალური ქსელებით აქციას აგრძელებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ პოლიტიკოსების სახეები სხვადასხა ფოტოებით გადაფარონ და ამით პროტესტი გამოხატონ ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო, პოლიტიკოსებს კი საკუთარი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ შეახსენონ.

XS
SM
MD
LG