Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღონისძიებები თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის პრევენციისთვის


საქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებულნი იქნებიან სამშობლოში, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, კრისტიან კლოსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში მყოფი გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ანეტ გიუნტერი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ისინი გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მთხოვნელთა რიცხვის მატების ტენდენციაში სწრაფი და მდგრადი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. კერძოდ, გერმანული მხარე აპირებს, საგრძნობლად შეამციროს თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულის რიცხვის შემცირებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის პრევენციის მიმართულებით 6 მარტს პირველი კონკრეტული ნაბიჯი გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრების მიმართულებით გადადგა.

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელიც გვარის შეცვლისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. პროექტში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, ნათქვამია, რომ გვარის შეცვლის წესის გამკაცრების მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მონაპოვრის დაცვაა. კერძოდ, კანონი მოახდენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციას და მყარ საკანონმდებლო გარანტიას შეუქმნის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა შემუშავებული, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს. სამწუხაროდ, ეს გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც რამდენჯერმე სხვადასხვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და, სამწუხაროდ, სჩადიან დანაშაულს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკი. ამ მიზნით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებებით სრულწლოვან მოქალაქეს გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება, თუმცა ეს არ შეეხება ქორწინება-განქორწინების შემთხვევებს. გვარის შეცვლის წესის გამკაცრების აუცილებლობას იუსტიციის სამინისტრო არსებული სტატისტიკის ანალიზითაც ადასტურებს. ამ მონაცემებით, მაგალითად, 2016 წელს 58-მა პირმა გვარი ორჯერ შეიცვალა, ერთმა კი სამჯერ. 2017 წელს გვარი ორჯერ 59-მა პირმა შეიცვალა, ერთმა კი 4-ჯერ. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, ევროკავშირის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულები გვარს იცვლიდნენ და კვლავ შენგენის ზონაში მიემგზავრებოდნენ.

სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გერმანიასა და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. განსაკუთრებული მატება იგრძნობა ბოლო თვეებში...
კრისტიან კლოსი

კანონის გამკაცრებით საქართველოს მთავრობას ვითარების გამოსწორების იმედი აქვს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის რაოდენობის შემცირების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, საქართველოში მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, კრისტიან კლოსმა, განაცხადა, რომ გერმანია თავშესაფრის მთხოვნელებს საქართველოდან არ დააკმაყოფილებს:

„სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გერმანიასა და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. განსაკუთრებული მატება იგრძნობა ბოლო თვეებში. საქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა. ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებულები იქნებიან სამშობლოში. ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გავააქტიუროთ, რათა სათანადოდ იქნეს დაცული როგორც ევროპული, ისე ქართული კანონი და საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით“.

საქართველოში გერმანიის საელჩოს თანახმად კი, შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, წინა პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერაა გაზრდილი. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან თითქმის 100-მა პროცენტმა მიიღო უარი. უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შესამცირებლად გერმანიას სურს კიდევ უფრო გააღრმაოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. ამასთან, გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში რამდენიმე წლით შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

გერმანული დელეგაციის ვიზიტს, როგორც პრობლემურ საკითხებზე ორმხრივი დიალოგის შესაძლებლობას, პოზიტიურად მიიჩნევს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც, მეორე მხრივ, სკეპტიკურადაა განწყობილი მოსალოდნელი ღონისძიებების ეფექტიანობის მიმართ:

“სწორია მიდგომები ჩემი გადმოსახედიდან სუბიექტურად, თუმცაღა, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი, რომ ამან შეიძლება მასობრივად შეამციროს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ნაკლებად მაქვს. რეალურად დიდი ნაწილი მოსახლეობის, ვინც მიდის საქართველოდან და ითხოვს თავშესაფარს, ერთგვარად რისკავს და, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება. რამდენიმე წელი შემდგომ შეიძლება ვეღარ შეძლოს შენგენის ზონაში წასვლა, თუმცა მაინც ეცდება, რომ გარისკოს იმისთვის, რათა მოიპოვოს თავშესაფარი“.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გერმანიასთან ერთად საგრძნობლად გაზრდილია ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, ისლანდიაში, საფრანგეთში. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, სავიზო ლიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების ამოქმედების საკითხი არ დგას. მიგრაციის პრობლემაზე საუბარი კი გაგრძელდება ევროპოლშიც, სადაც საქართველოს დელეგაცია რამდენიმე დღეში გამართავს შეხვედრებს:

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

“კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე პასუხისთვის. საკითხი შეჩერების მექანიზმის ამუშავებაზე არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არ ამოქმედებულა“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აქვე ამბობს,რომ თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობის ზრდა საქართველოდან მოსალოდნელი იყო და ამ შეხედულებას მისი ევროპელი კოლეგებიც იზიარებდნენ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად კი გერმანია საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხს დააყენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს, ბრიუსელში გაიმართება. მისივე ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი არ არის. ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედების ერთი წლის განმავლობაში უვიზო მიმოსვლით 220 00-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

XS
SM
MD
LG