Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ ბრეჟნევი თბილისში



„აწმყო შობილი წარსულისაგან...“


1981 წლის მაისის მიწურულის ერთი წვიმიანი დღე ჩემი ბავშობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონებათაგანია: ამ დღეს თბილისს ეწვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი. საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური 1964-1982 წლებში, ოთხგზის საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური შრომის გმირი, სსრკ-ს მარშალი და ლიტერატურაში ლენინის პრემიის ლაურეატი – ლეონიდ ბრეჟნევი ლამის ზღაპრული არსება იყო ჩემთვის: მისი ხმა, რომელსაც თითქმის ყოველდღე ტელევიზორიდან ვისმენდი, დღესაც იმ ტკბილ დროს მახსენებს, რომელსაც ბავშობა ჰქვია.

1981 წელი საქართველოსათვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო: 13 მაისს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასის ფინალში გაიმარჯვა და ქართული ფეხბურთის ეს დღემდე უდიდესი წარმატება ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ფილარმონიასთან, „კიროვის პარკის“ (დღევანდელი ვერის პარკი) შესასვლელთან ბრეჟნევის უზარმაზარი პორტრეტი დაიდგა, რომელზეც სსრკ-ს ლიდერი ფეხბურთის გულშემატკივრებს და სრულიად საქართველოს ყველა მშრომელს ამ დიდ გამარჯვებას ულოცავდა.

საყოველთაო სიხარულს ისიც ემატებოდა, რომ საბჭოთა საქართველო თავისი დაარსების 60 წლისთავს ზეიმობდა და ამ დიდებული დღესასწაულის აღსანიშნავად სოციალისტური შრომის ფერხულში წარმატებით ჩართულ მოკავშირე რესპუბლიკას ყველაზე დიდ საჩუქრად იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოს მეთაური – ლეონიდ ილიას ძე უნდა სტუმრებოდა. საქართველოს დედაქალაქმაც, საგანგებოდ ამ დღისათვის, სახე იცვალა: აშენდა რესპუბლიკის მოედანი თავისი გიგანტური ბეტონის დეკორაციებით, მაგრამ რადგანაც მშენებლობის დამთავრება დროის მოკლე ვადებში ვერ მოხერხდა, საბჭოთა და შემდგომ პოსტსაბჭოთა საქართველოს ყველაზე დიდი საპარადე-სამიტინგო მოედანი მხოლოდ საბჭოეთის ლეგენდარული ლიდერის გარდაცვალების შემდეგღა გაიხსნა და ბეტონის მონუმენტსაც ბრეჟნევის მემკვიდრის – იური ვლადიმირის ძე ანდროპოვის სახელის უკვდავსაყოფად თბილისელებმა „ანდროპოვის ყურები“ შეარქვეს.

ნახევარი თუ არა, მესამედი მსოფლიოს წინამძღოლის თბილისში ვიზიტი არა მხოლოდ იმ წლის, არამედ მთელი გვიანსაბჭოთა ეპოქის საქართველოს ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენა იყო, რომლის მადლითაც თბილისის ცენტრალური ქუჩებიც ახლად მოასფალტდა და შენობებიც შეპირკეთდა. ძველი თბილისიც ახალი საღებავებით გაფერადდა. არც დიდი სტუმარი დარჩა ვალში: საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მორიგი გარდამავალი წითელი დროშა გადაეცა, ხოლო მისი კომპარტიის ლიდერს – ედუარდ შევარდნაძეს კი სოციალისტური შრომის გმირობის ოქროს ვარსკვლავი.

ბრეჟნევის სტუმრობას ერთად ზეიმობდა სრულიად საქართველო – მუშები და კოლმეურნეები, ინჟინრები და პედაგოგები, მეცნიერები და პოეტები... განსაკუთრებით სასიხარულო ეს დღე ქართველი მწერლებისა და ლიტერატორებისათვისაც უნდა ყოფილიყო: ლეონიდ ილიას ძე ხომ იმ დროს უკვე მსოფლიოში სახელგანთქმულ მწერლადაც ითვლებოდა, რომლის მემუარული ჟანრის რომანებს – „მცირე მიწას“, „აღორძინებასა“ და „ყამირ მიწას“ ქართველი კოლეგები ერიხ მარია რემარკსა და ჰემინგუეის ადარებდნენ.

განსაკუთრებით სასიხარულო 1981 წლის მაისის ეს ორი დღე საქართველოს მოსწავლეებისათვის აღმოჩნდა: ბრეჟნევის თბილისში ჩამოსვლის ხათრით იმ წელს სკოლის არდადეგებიც ერთი კვირით ადრე დაიწყო. თანაც ჩვენ – საქართველოს ბავშვებს განსაკუთრებული პატივი გვხვდა წილად: ჩვენ უნდა დაგვემშვენებინა აეროპორტიდან თბილისის ცენტრისაკენ მიმავალი გზა და ხელი დაგვექნია საბჭოთა სახელმწიფოსა და მსოფლიოს მუშათა მოძრაობის ლეგენდარული ლიდერისათვის. ჩემი კლასი (იმ წელს მესამე კლასი დავამთავრე) გორგასლის ქუჩაზე დაგვაყენეს. წვიმიანი, მაგრამ თბილი დღე იყო. ჩვენ გვიხაროდა არდადეგების დაწყება და თანაც გულის ფანცქალით ველოდით ბრეჟნევის გამოჩენას. ვიცოდით, რომ მისი ესკორტი სულ რამდენიმე წამით ჩაიქროლებდა და ვცდილობდით, ისეთი ადგილი შეგვერჩია, საიდანაც ცოცხალი ბრეჟნევისათვის თვალის შევლება იქნებოდა შესაძლებელი. მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი ოცნებაც ასრულდა და ჯერ მილიციის ვოლგების, შემდეგ მოტოციკლეტთა ესკორტის შემდეგ გამოჩნდა უშველებელი საბჭოთა ლიმუზინი „ზილი“. ბრეჟნევი წინა სკამზე იჯდა და მარჯვენა ხელი აღმართული ჰქონდა. ასე ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში ლეონიდ ილიას ძე და დღესაც, როცა Youtube-ზე ბრეჟნევის ძველ ვიდეოჩანაწერებს ვუყურებ, მაისის ის ღრუბლიანი დღე მახსენდება და ბავშობის ტკბილ განცდებს ჩემი ერთი პირადი ტკბილი განცდაც თან ერთვის: იმ დღეს გავბედე და ჩემს კლასელს, ნათია ს.-ს ჩემს მისდამი სიყვარულში გამოვუტყდი. ნათია ხუთოსანი იყო, მე კი მისი მიბაძვით ვცდილობდი უკეთესი მოსწავლე ვყოფილიყავი, თავის ღირსად რომ მივეჩნიე, მაგრამ არ გამომდიოდა. იმ დღეს კი, ალბათ ბრეჟნევის მადლი ჩემზეც გადმოვიდა და იმხელა სულიერი ძალა და გამბედაობა მომცა, რომ მას ჩემი გრძნობები გავუზიარე. ნათიამაც გამიღიმა და სახლამდე გაცილების უფლება დამრთო.

მეორე დღესვე სკოლის მოსწავლეებს არდადეგები დაგვეწყო და ბრეჟნევიც ყველას მალე გადაგვავიწყდა. ორი წლის შემდეგ ბრეჟნევი რომ გარდაიცვალა, წამოზრდილი ბავშვები უკვე ირონიულად ვუცქერდით ჩვენს ისტორიის მასწავლებელს, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ ბრეჟნევი რომ მოკვდეს, ომი დაიწყებაო. ომების ეპოქა საქართველოში ბრეჟნევის ვიზიტიდან 20 წლის შემდეგ დაიწყო და 30 წლის შემდეგ კი საქართველო როგორც მაისის იმ დღეებში, ისე ეგებება მშვიდობის ანგელოზად ჩამოფრენილ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის.

პ. ს. ბრეჟნევზე ერთი საბჭოთა გამოცანა-ანეკდოტი მახსენდება: „დაფრინავს და ყველას კოცნის. გამოიცანით ვინ არის?“

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG