Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მისი თანასოფლელებიც მოითხოვენ


გიორგი გიუნაშვილი
გიორგი გიუნაშვილი

გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიუნაშვილის ოჯახი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ამჟამად გორთან ახლოს ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის ომის დროს გიუნაშვილები სოფელ დისევიდან იძულებით გადაადგილებული პირები გახდნენ.

სწორედ დამწვარი სახლის მოსანახულებლად გადავიდა გასული წლის ივნისში გიორგი დისევის ტერიტორიაზე, სადაც ის დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში დასდო ბრალი. ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამბობენ, რომ ეს ბრალდება გამოგონილია და პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვენ. დაკავებულის მეუღლემ, ნონა კახნიაშვილმა, არ იცის, ჰყავდა თუ არა მის მეუღლეს ადვოკატი სასამართლო პროცესზე, ან შესაძლებელია თუ არა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. დაკავებულს ოჯახთან კომუნიკაცია წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით ჰქონდა და მხოლოდ ზოგადი შინაარსის წერილები გაიცვალა. ოჯახი ინფორმირებული არ არის, რა მდგომარეობაში იმყოფება გიორგი გიუნაშვილი. ნონა კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მეუღლის უფლებები ირღვევა და საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ სთხოვს დახმარებას.

ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და გიუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, არასდროს სმენიათ, რომ დაკავებული ოდესმე რომელიმე შეიარაღებული დაჯგუფების წევრი ყოფილიყო.

გიუნაშვილის მიმართ ცხინვალის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გორის მცხოვრებლებიც გამოეხმაურნენ. მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს დაკავებულების გასათავისუფლებლად და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან. გიუნაშვილის 20- წლიანი სასჯელის შესახებ ჟენევის დისკუსიის ფარგლებშიც იმსჯელებენ, თუმცა ოჯახს ჯერ ვერავინ აძლევს გარანტიას, რომ დაკავებულს გაათავისუფლებენ.

XS
SM
MD
LG