Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გიუნაშვილი თავისუფალია - გაცვლა თუ ჰუმანიტარული პროცესის გაგრძელება?


გიორგი გიუნაშვილი თავის ოჯახთან ერთად
გიორგი გიუნაშვილი თავის ოჯახთან ერთად

გიორგი გიუნაშვილი გუშინ ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულმა და ოსურმა სააგენტოებმა გაავრცელეს. გიორგი გიუნაშვილი გასული წლის ივნისში ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მას ჯერ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს, მოგვიანებით კი ბრალდება დაუმძიმეს, დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის მუხლით გაასამართლეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გიუნაშვილის გათავისუფლება

  • ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა, კეთილი ნება გამოიჩინა და ქართველი პატიმარი შეიწყალა.
  • ქართული მხარე ცხინვალის ციხიდან კიდევ ერთი მოქალაქის, გურამ ბესტაევის, გათავისუფლებას ითხოვს.
  • ქეთევან ციხელაშვილი ამტკიცებს, რომ ეს იყო იმ ჰუმანიტარული პროცესის გაგრძელება, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გიორგი გიუნაშვილი ოჯახთან ერთად სოფელ დისევში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა. ომის შემდეგ ეს სოფელი ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდა, გიუნაშვილების ოჯახი კი გორის მუნიციპალიტეტში, ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, ერთ კოტეჯში შეასახლეს. გასული წლის ივნისში გიორგი გიუნაშვილი სოფელ დისევში საკუთარი სახლის სანახავად გადავიდა, მაგრამ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთში გამართულ “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე მუდმივად მოითხოვდნენ გიუნაშვილის გათავისუფლებას და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევდნენ.

გუშინ დილით კი გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის ციხეში გააღვიძეს და მოულოდნელად უთხრეს, რომ ათავისუფლებდნენ. ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, კეთილი ნება გამოიჩინა და ქართველი პატიმარი შეიწყალა, რის შემდეგაც აფხაზურ მხარეს გადასცა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ზურაბ ლაკერბაიამ, გიუნაშვილი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის, განცხადებით, მოცემული პროცედურა წარმოადგენს „სამხრეთოსური მხარის კეთილ ნებასა და პრეზიდენტის ჰუმანურობას“.

„მსჯავრდებულის გადაცემა აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასადმი გამოვლენილი პატივისცემაა. მან ანატოლი ბიბილოვს სთხოვა გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის იმ მოქალაქეში გადასაცვლელად, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის“, - განაცხადა ჯიოევმა. იმას, თუ აფხაზეთის რომელ მოქალაქეში გაიცვალა გიორგი გიუნაშვილი, არც დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები აკონკრეტებენ და არც საქართველოს მთავრობისა. ამის შესახებ არც თავად გათავისუფლებულმა იცის რამე.

ემოციური იყო გიუნაშვილისა და ოჯახის წევრების შეხვედრა. შვილებმა 18 თვის უნახავი მამა ნახეს. გათავისუფლებულის ძმა, რევაზ გიუნაშვილი, ძალისხმევას არ იშურებდა დაკავებულის გასათავისუფლებლად. იგი ამბობს, რომ მეორედ დაიბადა, როცა გიორგის გათავისუფლების შესახებ აცნობეს.

გიუნაშვილის მოსანახულებლად ბერბუკის დევნილთა დასახლებაში გუშინვე ჩავიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ოსური მედია აფხაზი და ქართველი პატიმრების გაცვლის შესახებ იუწყება. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გუშინ ბერბუკში, დღეს კი სახელმწიფო კანცელარიაში ხაზგასმით ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო გაცვლა და იყო იმ ჰუმანიტარული პროცესის გაგრძელება, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ კემოკლიძე მიიჩნევს, რომ გიუნაშვილის გათავისუფლება პოზიტიურ იმპულსს შესძენს როგორც ინციდენტების პრევენციის, ასევე ჟენევის დისკუსიის ფორმატს.

2016 წლის 10 მარტს ენგურის ხიდზე მოხდა პატიმრების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზურ და ოსურ მხარეებს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა, ძირითადად გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით მსჯავრდებული პირები, სანაცვლოდ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა.

გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება ცხინვალში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯინბას, ვიზიტს დაემთხვა და ეს გადაწყვეტილებაც ამ ვიზიტის ფარგლებში იყო მიღებული. ქართული მხარე ცხინვალის ციხიდან კიდევ ერთი მოქალაქის, გურამ ბესტაევის, გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც 30 ოქტომბერს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს მოქალაქე ბესტაევი სოფელ ზარდიაანთკარიდან ცხინვალში ცოლ-შვილის მოსანახულებლად აპირებდა გადასვლას, როცა დაკავებულ იქნა. ეს მისი მხრიდან საოკუპაციო ხაზზე გადასვლის მესამე შემთხვევა იყო. ცხინვალის სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და ახლა ბესტაევი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

XS
SM
MD
LG