Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Stalin redux*


აჩრდილი დადის პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, აჩრდილი სტალინისა.

აი, მაგალითად, რუსეთში 25 წლის წინ დიდ სახელმწიფო მოღვაწედ სტალინს სულ რაღაც 12 პროცენტი მიიჩნევდა, დღეს კი ასეთად უკვე 45 პროცენტი განიხილავს. სტალინმა მე-12 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა.
საქართველოში, სადაც სტალინს არასოდეს აკლდა თაყვანისმცემლები, სადაც ბევრისგან დაწუნებულ ზედაპირულ დესტალინიზაციას ბოლო დროს მცოცავი რესტალინიზაცია ჩაენაცვლა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა ცოტა ხნის წინ ისე მოახერხა სტალინზე დეტალურად ლაპარაკი, რომ მასზე ცუდი არაფერი უთქვამს (ბევრი დადებითის თქმა კი მოასწრო), სადაც სტალინის ძეგლების დადგმის პროცესი როგორც ქვემოდან, დემოკრატიულად, ისე ზემოდან, იერარქიულად იმართება - საქართველოში ამ აჩრდილს ლამისაა მატერიალიზაციის შანსიც გაუჩნდეს.

როგორც „ჰამლეტიდან“ ვიცით, აჩრდილის გამოჩენა საკმარისი არ არის. მთავარი ისაა, თუ რის თქმა უნდა აჩრდილს. ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ის რუსულად სხვა რამეს ამბობს, ვიდრე ქართულად, რუსეთში მისი „გახსოვდეს“ სხვა რამეს ეხება, ვიდრე საქართველოში.

თუმცა საერთოც არსებობს - ძალადობის კულტი. „სტალინი მსოფლიოს აზანზარებდა“.

ისიც საერთოა, რომ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს შემთხვევაში ძალადობის ეს კულტი კავშირშია ერი-სახელმწიფოს პოლიტიკური ფორმის გათავისების სირთულეებთან.

თუ მე-19 საუკუნის რუსეთის მთავარი პრობლემა იყო „ერის ვიწრო კანის გადაჭერა იმპერიის სხეულზე“, დღეს ეს პრობლემა ზუსტად საპირისპიროა: იმპერიის ყალბი შარავანდედის ჩამოკიდება ერი-სახელმწიფოს თავზე. სტალინი სწორედ ამ ყალბი იმპერიულობის სიმბოლოა: „დერჟავა“, როგორც ჰიპერკომპენსაცია ნავთობისა და გაზის „ნარკოტიკზე“ შესმული სახელმწიფოსთვის.

საქართველოში სიტუაცია საპირისპიროა: საქართველოში ნაციონალიზმი ჩაისახა იმპერიაში (მე-19 საუკუნეში) და ჩამოყალიბდა მეორე იმპერიაში (მე-20 საუკუნეში). ამიტომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთისაგან კარგად ვერ იმიჯნება ეთნოსი და ნაცია. იმპერიის ფარგლებში ნაცია, ერი, ერი-სახელმწიფო ვერ იარსებებს, მაგრამ, აი, ეთნოსის ატანა იმპერიას სირთულეს არ უქმნის. ეთნოსის დამაკავშირებელი პრინციპი სისხლია. სტალინი, როგორც ქართული სისხლის მატარებელი, ხდება საქართველოს, როგორც ეთნოსის სიმბოლო.

ორივე შემთხვევაში პრობლემა ერ-სახელმწიფოშია: რუსეთს აქვს ცდუნება, იყოს იმაზე მეტი, რაც არის (ერი-სახელმწიფო, რომელსაც უნდა იყოს იმპერია); საქართველოს აქვს ცდუნება, იყოს იმაზე ნაკლები, რაც არის (ერი-სახელმწიფო, რომელსაც უნდა იყოს ეთნოსი). ორივეს ეს ფანტაზმური სურვილი სტალინის აჩრდილად მკვრივდება.

სტალინის აჩრდილი რუსული იმპერიული და ქართული ეთნიკური პროექტების თავსებადობის სიმბოლოა.

მეოთხედი საუკუნის წინ სახაროვმა საქართველო მოიხსენია, როგორც „მცირე იმპერია“, შეადარა რა რუსეთს, როგორც „დიდ იმპერიას“. პირდაპირ ვთქვათ, რომ დიდად ჭკვიანური აზრი არ იყო - არა რუსული შოვინიზმის გამო, არამედ იმის გამო, რომ ნათელი გახადა: დიდი ფიზიკოსისა და უფლებადამცველის წარმოდგენები სოციალურ სამყაროზე მაინც ვულგარული ისტორიული მატერიალიზმით იყო განპირობებული. საქართველო განსაზღვრების თანახმად ვერ იქნებოდა ვერანაირი იმპერია, ვერც დიდი და ვერც პატარა. ის კონფლიქტი, რომელიც მოხდა აფხაზეთში, იყო ტიპური ნაციონალისტური კონფლიქტი ორ ნაციონალიზმს შორის. ასეთი კონფლიქტი, მართალია, ტრაგიკული, მაგრამ ნაციონალიზმის ისტორიაში მაინც ტრივიალური ფენომენია, რადგან ნაციონალიზმი მოითხოვს ნაციისა და სახელმწიფოს საზღვრების დამთხვევას.

იმპერია ამას არ მოითხოვს. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავარი პრობლემები რუსეთთან იყო არა მის იმპერიულობაში, არამედ იმაში, რომ რუსეთის იმპერიაში ერთდროულად ორი პროექტი იბადებოდა: რუსული ნაციონალიზმისა და ქართული ნაციონალიზმის. მაგალითისათვის, რუსიფიკაცია, ანუ რუსული ენით ქართულის ჩანაცვლება, ტიპური ნაციონალისტური (და არა იმპერიული) პროექტია. იმპერიას არ სჭირდება საკუთარი მოსახლეობის სრული ჰომოგენიზაცია; ეს სჭირდება ერ-სახელმწიფოს.

ამის საპირისპიროდ დაიბადა ქართული ნაციონალიზმი, რომლისთვსაც მიუღებელი იყო საქართველოს, როგორც ეთნოსის არსებობა რუსეთის იმპერიაში, რომელიც ცდილობდა, ნაციის ვიწრო კანი გადაეჭიმა ეთნიკურობაზე. სახელმწიფოს არარსებობის ან მისი ჩავარდნების გამო ეს მცდელობა არასდროს ყოფილა ბოლომდე წარმატებული. ჩავარდნის სიმპტომი გენერალისიმუსის ფიგურაა. სტალინი ჭიპლარია, რომელიც ქართული ეთნოსის ფანტაზმას რუსული იმპერიის ნოსტალგიასთან აკავშირებს.

სტალინის გამოჩენა ფსიქოანალიტიკური დავიწყების სიმპტომია - იმის დავიწყებისა, რომ ნაციას ერთადერთი პატრონი ჰყავს - ერთმანეთის თანასწორი ვაჟები (რომლებსაც გენდერული სენსიტიურობის გამომუშავება არ აწყენდათ). სწორედ ამიტომ უკან გვიბრუნდება ეთნოსი თავისი მთავარი სიმბოლოთი - მამით.

მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აქცენტითა და სარკაზმით მამის აჩრდილი გვეუბნება:

«Другова символа для вас у мэня нэт!»
_________________
*დაბრუნებული სტალინი (ინგლ.)

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG