Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 3 აპრილი


„ნატოს კარი კვლავ ღიაა, პერსპექტივა - ბუნდოვანი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს თანახმად, ნატო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე ვერანაირ სხვაობას ვერ ხედავს ქვეყნის წინა და ახალი მთავრობის პოზიციებში. სტატიაში კი ძირითადად იმაზეა საუბარი, რომ, მიუხედავად მთავრობისა და რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და განსაკუთრებით ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა, რაც, თავის მხრივ, მთავარ დაბრკოლებად რჩება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. ასეთ ფონზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში ამბობს, რომ ”ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ მიგიღონ. თუ პერსპექტივა ნაკლებია, მაინც უნდა აგრძელებდე შენი გადაწყვეტილების დემონსტრირებას, რომ შენი არჩევანი არის დასავლეთი და ამ სამყაროში ინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებ.” ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ ეს პროცესი რაც უნდა გაგრძელდეს, ჩვენ მაინც ნატოსკენ უნდა მივისწრაფვოდეთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისა და დემოკრატიული განვითარების.

გაზეთ ”ვერსიის” ფურცლებზე კი წაიკითხავთ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს დაშლა-დანაწილებისა, დაშლილი საქართველო კი რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და, შესაძლოა, აზერბაიჯანის ინტერესების გამტარებელი აღმოჩნდეს. მოსაზრებას გაზეთთან საუბარში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი გამოთქვამს, საუბრის თემა კი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა და მეჩეთის აშენებით გამოწვეული საფრთხეებია. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ფიქრობს, რომ მეჩეთის მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. ვერსიის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით მიმდინარეობს ბათუმის მოსახლეობის გამოკითხვა იმის გასარკვევად, ხალხს ახალი მეჩეთის აშენება სურს თუ არსებულის გაფართოება. როგორც დავით თარხან-მოურავი ეუბნება „ვერსიას“, თუკი გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტი ახალი მეჩეთის აშენების წინააღმდეგი იქნება და ხალხის აზრს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, ბათუმში საპროტესტო აქციები დაიწყება.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი კი გაზეთ ”ახალ თაობასთან” ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალების გამოძიების იდეას ეთანხმება და არ გამორიცხავს, რომ, გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი გახდეს აუცილებელი. თავად ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია მაშინდელმა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით დაგეგმა და ჩაატარა. ამავე სტატიაში ირაკლი ალადაშვილი, ეხება რა აგვისტოს ომის საკითხსაც, ამბობს, რომ უმჯობესია 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებები ჰააგის ტრიბუნალმა გამოიძიოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ომის მონაწილე სამივე მხარისგან იქნება მიწოდებული.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG