Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგმიური აფეთქება და სამი დაშავებული შემდუღებელი


სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა

22 იანვარს, დილით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული სამი მუშა გეგმიური აფეთქებისას დაშავდა. სამივე მუშა ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აფეთქების გამო ადგილზე მუშაობა შეჩერებულია. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს რკინიგზის დეპარტამენტი.

გადმოწერა

გიორგი კიკნაძე 11 თვის განმავლობაში მუშაობდა იმ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სადაც 22 იანვარს სამი შემდუღებელი ე.წ. გეგმიური აფეთქების შედეგად დაშავდა. ის სამივე დაშავებულს კარგად იცნობს და იცნობს გვირაბში დასაქმებულთა სამუშაო პირობებსაც. ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. გიორგი კიკნაძე ამბობს, რომ მათ სიცოცხლეს ყოველდღიური საფრთხე ემუქრება. მისი სიტყვებით, სწორედ შრომის უსაფრთხოების დარღვევისა და გაუფრთხილებლობის გამო დაშავდნენ 22 იანვარს შემდუღებლები. მისი თქმით, გეგმიური აფეთქება შემდუღებლებისგან სამი მეტრის დაშორებით მოხდა და მათ დაგეგმილი აფეთქების შესახებ არაფერი იცოდნენ:

არ არსებობს სანქცირების მექანიზმები, არ არსებობს აღსრულების მექანიზმები. რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია კომპანიის მისამართით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია და საქმე იმაშია, რომ ეს მხოლოდ ამ კომპანიას არ ეხება...
ვიტალი გიორგაძე

„გვირაბის უფროსს უნდა გაეფრთხილებინა მუშები, მაგრამ არ გააფრთხილა. არ ვიცი, ან გამორჩა მხედველობიდან, ან სხვა რამ მოხდა, არ ვიცი. აბა, ამ ხალხის დახოცვა ხო არ ენდომებოდა? ამ ბოლო პერიოდში, თითქმის ყოველ თვეში, ხან ვიღაცას ქვა ეცემოდა, ხან საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ცოტა ხნის წინ მუშა დაზიანდა ისე, რომ მუშაობას ვეღარ შეძლებს. შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. კაბელები რომ კაბელებია, ისიც კი ისე ყრია სისველეში, კაცმა რომ ფეხი დააბიჯოს, არ იცი, გვირაბიდან ცოცხალი გამოვა თუ არა. ყოველდღე ასეთ პირობებში უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბს აშენებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა და, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში, საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. მათთან კონტრაქტი „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს გააფორმა. 22 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება დამსაქმებელ კომპანიას, მათთან დაკავშირება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ, შრომის უსაფრთხოების დარღვევისა თუ სახელფასო დავალიანების გამო, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ დასაქმებული მუშები არაერთხელ გაიფიცნენ, მათ შორის უკანასკნელად რამდენიმე დღის წინ. სამი წელია, კომპანიის მუშაობასა და იქ დასაქმებულთა მდგომარეობას თვალს ადევნებს საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირი. მისი თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჰყვება დასაქმებულთა პროტესტისა და გაფიცვების ამბავს. მისი სიტყვებით, კომპანია არ იჩენს სურვილს იზრუნოს პრობლემების მოგვარებაზე. ვიტალი გიორგაძე ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს ეფექტური შრომის ინსპექციის არარსებობას:

ჩვენს დასკვნაში აისახა ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების ექსპლუატაციის არაქარხნული წესით დამზადება. ასეთი წესით ექსპლუატაცია, ცხადია, საფრთხეს უქმნის დასაქმებულს. ასევე ეს ეხება დამცავ საშუალებებსაც...
ელზა ჯგერენაია

„არ არსებობს სანქცირების მექანიზმები, არ არსებობს აღსრულების მექანიზმები. რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია კომპანიის მისამართით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია და საქმე იმაშია, რომ ეს მხოლოდ ამ კომპანიას არ ეხება. ნებისმიერი მიმართულებით რომ გავიხედოთ ქვეყანაში, ანალოგიური პრობლემებია. სამშენებლო ბიზნესში ლამის ყოველ მეორე დღეს ვარდებიან მუშები მშენებლობებიდან. შახტაა და წელი არ გავა, რომ ოთხი-ხუთი ადამიანი არ ჩაიმარხოს მიწაში. მთლიანად ქვეყანაში ხდება ასეთი რაღაცები და ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის მაკონტროლებელი ორგანო შრომითი უსაფრთხოებისა და ურთიერთობების კუთხით“.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა 2016 წლის აგვისტოში მუშათა ერთ-ერთი გაფიცვის დროს დაიწყო საქმის შესწავლა, დასაქმებულთა სამუშაო პირობების შემოწმება, საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შემოწმების შედეგად დაფიქსირდა არაერთი არსებითი დარღვევა და კომპანიის მისამართით გაიცა რეკომენდაციები, მათ შორის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების თვალსაზრისითაც. ელზა ჯგერენაია იმ დარღვევებს ჩამოთვლის, რომლიც დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზე შესწავლის დროს გამოავლინეს:

მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აქვს კანონს და რომელიც არის მთავარი საერთაშორისო სტანდარტი ინსპექტირების მექანიზმისა და მისი მუშაობის, ეს არის უპირობა დაშვება სამუშაო ადგილებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ეფექტიანობის კუთხით...
ლინა ღვინიანიძე

„ჩვენს დასკვნაში აისახა ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების ექსპლუატაციის არაქარხნული წესით დამზადება. ასეთი წესით ექსპლუატაცია, ცხადია, საფრთხეს უქმნის დასაქმებულს. ასევე ეს ეხება დამცავ საშუალებებსაც. დამცავ საშუალებებში შედის ლაბადები, ფეხსაცმელები, ღვედები და ა.შ., რომლითაც აუცილებლად უნდა მომარაგდნენ მუშები და ამაზეც გაეწიათ მათ რეკომენდაციები“.

ელზა ჯგერენაიას თქმით, დღეს არ არსებობს კანონი, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებდეს შეასრულოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის რეკომენდაციები. შესაბამისად, ეს რეკომენდაციები მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან იმ კანონის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რომელიც საქართველოში ამ დრომდე არ ყოფილა და რომელმაც სწორედ შრომის უსაფრთხოების საკითხები უნდა დაარეგულიროს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ მთავრობამ პარლამენტს გასული წლის მაისში წარუდგინა, თუმცა ლინა ღვინიანიძე სწორედ ამ კანონპროექტის ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას:

„მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აქვს კანონს და რომელიც არის მთავარი საერთაშორისო სტანდარტი ინსპექტირების მექანიზმისა და მისი მუშაობის, ეს არის უპირობა დაშვება სამუშაო ადგილებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ეფექტიანობის კუთხით. მაგალითად, თუ არსებობს ნებისმიერი რისკი ან შეტყობინება და თუ არსებობს სიცოცხლის მყისიერი მოსპობის რისკი, რა თქმა უნდა, ინსპექციას უნდა ჰქონდეს უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდეს სამუშაო ადგილზე. როცა მთავრობა ამბობდა, რომ კანონპროექტზე იწყებოდა მუშაობა, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ამას გაითვალისწინებდა, მაგრამ კანონპროექტში ვნახეთ, რომ მთავრობამ ჩადო სასამართლოს წინასწარი ნებართვის ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, ბრძანების მექანიზმი“.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განაგრძობს.

XS
SM
MD
LG