Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოვაჭრეების პროტესტი აკრძალვას


გარემოვაჭრეების აქცია
გარემოვაჭრეების აქცია

გარემოვაჭრეები 5 აპრილს თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი გარევაჭრობის ნებართვას და მოწესრიგებას ითხოვენ; ამბობენ, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე მათთვის გამოყოფილი დახლების ყოველდღიურ საფასურს ვერ გადაიხდიან. პარალელურად, ბაზრობების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მესამე დღეა, რაც სხვადასხვა ბაზრობაზე მიმდინარეობს გარემოვაჭრეთათვის დახლების გამოყოფა, სადაც მომდევნო ექვსი თავის განმავლობაში მათ გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. თბილისის მერიის მტკიცებით, უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, მოქალაქეებმა მათ არაერთხელ მიმართეს.

გარემოვაჭრეების პროტესტი აკრძალვას
please wait

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00
გადმოწერა

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, დინამოს სტადიონი, ბარათაშვილის ქუჩა, კოლმეურნეობის მოედანი, თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია - ეს ის ადგილებია, სადაც თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებები 19 მარტიდან დაიწყო და უნებართვო კონსტრუქციები დაშალა. 5 აპრილის ღამეს კონსტრუქციები მერიის წარმომადგენლებმა ვაგზლის მოედნიდან გაიტანეს. ნონა თოდუა 18 წელია გარევაჭრობით არის დაკავებული. 5 აპრილის ღამეს დაიშალა მისი კუთვნილი დახლიც:

„არავინ არ მოსულა და არ გავუფრთხილებივართ, ხვალ „ტავარი“ არ მოიტანოთო, თორემ არ გაგაჩერებთო. ისე შემოგვესივნენ ღამის 2 საათზე, არანაირი გაფრთხილება არ მიგვიღია. ჩვენი საახლობლოდან გავიგეთ, რომ ღამის 2 საათზე დაშლიდნენ ჩვენს დახლებს. შემოგვაქციეს ალყაში, ხელითაც კი შეგვეხნენ“.

თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები 5 აპრილს თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. გოგონა გოგოხია აფხაზეთიდან დევნილია. წლებია ის ოჯახს გარევაჭრობით ინახავს. თბილისის მერიასთან ის და სხვა გარემოვაჭრეები კონკრეტული მოთხოვნებით მივიდნენ:

ნამდვილად არ იქნება ექვსი თვის შემდეგ ისეთი გადასახადი, რომ მათ ამის გადახდა ვერ შეძლონ. სავარაუდოდ, არ იქნება მაღალი ფასი, იმიტომ რომ მათ არ სჭირდებათ, მაგალითად, დიდი დახლები, მათ არ სჭირდებათ სამაცივრეების გამოყენება და ა.შ...
ნათია მიქიაშვილი

„იყოს დროებით გარევაჭრობა, მოგვაწესრიგონ. ნებისმიერ ქვეყანაში არის გარევაჭრობა. როგორც იქ არის დაცული ჰიგიენა, როგორც იქ არის მოწყობილი, მოგვიწყონ ასე. დავდგებით და ვივაჭრებთ პატიოსნად და კულტურულად“.

თბილისის მერიის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება ვიდეოკადრები და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 5 აპრილის ღამეს, ვაგზლის ტერიტორიაზე დახლების დაშლისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების ქვეშ გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდიდნენ. აღსანიშნავია, რომ პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა. თბილისის მერიაში იმასაც აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები როგორც ადრე, ისე ახლაც გააფრთხილეს უკანონო საქმიანობის თაობაზე, რასაც მოვაჭრეების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, მათი თქმით, თბილისის მერიამ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა. ამასთან, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ბაზრობების ასოციაცია, მასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ დაუთმოს სავაჭრო ადგილი თითოეულ მათგანს 6 თვის ვადით, შეღავათიანი პირობებით.

ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელი, ნათია მიქიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. რეალიზაციის ობიექტები კი მოიცავს რკინიგზის სადგურის, დინამოსა და მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის და ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიებს. ნათია მიქიაშვილის თქმით, მესამე დღეა, რაც ბაზრობებმა გარემოვაჭრეების მიღება დაიწყეს. დღეს არსებული დაუდასტურებელი მონაცემებით, თბილისში 4 000-მდე გარემოვაჭრეა. როგორც ნათია მიქიაშვილი ირწმუნება, ბაზრობების განსათავსებლად საკმარისი ადგილია. რაც შეეხება გადასახადს, ის ვარაუდობს, რომ დღიური გადასახადი ე.წ. გარემოვაჭრეებისათვის გაცილებით დაბალი იქნება:

გარემოვაჭრეთა აქცია მერიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:18 0:00

„ნამდვილად არ იქნება ექვსი თვის შემდეგ ისეთი გადასახადი, რომ მათ ამის გადახდა ვერ შეძლონ. სავარაუდოდ, არ იქნება მაღალი ფასი, იმიტომ რომ მათ არ სჭირდებათ, მაგალითად, დიდი დახლები, მათ არ სჭირდებათ სამაცივრეების გამოყენება და ა.შ. ზოგადად, დახლის ღირებულება, მაგალითად, ჩვენს კონკრეტულ კომპანიაში - „თბილისი მოლის“ მფლობელობაში არსებულ შენობაში - იწყება დღეში 50 თეთრიდან და მერყეობს 10-15 ლარამდე. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროდუქცია შემოაქვს გამყიდველს და რითი შემოაქვს“.

ლაშა ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ გარემოვაჭრეთა ყოველდღიური მოგება არ აღემატება 10-15 ლარს და, შესაბამისად, ისინი ვერ მოახერხებენ ბაზრობების ტერიტორიაზე დახლის საფასურის გადახდას. სწორედ ამიტომ, ის გარემოვაჭრეებთან ერთად მოითხოვს, რომ გარევაჭრობას მიეცეს ცივილიზებული სახე. მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მან ექვსი წლის წინ მიმართა პარლამენტს კანონპროექტით „გარე ვაჭრობის შესახებ“, რომელიც, მისი თქმით, ერთი მოსმენით მიიღო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა და რომელსაც უნდა დაედგინა გარევაჭრობის სანიტარულ-ვიზუალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ნორმები, თუმცა კანონპროექტის განხილვა შეწყდა:

ლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მერიას კორუფციული ინტერესები აქვს და მათ უნდათ ამ ადამიანების გაყრის ხარჯზე იშოვონ ფული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. კეთილი ინებონ, ან საკრებულოს მიმართონ გარევაჭრობის მარეგულირებელი წესის დადგენის მოთხოვნით, ან დაუჭირონ მხარი პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომლის დამუშავებაზე თუ იქნა საუბარი, მზად ვართ ამისთვის. ოღონდ ეს არ უნდა გაიწელოს დროში. და თუკი გარევაჭრობას ცუდი ფორმა ჰქონდა და ნამდვილად ჰქონდა, ეს ამათი დამსახურებაა და არა ამ ხალხის“.

გარემოვაჭრეთა უფლებების დაცვისთვის მზადაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის იურისტ მიშა ჯახუას თქმით, შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, თუმცა, იმავე კოდექსით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განსაზღვრულია არა ყოველგვარი გარევაჭრობისთვის, არამედ ვაჭრობისთვის “შესაბამისი ნებართვის გარეშე”. მიშა ჯახუას თქმით, საქართველოში დღეს მოქმედი წესები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს:

„[მერია] ხალხს, ვინც საქმიანობას ახორციელებს, არ აძლევს საშუალებას, რომ შესაბამისი ნებართვა მოიპოვოს, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს გაწერილი ასეთი პროცედურა და, მეორე მხრივ, არ ახდენენ ადმინისტრირებას სამართალდარღვევის და დამოკიდებულს ხდიან ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას მათ კეთილ ნებაზე, ანუ როცა მოუნდებათ, მაშინ დაერევიან ამ ხალხს და აყრიან ისე, რომ არ ითვალისწინებენ მათ სოციალურ მდგომარეობას, და ახლა მუშაობენ ალტერნატიული ფართების შეთავაზებაზე“.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გარემოვაჭრეები მომდევნო აქციებს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოსთან გამართავენ, სადაც მომავალ კვირაში თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ელოდებიან.

XS
SM
MD
LG