Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში თხილის ქარხნის მუშები გაიფიცნენ


თხილის ქარხანა „აგრი-ჯორჯიას“ 300-მდე თანამშრომელი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ეს ის მუშები არიან, რომელთაც დღის განმავლობაში ჰექტარობით მიწის ნაკვეთებში თხილის მოგროვება უწევთ. ქარხნის უკმაყოფილო თანამშრომლები მუშაობის გაგრძელებას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. გაფიცულების განცხადებით, მათი შრომის ანაზღაურება დღეში 20 ლარია, რაც გაწეულ სამუშაოს არ შეესაბამება.

თხილის ქარხანაში დასაქმებულ ნიკა აბშილავასა და თემურ არჩაიას თქმით, მუშები, რომლებიც იმავე საქმეს კერძო შეკვეთით ასრულებენ, დღეში 25-30 ლარს იღებენ და, შესაბამისად, ისინი დამსაქმებლისგანაც ბაზარზე არსებული თანხის დაწესებას ითხოვენ.

„ვითხოვთ 25 ლარს. 5 ლარით რომ მოგვიმატონ ხელფასი, ეს იქნება ჩვენთვის შვება. გასაგებია, ვიცით, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენც პრობლემები გვაქვს. ხალხი აქ იმისთვის მუშაობს, რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეთ. ჩვენ შიმშილობასაც დავიწყებთ, თუ არ მოგვიმატეს ხელფასი. ისიც გვითხრეს, თქვენ თუ არ იმუშავებთ, სხვას მოვიყვანთო. აგერ, ვაცხადებთ ყველა, რომ სხვას აქ სამუშაოდ არ შევუშვებთ“, - ამობს ნიკა აბშილავა.

„მუხლებზე დაჩოქილი მუშაობს ხალხი და მოვითხოვთ ხელფასის მომატებას, ნორმალურ სამუშაო პირობებს. ამათ კონტრაქტში უწერიათ, რომ დააკმაყოფილონ მუშახელი. 25 ევრო აქვთ ჩადებული თითო კაცზე და ჩვენ გვაძლევენ 20 ლარს. როგორ მოვიქცეთ? ჩვენ იძულებული ვართ არ ვიმუშაოთ და სხვასაც არ ვამუშავებთ“, - აცხადებს თემურ არჩაია.

ამ მოთხოვნით 12 აგვისტოს 300-მდე მუშამ საპროტესტო აქცია გამართა ქარხანასთან, რომელიც ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში, მდებარეობს. გაფიცულებმა თხილის ქარხნამდე მიმავალი გზა გადაკეტეს და კაკლით დატვირთული ავტომობილები არ გაატარეს. გზა ცოტა ხანში საპატრულო პოლიციის დახმარებით გაათავისუფლეს.

„აგრი-ჯორჯიაში“, რომელიც საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა, თანამშრომელთა მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან სულ 1200 თანამშრომელი მუშაობს და 300 უკმაყოფილო მუშა მათი მხოლოდ მცირე ნაწილია:

„გვაქვს ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დადგენილია ბაზართან მიმართებაში. ის აღემატება ბაზარზე არსებულ ფასს. ვუხდით ნორმირებულ 8-საათიან სამუშაო პროცესში 20 ლარს, ფიზიკური შრომისთვის - თხილის შეგროვებისთვის. არიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით და არიან დაზღვეული უბედური შემთხვევისგან. ეს არის უკმაყოფილოთა მცირე ჯგუფი. ეს იძულებითი არ არის. თუ არ სურთ, შეუძლიათ არ იმუშაონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს „აგრი-ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მერაბ ჭითანავამ.

მუშებმა საპროტესტო აქცია ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თხოვნით შეწყვიტეს. ლევან შონია გაფიცულებს ქარხნის ხელმძღვანელობასთან შუამავლობას დაჰპირდა. აქციის მონაწილეები გუბერნატორისგან სასურველ შედეგებს ელიან. თხილის ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. არ გამორიცხავენ მიმართონ აქციის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას.

XS
SM
MD
LG