Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის „პოზიტიური მოლოდინი“ გამართლდა


IPRM-ის მორიგი შეხვედრა გალში
IPRM-ის მორიგი შეხვედრა გალში

გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა შეხვედრებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და პოზიტიური მოლოდინი გამართლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძის თქმით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების ნაწილი გათავისუფლდა. მისი თქმით, ორმა უკანონო პატიმარმა, ხვიჩა ლიპარტიამ და გიორგი კორსანტიამ, უკვე დატოვა დრანდის ციხე. სუსის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ, ანალოგიურად, გამართლდება მათი მოლოდინი საოკუპაციო ხაზის კვეთის ბრალდებით დაკავებული მანუჩარ წუშბაიას შემთხვევაშიც და ის ციხეს „უახლოეს კვირებში“ დატოვებს.

გადმოწერა

კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დადებითი შედეგი იქნა მიღწეული მიმდინარე წლის აპრილში დაკავებული მამა-შვილ როგავების საქმეზეც:

„ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი რაც გვაქვს, არის ის, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მივიღეთ გარანტიები, რომ მათ ოჯახის წევრებს მიეცემათ მამა-შვილის მონახულების საშუალება დრანდის ე. წ. ციხეში“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

მისი ინფორმაციით, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, წინა შეხვედრების მსგავსად, დღესაც დაისვა დრანდის ციხეში მყოფი კიდევ ერთი პატიმრის, გიორგი ლუკავას, გათავისუფლების საკითხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ არ გაიზიარა პატიმრის ცოლის პოზიცია, რომ ცენტრალურმა მთავრობამ გიორგი ლუკავას გათავისუფლების ყველა ბერკეტი ამოწურა.

„გიორგი ლუკავას მეუღლის ამ აზრს არამც და არამც არ ვიზიარებ. პირიქით, გიდასტურებთ, რომ ცენტრალური მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ გიორგი ლუკავა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ იმყოფება დრანდის ე. წ. ციხეში, მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“.

გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მოხდა მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად და ეს არის ცალსახად დადებითი ფაქტი, რომელიც დადებით იმპულსს მისცემს როგორც ერგნეთის შეხვედრებს, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს...
კახაბერ ქემოკლიძე

დღეს დილით რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში გიორგი ლუკავას ცოლმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ამოწურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს ოსურმა მხარემ თბილისის მიერ აფხაზი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ცხინვალის ციხიდან გაუშვა 2016 წლის ზაფხულში დაკავებული გიორგი გიუნაშვილი.

თავის მხრივ, კახაბერ ქემოკლიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ გიუნაშვილი აფხაზ პატიმარში გაცვალეს:

„გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მოხდა მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად და ეს არის ცალსახად დადებითი ფაქტი, რომელიც დადებით იმპულსს მისცემს როგორც ერგნეთის შეხვედრებს, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. გიორგი გიუნაშვილის ნაცვლად არავინ ცენტრალურ მთავრობას არ გაუთავისუფლებია“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ცნობისთვის: აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ოკუპირებულ გალის რაიონში გადავიდა შვილების საფლავის მოსანახულებლად. აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და მკვლელობის ბრალდებით. ამ ბრალდებას უარყოფს გიორგი ლუკავას ცოლი. ლალი ბასარიას განცხადებით, მისი ქმარი, რომელიც ყოფილი სამხედროა, მეექვსე წელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

თბილისის დელეგაცია მომავალ შეხვედრებზეც გეგმავს გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნას. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების მორიგი შეხვედრა 17 იანვარს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG