გადაცემაში ქალების თვალით დანახულ აფხაზეთის ომზე მოგითხრობთ, იმ ქალებისა, რომელთაც ომში შვილები, ძმები დაეღუპათ. როგორც ერთი რესპონდენტი ამბობს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული შვილის დედა, დედობას ეროვნება არა აქვს.
ომით გამოწვეული დანაკარგი ერთნაირად მწარეა ყველასთვის, ომის შედეგების მიუხედავად. შეიძლება თუ არა ომით დაზარალებულებმა ერთმანეთს გაუგონ, შესაძლებელია თუ არა საერთო ტრაგედია დიალოგის საფუძვლად იქცეს - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: ნესტან დაჩიბერიძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქველმოქმედო ფონდ „მოლოდინის“ წარმომადგენელი; ნათია ჭანკვეტაძე - მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მაგისტრი მანჩესტერის უნივერსიტეტში. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.