რა იდეას თუ იდეათა ნაზავს ეფუძნება ქართული და აფხაზური ნაციონალიზმი და რატომ უკავია ურთიერთობებში ნაციონალურ იდეას უპირატესი ადგილი, ვიდრე, თუნდაც, ეკონომიკურ ინტერესებს; როგორ იწერება ისტორიის ახალი თავები ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და როგორ უშლის ხელს ახალი მითები ურთიერთობების დარეგულირებას? - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი, და ელენე ნათენაძე, მკვლევარი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.
გადაცემაში, ტრადიციულად, შემოგთავაზებთ ინტერვიუსაც. ამჯერად ლაპარაკობს ეთნიკურად ქართველი რესპონდენტი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ის პოსტკონფლიქტური ტრავმისა და კონფლიქტის მოგვარების გზების თავისეულ ხედვაზე გვესაუბრება:
“მერე თბილისში დავბრუნდით და, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო, ეს მართლაც ასე იყო. საშინელი წლები იყო - აბსოლუტური განუკითხაობა, გაურკვევლობა, ყველა იარაღით დარბოდა. მათ შორის, ახალგაზრდების უმრავლესობა, ჯერ ერთი, ომით იყო ტრავმირებული და, მეორეც, დამარცხებული ჯარისკაცის მდგომარეობის გაცნობიერება იყო რთული. დამარცხებული ჯარისკაცის სინდრომი ამერიკელებმა ძალიან კარგად შეისწავლეს ვიეტნამის ომის მაგალითზე და ვიეტნამის ომში მონაწილეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული და ზუსტად ასეთივე ხდებოდა აქ. მე ვიცნობ ისეთებს, ვინც ფსიქიატრიულში მოხვდა, ბევრი წამალდამოკიდებული გახდა და „ნემსზე შეჯდა“, ბევრი გალოთდა. ანუ ვინც იქ იბრძოდა, ბევრი იმ ბიჭის ცხოვრება დაინგრა, ბევრმა დღევანდლამდე ვერც იცოცხლა. მაგრამ გარკვეული დროის მერე ეს „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და თითქოს ვითარების დალაგება დაიწყო და ხალხს გაუჩნდა რაღაც პერსპექტივის, უკეთესი და უფრო ნათელი მომავლის რწმენა, მათ შორის - ჩვენს თაობასაც. როცა ხედავ, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში ვითარების როგორღაც რეგულირება შეუძლია, ეს გაიმედებს, როცა იცი, რომ ქვეყანაში განუკითხაობა აღარ არის და ქუჩაში უმიზეზოდ არავინ ჩაგცხრილავს ავტომატით. ამან ხალხს იმის იმედი ჩაუსახა, რომ საქართველო ისევ ფეხზე წამოდგებოდა და ჩვენ ისევე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდით და როცა ახლა დღევანდელ საქართველოს იმჟამინდელ საქართველოს ვადარებ, განსხვავება უზარმაზარია - როგორც ცა და დედამიწა. და 5-10 წლის შემდეგ მომავალ და დღევანდელ საქართველოს შორისაც ისეთივე სხვაობა იქნება. ასე რომ, ყველაფერი ლაგდება ნელ-ნელა, ეს იარები ხორცდება, წყენებიც მივიწყებას მიეცემა.
მაშინ 23 წლის ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და ხომ იცით, ახალგაზრდები თავისი შეხედულებებით უფრო რადიკალურები არიან. არ მინდა ვთქვა, რომ სასტიკები, მაგრამ უფრო თავზეხელაღებულები. ალბათ, მეც ასეთი ვიყავი იმ წლებში, ახლა კი თითქმის 45 წლის ვარ და წლების შემდეგ ამ კონფლიქტსაც სხვაგვარად ვუყურებ და ამ კონფლიქტის მოგვარების გზებსაც. აი, ამ ვითარებაში, ამ რაკურსით, როცა პატარა გამონათებები გაჩნდა, მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მიაჩნია, რომ ომით დაკარგულის დაბრუნება მხოლოდ ომით შეიძლება ,მაგრამ თუ ამ აზრს 15 წლის წინ მეც ვეთანხმებოდი, ახლა უკვე აღარ ვეთანხმები, იმიტომ რომ ომით არაფრის დაბრუნება არ შეიძლება, ომით შეიძლება მხოლოდ დაკარგო.
ომში წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი ჩემთვის იყო ის, რომ ჩემი მეგობარი ჩამოასვენეს. იქიდან მისი ჩამოსვენება ბოლო წვეთი იყო და მე გადავწყვიტე, წავსულიყავი და მის გამო შური მეძია. რასაკვირველია, შური ვერ ვიძიე და იმის გარდა კიდევ 25 ადამიანი დავკარგე. ასე რომ, ომით ვერაფერს დაიბრუნებ, ომით არა მხოლოდ ტერიტორიებს კარგავ, არამედ ეს სულიერი დანაკარგია. ადამიანურობის ადგილი არ არის იქ, სადაც ავტომატებს ისვრიან, არც სიყვარულის ადგილია და ამიტომ დაბრუნება მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება, მე ასე ვფიქრობ.
დღეს უკვე მეუღლე და სამი შვილი მყავს. ანსამბლში ვმღერი, საქართველოში საკმაოდ ცნობილ ანსამბლში. მსოფლიოს გარშემო ბევრს ვმოგზაურობ და ღმერთს ვმადლობ, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი ხალხი მხვდება და ეს სულიერების შენარჩუნებაში დამეხმარა. თუ არის ჩემში სულიერება, სწორედ ამის დამსახურებაა”.
გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს.
გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.