Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბლუზის, ფერებისა და წყლის ფესტივალი ლაგოდეხში


ფესტივალი ლაგოდეხში
ფესტივალი ლაგოდეხში

ლაგოდეხი ბლუზის ფესტივალს მასპინძლობს. მელომანები ქალაქს მთელი საქართველოდან სტუმრობენ. ფესტივალი 12 აგვისტოს დასრულდება, თუმცა იგეგმება წყლის ფესტივალის გამართვაც.

გადმოწერა

კახეთი მრავალფეროვანი რეგიონია, თუმცა მისი ყველა მუნიციპალიტეტი თანაბარი პოპულარობითა და შესაძლებლობებით არ გამოირჩევა. ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარებულია სიღნაღში, თელავსა და ყვარელში. მასშტაბური ღონისძიებებიც ყოველთვის ამ ქალაქებში ტარდებოდა, თუმცა წელს ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს ლაგოდეხი მასპინძლობს. აქამდე თუ ეს ქალაქი ცნობილი იყო უნიკალური ბუნებითა და სხვადასხვა სათავგადასავლო ტურებით, ახლა აქ თავი მოიყარეს ბლუზმენებმა და მელომანებმა. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნატალია კალანდაძე, ამბობს, რომ ქალაქი გამოცოცხლდა და მოლოდინიც დიდია:

მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზა გამოვიარე, ეს ნამდვილად ღირდა იმად, რომ ასეთ კარგ ფესტივალზე ვყოფილიყავი. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ლაგოდეხში აკეთებენ კარგ ბლუზფესტივალს...
ქეთევან ბერძენიშვილი

„ჩვენთან ჩამოდიან მსოფლიო ვარსკვლავები. მათ შორის არიან ბლუზდივები,

საინტერესო გიტარისტ-მუსიკოსები ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან... ინტერესი ძალიან მაღალია. რაც მთავარია, გამოცოცხლდა ლაგოდეხი. მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს“.

ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში 12 აგვისტოს დასრულდება, თუმცა ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ვიქტორ კერვალიშვილი, ამბობს, რომ ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება:

„ფესტივალს დახურავს გია გაგნიძის ბენდი მოსკოვიდან. ეს არის ბლუზბენდი. მართალია, 12 აგვისტოს დასრულდება ფესტივალი, მაგრამ მსმენელს პატიოსან სიტყვას ვაძლევთ, რომ ფესტივალის სცენა არ გაგრილდება. ფესტივალის ფორმატი შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ სხვადასხვა აქტივობები მთელი წლის მანძილზე იქნება“.

გასული კვირის მიწურულს ფესტივალზე დასასწრებად ქუთაისიდან ლაგოდეხში მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა ქეთევან ბერძენიშვილი. ჩვენ მას შთაბეჭდილებებზე ვკითხეთ. მან გვიპასუხა:

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზა გამოვიარე, ეს ნამდვილად ღირდა იმად, რომ ასეთ კარგ ფესტივალზე ვყოფილიყავი. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ლაგოდეხში აკეთებენ კარგ ბლუზფესტივალს. მე როგორც ვიცი, აგვისტოს ბოლომდე გრძელდება ფესტივალი. ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდე და კიდევ დავესწრო“.

ფესტივალი ლაგოდეხში
ფესტივალი ლაგოდეხში

ლაგოდეხში მიმდინარე წლის აგვისტოში კიდევ ერთის - წყლის ფესტივალის - ჩატარება იგეგემება. საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ღონისძიების ორგანიზატორი ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი დავით ჭაბაშვილია. ვიდრე წყლის ფესტივალი ჩატარდება, მანამდე ქალაქმა ფერების ფესტივალს უმასპინძლა.

„აქამდე მსგავსი სახის ღონისძიებები არ იმართებოდა ლაგოდეხში და ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რაღაც განსხვავებული და გრანდიოზული - ის, რაც ახალგაზრდებს დააინტერესებდა, ყველა გაერთობოდა და კმაყოფილიც იქნებოდა. ვთვლით, რომ ფერების ფესტივალი გამოგვივიდა და შემდეგ წელსაც აუცილებლად მასშტაბურს და დიდს გავაკეთებთ . ახლა ვაპირებთ წყლის ფესტივალს. იმედი მაქვს, რომ ესეც ძალიან საინტერესო გამოვა“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი წელს რამდენიმე ფესტივალს მასპინძლობს, საგზაო ინფრასტრუქტურა აქ მთლიანად მოშლილია. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ დროს ვერ დასრულდა. შესაბამისად, გზის საფარის აღდგენა მიმდინარე წლის ტურისტულად აქტიურ სეზონზე ვერ მოესწრო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG