თენდება. თუ თბილი ამინდია, ის ყველა ჭუჭრუტანიდან გამოდის. სახლში არ არსებობს ადგილი, სადაც ის არ იმალებოდეს. დათბება თუ არა, ყველგან დახოხავს. თუ სახლი შიგნიდან ხისაა - მით უმეტეს. ედება ფარდებს, კარადებს, ძვრება ტანსაცმელში. სითბო უყვარს. თუ ტანსაცმელს წინასწარ არ დაბერტყავ, ისე ვერც გააუთოებ - გეშინია, რომ ყველა მხრიდან ამოძვრება. სახლის პირობებში თუ მოაგროვებ და დაწვავ, თორემ სხვა გზა არ არსებობს - ასეთია აზიური ფაროსანა.
გლეხებმა დასავლეთ საქართველოში, იქ, სადაც აზიურ ფაროსანას უკვე კარგად იცნობენ, ისიც იციან, რომ ის ძალიან სწრაფად მრავლდება. „ამაზე საშინელება არ არსებობს. თანაც, როგორი სუნი აქვს, აუტანელი!“ - ჩივის ვალერი თოდუა, სამეგრელოს სოფელ ნარაზენიდან. ერთხელ ერთად შეგროვილ 20 ცალ ხის ფანერას შეესია, იხსენებს ვალერი თოდუა, და როდესაც ერთად მოქუჩებული ფაროსანები მოხვეტა და აწონა, სამი კილო გამოვიდა.
„წარმოგიდგენიათ, სამი კილო მწერი ერთად დახვეული რომ გყავს?! ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოიდგენ ამას, ისეთი ამბავია“, ვალერი თოდუას მსგავსად, იგივე გასაჭირი ყველა მის თანასოფლელს აწუხებს. ამ დისკომფორტის გარდა, ცალკე ამბავია განადგურებული მოსავალიც. ორ ჰექტარზე გაშენებული თხილიდან თითქმის არაფერი მოუგროვებიათ. რაც გადარჩა, ისე იაფად იბარებდნენ, კილოს 40-50 თეთრად, რომ ეს თანხა მის შეგროვებაში დახარჯულ ფულსავ კი ვერ აანაზღაურებდა. წარმოიდგინეთ, ვალერი თოდუას ერთი ტონა თხილი კილო სამ ლარად რომ გაეყიდა, რამხელა შემოსავალს მიიღებდა! „ყველა ოჯახმა იზარალა, ყველამ“, - გვითხრა მან. აზიური ფაროსანა შეესია ყურძენსაც, შემდეგ სიმინდს, მერე ხილს მიადგა და მთლიანად გააფუჭა. უნდა შეიწამლოს, - ამბობენ გლეხები, - ოღონდ ისე, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს გაფრთხილებული.
როგორ შეებრძოლება წელს სახელმწიფო აზიურ ფაროსანას? გიორგი ხანიშვილმა განგვიმარტა, რომ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი არის „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ განცალკევებულ ხეზე ან ხელოვნურად შექმნილ საყრდენზე ჩამოკიდებენ ფერომონს, რომელიც მწერს მიიზიდავს და მას ქიმიურად თუ მექანიკური მეთოდით იქვე გაანადგურებენ...
აზიური ფაროსანა, რომელიც დასავლეთ საქართველოში აფხაზეთიდან გავრცელდა, არც წელს წავა სადმე - სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ფაროსანასთან ბრძოლის ჯგუფში დამაიმედებელი მოლოდინი არა აქვთ. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ მას ებრძოლო, გაზრდილი ძალისხმევაა. 2018 წელს მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტიდან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო დახმარებაზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი მოელის, რომ 2018-ში ფაროსანას სამიზნე ისევ სამეგრელო და გურია, ასევე იმერეთი და, ზოგადად, დასავლეთ საქართველო იქნება. ამას მარტივი მიზეზი აქვს: სწორედ იქ არის ის კლიმატური პირობები და საკვებიც, რაც აზიურ ფაროსანას იზიდავს.
2017 წელს USAID-ის ექსპერტთა ჯგუფმა დათვალა, თუ რა შემოსავალი ვერ მიიღო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ თხილისგან - ეს თანხა 60-დან 80 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ფაროსანა, უფრო საშიშ სოკოვან დაავადებებთან ერთად, ამ ზარალის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.
ფაროსანასთან ტოტალური ბრძოლა უნდა გამოცხადდეს. მისი იოლად დამარცხება რომ რთული საქმეა, ამას სოფლის მეურნეობის დარგის არაერთი მკვლევარი ამბობს. მათ შორის არის გოდერძი გოდერძიშვილიც...
როგორ შეებრძოლება წელს სახელმწიფო აზიურ ფაროსანას? გიორგი ხანიშვილმა განგვიმარტა, რომ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი არის „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ განცალკევებულ ხეზე ან ხელოვნურად შექმნილ საყრდენზე ჩამოკიდებენ ფერომონს, რომელიც მწერს მიიზიდავს და მას ქიმიურად თუ მექანიკური მეთოდით იქვე გაანადგურებენ. ანუ ე.წ. ინსექტრიციდით შეწამლულია მხოლოდ ეს კონკრეტული ხე და არა მთლიანად ტერიტორია. მეორე მეთოდი, რომლის გამოყენებასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს, და ამ პროცესში მოსახლეობაც ჩაებმება, არის სპეციალური აგრეგატებით შეწამვლა (ნისლით და სითხით), ოღონდ ამისთვის საჭიროა სპეციალური ცოდნა. ეს პრეპარატები, მავნეობის თვალსაზრისით, უტოლდება საქართველოში ცნობილ და დღემდე გამოყენებულ შაბიამნით შეწამვლის დონეს. მთავარია, მოსახლეობამ დაიცვას უსაფრთხოება და სწორად შეარჩიოს დოზები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის თავზე იღებს ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას.
რაც შეეხება ტექნიკას, 2017 წელს სახელმწიფო ფაროსანას ებრძოდა 12 მანქანით. 2018-ში სპეცტექნიკის საერთო რიცხვი იქნება 160 ერთეული, რაზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაწამლ ნივთიერებებზე უკვე დაიხარჯა თითქმის 16 მილიონი ლარი და კიდევ დარჩენილია 15 მილიონი ლარი.
ფაროსანასთან ტოტალური ბრძოლა უნდა გამოცხადდეს. მისი იოლად დამარცხება რომ რთული საქმეა, ამას სოფლის მეურნეობის დარგის არაერთი მკვლევარი ამბობს. მათ შორის არის გოდერძი გოდერძიშვილიც. ის საკითხს ასე აყენებს: შევებრძოლებით სწორად ამ პრობლემას - საქართველოს ხვალ ექნება სოფლის მეურნეობა. შეცდომები კი ამ შანსს, ჰქონდეს ქვეყანას ძლიერი სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო შეამცირებს. აზიური ფაროსანას შემთხვევაში არის კიდევ ერთი პრობლემა: ამ მწერს არაფერი ანადგურებს, მას არ ჰყავს პარაზიტი და ის მხოლოდ მრავლდება. ამიტომ გოდერძი გოდერძიშვილი ფიქრობს, რომ ფაროსანას თან უნდა ვებრძოლოთ და თან უნდა შევისწავლოთ ის.