Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაუმარცხებელი ფაროსანა – მოსავლის ნაწილი განადგურებულია


სამეგრელოში გავრცელებული მავნებლის, ე.წ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ის გლეხის მთავარ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მავნებელმა სამეგრელოს სოფლების დიდ ნაწილში უკვე გაანადგურა თხილისა და სიმინდის წლევანდელი მოსავალი.

გადმოწერა

რეგიონის მასშტაბით, ახლაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ქიმიური შეწამვლის კიდევ ერთი ეტაპი მიმდინარეობს, მათ შორის, ზუგდიდის, აბაშის, ხობის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მიუხედავად ამისა, გლეხები ამბობენ, რომ შედეგი ჯერ არ ჩანს, სოფლის მეურნეობის პროდუქტები კი მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ხელისუფლებისგან, დახმარების სახით, ისინი ფულად კომპენსაციას ითხოვენ:

„არც თხილი გვექნება, არც სიმინდი, არ გვაქვს სამსახური, ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოყონ სპეციალური კომისია და შეისწავლონ, რა ზარალიც ნახა მოსახლეობამ“, „...თხილის 90-95 % განადგურებულია. ფაროსანამ, თხილის გარდა, დააზიანა პატარ-პატარა ნაკვეთებიც. ერთი სიტყვით, სოფელი ულუკმაპუროდ რჩება“, – ამბობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის მცხოვრებლები.

მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობენ მსხვილი ფერმერებიც, თუმცა შენიშნავენ, რომ, სახელმწიფო ღონისძიებების პარალელურად, მათი ჩართულობა ეფექტური აღმოჩნდა. თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ასე გადაარჩინა, მაგალითად, ფერმერმა ჯემალ თორდიამ:

„მოსავალი განპირობებულია მოვლით, სასუქების დროული შეტანითა და ხარისხიანი შეწამვლით, როგორც მე გავაკეთე. ნუ, ახლა შედეგი გადასარევი არ არის, მაგრამ, მთლიანობაში, არაუშავს, როგორც მოსავლიანობის, ისე ხარისხის მხრივ“,– ამბობს ჯემალ თორდია.

ფერმერს ეთანხმება სოფლის მეურნეობის მინისტრი. ლევან დავითაშვილმა შაბათს აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში თხილის პლანტაციებისა და სიმინდის ფართობების დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება:

„ერთი კამპანია წამლობის სახელმწიფომ ჩაატარა და მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფო რაღაცას აკეთებს, ამ დროს ფერმერებიც იყვნენ მობილიზებული. ჩვენ ვნახეთ ზუსტად ასეთი შემთხვევა, როცა ფერმერმა ექვსი წამლობა ჩაატარა და საკმაოდ მაღალი ხარისხი, ფაქტობრივად, 90%-ზე მაღალი ხარისხით არის მოსავლიანობა“, – განაცხადა ზუგდიდში მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აზიურმა ფაროსანამ სხვა ქვეყნებსაც შეუქმნა ანალოგიური პრობლემები, ამიტომ მათი გამოცდილების გამოყენება პირველივე დღიდან სცადეს საქართველოში. თუმცა, აქვე განმარტა – ერთი ღონისძიებით ან ერთ წელიწადში მავნებლის დამარცხება შეუძლებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო განაგრძობს მუშაობას.

რაც შეეხება გლეხების მოთხოვნას კომპენსაციასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის რესურსი ქვეყანას დღეს არ გააჩნია.

„ეს არის ურთულესი საკითხი და შესაბამისი შესაძლებლობები ამ ეტაპზე ნამდვილად არ მოიპოვება“, – განაცხადა მინისტრმა. სამეგრელოში სოფლის მეურნეობის მინისტრს ახლდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. მათი ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა, მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარი უკვე დამუშავდა. სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG