საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმების დეტალებზე, ინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ მითებსა და ქვეყნის სამოქმედო გეგმაზე ინფორმაციას იმერეთის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მეწარმეებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს სისტემატურად აწვდის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო.
როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი თათია მერკვილაძე ამბობს, საზოგადოებაში ხშირად ჭარბობს ნიჰილისტური განწყობა და არასწორი შეხედულებები, რომელთა აღმოფხვრასაც შეხვედრების დროს სწორი ინფორმაციის მიწოდებით, სპეციალური ლიტერატურის გავრცელებით, ინტეგრაციის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენებითა და კონკრეტული მაგალითებით ცდილობენ.
სამთავრობო ორგანიზაციის პარალელურად, ევროპასთან ინტეგრაციის მექანიზმებზე, საქართველოს მთავრობის სტრატეგიაზე, ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მოქალაქეების ინფორმირებას 2014 წლიდან აქტიურად ეწევა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“. ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამის, „ქუთაისის დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორის ანა შალიკიანის ინფორმაციით, უკვე დაფინანსდა 10-მდე პროექტი, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შინაარსის გავრცელებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში.
არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის მიუხედავად, რადიო თავისუფლების რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა და ამ მიმართულებით მეტი ძალიხმევა მართებს სხვადასხვა სტრუქტურას, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობას.
რადიო თავისუფლების რესპონდენტების აზრით, აუცილებელია გახშირდეს საჯარო შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები, მედიასაშუალებების დახმარებით.