Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ღრმა და ყოვლისმომცველი?


ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე, რომელმაც, ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა უნდა განამტკიცოს. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომლის შესახებაც მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარი გაგრძელდა, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს უფრო ადვილად შეიტანოს საქონელი და მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველოს მთავრობაში არ მალავენ კმაყოფილებას ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების გამო. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფალი სავაჭრო სივრცის გახსნა საფუძველს ჩაუყრის ვაჭრობასთან დაკავშირებული არაერთი მექანიზმის რეფორმირებას საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, საუბარია საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჰიგიენური სტანდარტებისა და წარმოების მარეგულირებელი წესების ევროკავშირის წესებთან დაახლოებაზე. ევროკავშირთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას დადებითად გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ ასევე საქართველოში ნაწარმი პროდუქციისა და მომსახურებისათვის ტექნიკური ბარიერების მოხსნას ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად“.

უნდა მოხდეს ამ ტექსტის თარგმნა ევროკავშირის ყველა ენაზე, უნდა მოხდეს მათი იურიდიული თვალსაზრისით გადამოწმება ამ ტექსტების და ეს არის ტექნიკური ხასიათის პროცედურა, რომელიც დასრულდება ვილნიუსის სამიტამდე...
მაია ფანჯიკიძე
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა აამაღლებს ქართველი მომხმარებლის უსაფრთხოების ხარისხს, ხოლო ღია და სტაბილური გარემოს შექმნა ხელს შეუწყობს ევროპიდან პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას, თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკის თქმით, ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, რომლებიც, წესით, ვილნიუსის სამიტამდე უნდა დასრულდეს:

„უნდა მოხდეს ამ ტექსტის თარგმნა ევროკავშირის ყველა ენაზე, უნდა მოხდეს მათი იურიდიული თვალსაზრისით გადამოწმება ამ ტექსტების და ეს არის ტექნიკური ხასიათის პროცედურა, რომელიც დასრულდება ვილნიუსის სამიტამდე. ეს შეთანხმება არის ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ერთად მოხდება მათი პარაფირება“.

მდგრად ვაჭრობაზე ზეგავლენის შეფასების შესახებ ევროკავშირის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს 12%-ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტს 7.5%–ით გაზრდის. გარდა ამისა, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრულად განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 4,3%–ით, ანუ 292 მილიონი ლარით. ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას ორი ფაქტორი განაპირობებს:

„საქართველო ხდება ინვესტირებისათვის საინტერესო სივრცე. ერთია, რომ ქართული კომპანიების მხრიდან მოხდება საექსპორტო პოტენციალის ზრდა, მეორე კიდევ ის, რომ ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოში ფულის ჩადებითა და აქ პროდუქციის წარმოებით, რადგანაც საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან. ეს შეიძლება იყვნენ აზიური კომპანიები ან ინვესტორები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება და წვდომა ევროპულ ბაზარზე“.

ხარისხის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა, შედის საქართველოს ინტერესებში, რადგანაც ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უხარისხო პროდუქცია ვერასოდეს იქნება კონკურენტუნარიანი და, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის დამატებითი სტიმული...
თენგიზ ფხალაძე
ირაკლი ლექვინაძე იმასაც ამბობს, რომ საქართველო დღემდე სარგებლობს ევროკავშირთან ვაჭრობის შეღავათიანი, ანუ ეგრეთ წოდებული"GSP+" რეჟიმით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 7200-მდე დასახელების პროდუქტის ექსპორტი ნულოვანი საბაჟო გადასახადის პირობებში განახორციელონ, თუმცა ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ ქართველი მეწარმეები ამგვარი შეღავათით, როგორც წესი, არ სარგებლობენ. „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის თქმით, თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ისევე როგორც „GSP+“ რეჟიმი, საქართველოსათვის მიცემული ერთგვარი შესაძლებლობაა, რომელიც სათანადო რეალიზაციას საჭიროებს. წარმატების უმთავრესი პირობა კი პროდუქციის ხარისხი და მასზე კონტროლია.

„ხარისხის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა, შედის საქართველოს ინტერესებში, რადგანაც ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უხარისხო პროდუქცია ვერასოდეს იქნება კონკურენტუნარიანი და, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის დამატებითი სტიმული და ძალიან სერიოზული შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისათვის, მათ შორის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვისაც, იმიტომ რომ ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირება, საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და იქმნება ახალი საწარმოები“, უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.

თენგიზ ფხალაძე იმედოვნებს, რომ ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე პარაფირება მოხდება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა, რომელიც მოიცავს ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. მოვლენები რომ ამგვარი სცენარით განვითარდება, არც საქართველოს საგარეო უწყებაში ეეჭვებათ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG